ავტორი:

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

"ბინაში დაგროვილი გაზის აფეთქება, შეიძლება ტელეფონის ზარმაც გამოიწვიოს" - უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების და რეკომენდაციების შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, თუ ბინაში არავინ არ არის მთელი დღის მანძილზე (ერთ-ერთი ვერსიით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილას, გაზის დაგროვება დაკეტილ ბინაში მოხდა, სადაც არავინ ცხოვრობს), ენერგეტიკოსი პასუხობს:

"დავუშვათ, გაზმა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას 9%-ის ფარგლებში, ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გაისმა ხმაური - ამასაც კი შეიძლება გამოეწვია აფეთქება. ან დარეკა სახლის ტელეფონმა - ესეც საკმარისია, რომ აფეთქება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ხდება თვითაფეთქებაც, ანუ ისეთი კონცენტრაციაა უკვე, რომ თვითონ შეუძლია მოლეკულებს აფეთქდეს. ეს ძალიან რთული პროცესია... როცა საცხოვრებელ კორპუსში ლიფტია, სადარბაზოში ვიღაც მოძრაობს, ან ისმის ტელეფონის ხმა, დაგროვილი გაზის აფეთქების უამრავი მიზეზი არსებობს.

მივმართავ მოსახლეობას, საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები! თუ გამოძახება ვერ ხერხდება, დაუყოვნებლივ უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, იქ არ შეიძლება გაზის ექსპლუატაცია და აუცილებლად უნდა დაიკეტოს" - აღნიშნა გია არაბიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად უსაფრთხოა სადარბაზოში გაყვანილი მილები, ენერგეტიკოსის თქმით, ხშირ შემთხვევაში სადარბაზოს ფანჯრები არ არის ჰერმეტული და იქ შეუძლებელია გაზის დაგროვება მოხდეს. ასე რომ, სადარბაზოში აფეთქების შემთხვევა იშვიათად არის, უფრო სახლიდან ხდება აფეთქება. მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია, გაზის მილი დამონტაჟებისას გაყვეს კედელს გარედან. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად დაცულია, თუ რაიმე პრობლემა მოხდება მილში.

"თუმცა, არის კორპუსები, რომელსაც არ უხერხდება გარედან მილის გაყვანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სადარბაზოებში გაყვანა, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ მიდის სადარბაზოდან სახლში გაზის მოწყობილობამდე. გაზის მილიდან, ყველა შემთხვევაში უნდა მოხერხდეს გაზის მიყვანა გაზის ხელსაწყოსთან, სხვა სათავსოების გავლის გარეშე" - ამბობს ენერგეტიკოსი და სახლში დამონტაჟებული ცენტრალური გათბობის ქვაბებისა თუ გაზის გამაცხელებლების შესახებ დასძენს:

"თუ წვისთვის საჭირო ჰაერის შეწოვა ხდება გარედან და ნამწვის გატყორცნაც ხდება გარედან, ეს შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოსთან მიახლოებულთან. თუმცა, ის წყალგამაცხელებელი, რომელიც ღია სისტემით მუშაობს - ანუ ჰაერს მოიხმარს ოთახიდან და ნამწვსაც იქვე უშვებს, არავითარ შემთხვევაში მისი დაყენება არ შეიძლება!

წყალგამაცხელებლების ერთი სერიოზული პრობლემაა ის რომ, გაზის და წყლის წნევის მიხედვით, შესაძლოა წვა შეწყდეს. ანუ თუ, წყალი ცხელი მოდიოდა და გაცივდა, ეს ნიშნავს რომ გაზის მიწოდება შეწყდა და გაზი წვის გარეშე გროვდება. იმ წუთშივე უნდა გამორთოთ მოწყობილობა და გაანიავოთ ოთახი!

თუ ერთი საათის განმავლობაში მაინც, სახლში გაზის მოწყობილობა მუშაობს (არ აქვს მნიშვნელობა გაზქურაა თუ წყლის გამაცხელებელი), გააღეთ ფანჯარა 5 წუთით და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში! აადუღეთ ჩაიდანი, გააკეთეთ სადილი და ვთქვათ 40 წუთი გქონდათ ჩართული გაზქურა, გააღეთ და გაანიავეთ. აქ რომ ყველაფერი ღია ყოფილიყო, ეს აფეთქება ვერ მოხდებოდა" - ამბობს გია არაბიძე.

ენერგეტიკოსის რჩევით, მოქალაქეებმა სახლში აუცილებლად უნდა დაამონტაჟონ ბუნებრივი აირის დეტექტორი, რომელიც გაზის მცირე კონცენტრაციაზეც კი იძლევა ხმოვან სიგნალს.

ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები

დეველოპერული კომპანია აქსისი პალასების მშენებლობის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

"ტრაილერი უკნიდან დასჯახებია და, დაახლოებით, 150 მეტრზე წაუღია მიკროავტობუსი" - რას ყვებიან გორის ავარიისას დაღუპული ილია გაწერელიას ახლობლები