ავტორი:

"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში

"ხელფასმა მხოლოდ 3 დღით დაიგვიანა, ტექნიკური საკითხია" - რას პასუხობენ მსახიობებს თეატრებსა და კულტურის სამინისტროში

გუშინ სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი ყიფშიძის სტატუსი გავრცელდა, სადაც იგი აღშფოთებას გამოთქვამდა თეატრში დაგვიანებული ხელფასის გამო.

"არაფერი საინტერესო არ ხდება, ხელფასს თავის დროზე არ გვაძლევენ და საერთოდ ამ მთავრობას მოვუ..ან დილეტანტი დედები. გულის ამრევები ესენი", - დაწერა ყიფშიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სოციალურ ქსელში მსახიობის განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოგვიანებით მან სტატუსი წაშალა, თუმცა საზოგადოებაში მაინც გაჩნდა გაურკვევლობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზურა და გიორგი ყიფშიძეები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კლიპის მონაწილეები იყვნენ და აქტიურად უჭერდნენ მხარს "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს.

  • "ბევრი რამ დაგროვდა და გიორგი სამართლიანად გაბრაზდა..." - რატომ აგინა მთავრობას გიორგი ყიფშიძემ და რას ამბობს შვილზე ზურა ყიფშიძე

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იგივე პრობლემაზე ისაუბრა ზურა ყიფშიძემაც. დაგვაინტერესა როგორი ვითარებაა თეატრებში, რატომ იმყოფებიან მსახიობები რთულ სიტუაციაში და განმარტებისთვის განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. პრესსამსახურის თანამშრომელმა, ანუკი კანკიამ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"ყოველი წლის დასაწყისში სამინისტრო თეატრების საშტატო ნუსხას ამტკიცებს. შესაბამისად, ეს არის პროცედურული, ტექნიკური საკითხი. დღეს უკვე ეს საშტატო ნუსხა დამტკიცებულია და მინისტრს ხელი აქვს მოწერილი. თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გაფრთხილებულები არიან, მათ საშტატო ნუსხა უკვე გატანილი აქვთ. დღეს ან ხვალ ყველა მათგანს ჩაერიცხება ხელფასი. ტექნიკური საკითხია - ზოგს დღეს დაუჯდება ანგარიშზე, ზოგს ხვალ... უახლოეს ორ დღეში ყველა თანამშრომელს ექნება ხელფასი ჩარიცხული. მათ ხელფასი ყოველი თვის ოც რიცხვში ერიცხებათ და მხოლოდ იანვარში ხდება ოდნავი შეფერხება, როცა ორ-სამ დღეზეა სულ საუბარი. არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არცერთ თეატრს პრეტენზიით არ მოუმართავს, რადგან წელიწადში ერთხელ ხდება ასე. შეიძლება ისე მოგვარდეს, წელიწადში ერთხელაც არ მოხდეს ეს შეფერხება", - აცხადებს ანუკი კანკია.

ვინაიდან ზურა ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში მოღვაწეობენ, ჩვენ ამ თეატრის პრესსამსახურსაც მივმართეთ, თუ რა ვითარებაა თეატრში.

სოფო სიხარულიძე:

- ყოველი თვის ოც რიცხვში ირიცხება ხელფასები და ამ თვეში დღეს, ანუ 23 იანვარს ჩაგვერიცხა. რაც შეეხება გიორგი ყიფშიძის პოსტს, ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრება გამოხატოს. ბუნებრივია, არავის არ უხარია ხელფასი რომ იგვიანებს. თუმცა წინასწარ ვიცოდით, შეფერხება რომ იქნებოდა და მეტ-ნაკლებად შეგუებული ვიყავით. ადამიანურად თუ დაიჩივლებს ვინმე, ესეც არ არის გასაკვირი. მართალია, სულ ორ-სამ დღეზეა საუბარი, მაგრამ როდესაც საბანკო ვალდებულებები გარკვეულ თარიღზე აქვთ აწყობილი, ზოგიერთი ხელფასის დაგვიანებას უფრო მეტად განიცდის. რეაქცია ყველას აქვს მეტ-ნაკლებად და მხოლოდ ჩვენს თეატრში კი არა, სხვა თეატრების თანამშრომლების სტატუსებიც გვინახავს. ჩვენს თეატრში რამე განსაკუთრებული რომ ხდებოდეს, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

AMBEBI.GE ასევე რუსთაველის თეატრის იურისტს, ლაშა გოგინაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ხელფასი დღეს ჩაირიცხა და ერთ ადამიანსაც არ მიუმართავს ბუღალტერიისთვის პრეტენზიით. იგივე სიტუაციაა მარჯანიშვილში თეატრში, სადაც აცხადებენ, რომ სრული სიმშვიდეა და სამი დღით დაგვიანებულ ხელფასს არანაირი პრობლემა არ მოჰყოლია.

ანიტა რაჭველიშვილის რომანტიკული არდადეგები იტალიაში - ფოტოები ამალფის სანაპიროდან

"პორტო" - ახალი კლუბი ბათუმში, რომელიც აჭარაში მყოფ მელომანებს, გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკით, თავს დაამახსოვრებს

განახლებული "როკვა ფესტივალი" სტუმრებს შაორის წყალსაცავთან უმასპინძლებს