ავტორი:

7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად

7 პროდუქტი, რომელიც მადას აქვეითებს - ლაშა უჩავას რეკომენდაციები ახალ წელს მომატებული კილოგრამების დასაკლებად

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ასეთ დროს უმეტესობა ექიმსაც მიმართავს.

ექიმს AMBEBI.GE-მაც მიმართა - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა გვესაუბრება, როგორ მოვიცილოთ ახალ წელს დაგროვილი კილოგრამები, როგორ დავიქვეითოთ შიმშილის გრძნობა და დავუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდ რიტმს.

"საქართველოში, როგორც ყველა დღესასწაულს, ახალ წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ, განსხვავებული და მრავალფეროვანია კერძები.

საახალწლო სუფრა გაჯერებულია ნიგვზიანი, ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი პროდუქტებით. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ საახალწლო დღეებში 4-5 კილოგრამს იმატებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ ზომიერებას, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, გავაკეთოთ განტვირთვის დღეები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ და არ დარჩეს მიღებული ცხიმები და კალორიები ჩვენს ორგანიზმში.

საერთოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მეტად გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც ცნობილია, რომ მადას უფრო აღვივებს. შესაბამისად, მოთხოვნილება საკვებისადმი იზრდება.

ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც.

ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.

გარდა ამისა, დარიჩინს აქვს ბევრი დადებითი თვისება: ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე და ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას, ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. დარიჩინი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

- რა ფორმით უნდა მივიღოთ დარიჩინი: ჩხირები ჩაიში ჩავაგდოთ, თუ დაფქვილი ამა თუ იმ საკვებს მოვაყაროთ?

- ორივენაირად შეიძლება. რაც მთავარია, არომატულია და მისი ყავაზე ზემოდან მოყრა არ არის ურიგო. შეგვიძლია, დარიჩინს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დამატკბობლად ნატურალური თაფლი. მიღებული სითხე ლიმნის წვენით გავაჯეროთ, რომ არომატიც მივცეთ.

ასევე მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. მადას ესეც აქვეითებს, რადგანაც ვიცით, ჯანჯაფილს მადის დამაქვეითებელი ეფექტი აქვს, ამასთან, ჯანჯაფილს აქვს უნარი, ორგანიზმს ენერგია იმისთვის შეჰმატოს, რომ თავი სუსტად არ ვიგრძნოთ.

- თუმცა ცნობილია, რომ ჯანჯაფილი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. რა რაოდენობით უნდა მივიღოთ, ეს რომ არ მოხდეს?

- ჩაიში, ნაყენის სახით უნდა გამოვიყენოთ და არა საკვებ პროდუქტებში. შესაძლებელია 2 ნაჭერი, თხლად დაჭრილი ჯანჯაფილი ერთ ულუფა ჩაიში. მოვათავსებთ ჭიქაში, დავასხამთ წყალს, ჩავაგდებთ დარიჩინის ჩხირს და მის ნაყენს, როგორც ჩაის მივიღებთ.

ჩაის ნაყენსაც შეიძლება დარიჩინი და ჯანჯაფილი დავუმატოთ და ასეთი სახით დღის განმავლობაში 1-2 ფინჯანი მივიღოთ.

- ჯანჯაფილის გარდა კიდევ რა პროდუქტს აქვს იგივე ეფექტი?

- ასეთი პროდუქტებს შორის, შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება, ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ის 30 %-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში, სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ეს დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, მადის დასაქვეითებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმის შემცველი პროდუქტია, ასევე შეიცავს მეტ ცხიმოვან მჟავებს "ომეგა 3"-ს და "ომეგა 6"-ს, რომლებიც ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, ზრდის ნივთიერებათა ცვლას.

თხილში და ზოგადად თხილეულში არის დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინი, რაც ნერვული იმპულსების სტიმულაციას ახდენს, ეს, თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მნიშვნელოვანია ასევე მასში შემავალი ვიტამინი E - ის დანაყრების შეგრძნებას უზრუნველყოფს და გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და ფრჩხილების სტრუქტურაზე. იმავეს თქმა შეიძლება ნუშზე, ნიგოზზე და მიწის თხილზე, რომლებიც ასევე აქვეითებს მადას.

- ბოსტნეულზე რას გვეტყვით?

- ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ბოსტნეულის წვენი, ეს შეიძლება გამოწურული ე.წ. ფრეში, ან უბრალოდ ბოსტნეულის ნახარში იყოს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, მადის დაქვეითებას და უზრუნველყოფს კუჭ-ნაწალავის ტრაქტის გამართულ მუშაობას.

ამასთან, კოფეინის შემცველობის გამო, შეგვიძლია განვიხილოთ მწვანე ჩაიც. ის, კოფეინთან ერთად შეიცავს ე.წ. ნივთიერება კატეხინს, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, ასევე ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

კვლევებით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაი 20-25 %-ით ორგანიზმში აუმჯობესებს მეტაბოლურ ცვლას და აქვეითებს მადას

თითოეული ჩამოთვლილი პროდუქტი მდიდარია ცელულოზით, ანუ უჯრედისით, მდიდარია სხვადასხვა მინერალით და ვიტამინით, რაც ჩვენს ორგანიზმში მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

თუ ამ მითითებებს ვერ ვიცავთ, რა თქმა უნდა, სწორი კვების შემთხვევაში ვამატებთ გარკვეულ ფერმენტებს იმისთვის, რომ კუჭნაწლავის ტრაქტმა იმუშავოს, გვიწევს გარკვეული მინერალების და ვიტამინების დამატებაც იმისათვისაც, რომ მადა დავაქვეითოთ.

- ვიტამინები წონის მომატებას არ უწყობს ხელს?

- ეს კითხვა პაციენტებისგან ხშირად ისმის, როცა მულტივიტამინების კომპლექსს ვუწერთ - დიეტის დროს, ხომ არ გამასუქებს? რიგ შემთხვევაში, მადის გაზრდას სწორედ ვიტამინების დეფიციტი იწვევს, რაც საბოლოო ჯამში ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვიტამინების დამატება კვებაში არის იმისთვის, რომ დავაქვეითოთ მადა, არ იყოს შიმშილის შეგრძნება და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლა იყოს ადეკვატური.

7 პროდუქტი, რომელიც მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ

  • დარიჩინი
  • ჯანჯაფილი
  • ყავა
  • მწვანე ჩაი
  • თხილი
  • ნუში
  • ნიგოზი