ავტორი:

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

როგორ ატყუებენ საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს და რა უნდა იცოდეთ თუ სამუშაოდ წასვლას აპირებთ

ემიგრაციაში საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ადამიანების რიცხვი კი ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია რომ, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობენ და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

თუმცა, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. "დამსაქმებლების" თაღლითური სქემის მსხვერპლნი ხდებიან. AMBEBI.GE რამდენიმე ასეთ ადამიანს ესაუბრა - ერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი ფიზიკურმა პირმა მოატყუა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფულის გამომძალველი იურიდიული პირი, საშუამავლო კომპანია აღმოჩნდა.

ერთ-ერთი დაზარალებული ნათია ომანაძე გვიყვება, რომ მისმა მეუღლემ პოლონეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, ამიტომ ოჯახმა დაიწყო შუამავალი პირების მოძიება, ვინც ამაში დაეხმარებოდათ.

"ახლობლებმა ხაშურელ ქალბატონთან დაკავშირება გვირჩიეს, რომელიც მათი თქმით, ევროპის ქვეყნებში სამუშოდ უშვებდა ადამიანებს, მათთვის დამსაქმებელ კომპანიებს იძიებდა და დასაქმებას უზრუნველყოფდა. ამ ქალბატონს შევხვდით, ვესაუბრეთ, საკმაოდ კარგი პირობები შემოგვთავაზა. რომ ჩავიდოდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, იქ უნდა დახვედროდა დამსაქმებელი, დაეკვალიანებინა, წაეყვანა კომპანიაში და დაპირებისამებრ დაესაქმებინა. ეს პირობები ხელშეკრულებაშიც ჩადო, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი და გადავუხადეთ 500 ლარი.

როდესაც ჩავიდა ჩემი მეუღლე პოლონეთში, მას მართლაც დახვდა იქ ერთი პირი, რომელმაც სასტუმროში მიიყვანა, თუმცა დასაქმების ნაცვლად იქ დატოვა და გაუჩინარდა. არც ენა იცოდა ჩემმა მეუღლემ, არც იმდენი თანხა ჰქონდა, რომ გზა უპრობლემოდ გაეკვლია. დღეების განმავლობაში მოუწია ღამეების ქუჩაში გათევა, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში გადასვლა.

ჩვენ ვუკავშირდებოდით შუამავალ ქალს და ვთხოვდით პასუხს იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ის არც რეაგირებდა. რომ არ გავჩერდით, ამ ქალმა დარეკა პოლონეთში, რის შემდეგაც უცხო პირმა მიაკითხა ჩემს მეუღლეს და სამუშაოზე მოწყობის მიზნით პოლონეთში, მიუვალ პერიფერიაში წაიყვანა, დაასაქმა "ცეხში" სადაც გაუსაძლის, მონურ პირობებში მოუწია ცხოვრება, სადაც არ იყო არც კვების და არც ჰიგიენის არანაირი პირობები, ზოგჯერ არ უხდიდნენ კუთვნილ ხელფასსაც" - ამბობს დაზარალებული ნათია ომანაძე.

თითქმის მსგავს ისტორიას ყვება ქუთაისში მცხოვრები ლუსიანე თორიას ოჯახიც. საზღვარგარეთ დასაქმების ერთ-ერთმა ფირმამ მამაკაცს პოლონეთის ქალაქ პოზნანში რესტორანში მზარეულის მოადგილედ დასაქმება და მაღალი ხელფასი შესთავაზა. დასაქმების მსურველსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ თორიას რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მონურ პირობებში და თვეში 250 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მოუხდა. მამაკაცის მეუღლე ლამარა კვერნაძე ამბობს, რომ დასაქმების კომპანიამ მისი მეუღლე მოატყუა. მისივე თქმით, მამაკაცს საკვებად მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს და პატარა თეფშით ბრინჯს აძლევდნენ. იმის გამო, რომ მას სამშობლოში გამოსამგზავრებელი თანხა არ ჰქონდა, იძულებული გახდა კაბალურ პირობებში გაეგრძელებინა მუშაობა.

როგორ არეგულირებს საქართველოში კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის საკითხებს?

შრომითი მიგრაციის საკითხებს სქართველოში ძირითადად 2015 წელს მიღებული „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი არეგულირებს, არსებობს სხვადასხვა ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებები თუ კონვენციებიც.

წესით „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი“ უნდა უზრუნველყოფდეს სფეროს სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებასა და სანქცირების ეფექტური მექანიზმების არსებობას, რაც დაიცავდა მოქალაქეებს თაღლითურ სქემებში ჩაბმისგან. თუმცა, რეალურად ეს კანონი ფუნქციას ვერ ასრულებს. კანონი ავალდებულებს დამსაქმებლებს დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები. თუ დამსაქმებელი არ დარეგისტრირდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მისი დასჯის ერთადერთი მექანიზმი არის ჯარიმა 500 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო 1 000 ლარიანი ჯარიმა მეორე ჯერზე. რა ხდება მესამე, მეოთხე ან თუნდაც მეოცე ჯერზე, ეს კანონით არ არის განსაზღვრული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს მონიტორინგისა და დანაშაულის გამოვლენის მექანიზმებიც.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ კანონმდებლობა სრულყოფას საჭიროებს და აცხადებენ, რომ სახელმწიფო იწყებს სისტემური და ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას ამ კუთხით.

ერთი თვის წინ შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში მიგრაციის საკითხთა სამმართველო შეიქმნა. როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობა, რათა საზღვარგარეთ დასაქმების მსურველმა პირებმა ლეგალურად შეძლონ ღირსეულ სამუშაო პირობებში დასაქმება.

"ყველას, ვინც უცხოეთში სამუშოდ წასვლას დააპირებს, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ჩვენს დეპარტამენტში და მიიღოს ამომწურავი და უტყუარი ინფორმაცია ვაკანსიებისა თუ ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მას დააინტერესებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ინფორმირებულობას, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და უსიამოვნებები. რაც შეეხებათ დამსაქმებლებს, კანონით ისინი უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები და ისე აწარმოონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ჯარიმები მოქმედებს. ეს არ არის საკმარისი სანქცია, შესამუშავებელია მონიტორინგის და ანალიზის მექანიზმებიც, ჩვენ ამაზე ვიწყებთ მუშაობას" - აღნიშნავს ჯგერენაია.

ელზა ჯგერენაიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშოდ ოფიციალურად 500-მდე პირია წასული. კანონის სრული დაცვით საქართველოდან გასული მოქალაქეების სრულყოფილი მაჩვენებელი, ცხადია, ეს არ არის. რაც შეეხება დამსაქმებელ კომპანიებს, ასეთი სულ 50-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, მაგრამ არც ერთი ფიზიკური პირი.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე პრობლემას მოქალაქეების სიფრთხილის ნაკლებობასა და არაინფორმირებულობაშიც ხედავს.

„მოქალაქეები რისკავენ და ხშირ შემთხვევაში იძულებულები არიან წავიდნენ არალეგალურად, რაც გამოწვეულია ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონით. ძირითადად ხდება ისე, რომ ისინი სხვა მოლოდინებით მიდიან და იქ სულ სხვა სიტუაცია ხვდებათ, გაცილებით მძიმე. მაგრამ უკან ვერ ბრუნდებიან და უწევთ დათანხმება უმძიმეს პირობებზეც. ამიტომ აუცილებელია, რომ თავიდანვე მაქსიმალურად განსაზღვრონ, ვისი მეშვეობით საქმდებიან, რას სთავაზობენ დამსაქმებლები რეალურად. გამგზავრებამდე ყველა მაქსიმალურად უნდ აეცადოს, რომ თავიდანვე გადაამოწმოს ინტერნეტის საშუალებით რეალურად არსებობს თუ არა ის კომპანია, რომელშიც დასაქმებას სთავაზობენ, მიწერონ ამ კომპანიას და გაარკვიონ მართლაც ჭირდებათ თუ არა ის ვაკანსია, რაზეც მას უშვებენ" - განაცხადა ლაშა ლაბაძემ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებთ - შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის რეკომენდაციები

  • იყავით ინფორმირებული

ზუსტად გაიგეთ რასთან გაქვთ საქმე. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს, რომ შეძლებს უცხო ქვეყანაში ჩავიდეს, სამსახური იშოვოს და დარჩეს. ეს უდიდესი შეცდომაა, რაც შემდგომში ბევრ პრობლემებს შეგიქმნით.

  • იცოდეთ რეგულაციების შესახებ

მოქალაქეებმა აუცილებლად წინასწარ უნდა გაიგონ, რა რეგულაციები მოქმედებს იმ ქვეყანაში, სადაც სამუშაოდ წასვლას აპირებენ, რა არის საჭირო მუშაობის დასაწყებად. აქვე უნდა ითქვას, ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, მუშაობისთვის აუცილებელია სპეციალური ნებართვა, რის გარეშეც მუშაობის უფლება არ გექნებათ.

თუ, საზღვარგარეთ დასაქმებაში შუამავალი კომპანია გეხმარებათ, დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად მოიპოვა თქვენთვის სამუშაო ნებართვა.

  • დადეთ ხელშეკრულება!

აუცილებლად დადეთ ხელშეკრულება შუამავალ კომპანიასთან, სადაც გათვალისწინებული იქნება: ის მოვალეობები, რაც სამუშაოზე უნდა შეასრულოთ; დასვენების დღეები, ანაზღაურების წესი. თუ დამსაქმებელი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ხელშეკრულება იქნება დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ უფლებების დაცვაში.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

თბილისის რომელ ქუჩებზე ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მანქანების საპირისპირო მიმართულებით

სახალხო დამცველი: "ფსიქიატრიულის პაციენტს ორსულობა ვერ დაუდგინეს და ქალმა 37 კვირაზე საპირფარეშოში იმშობიარა"