ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომერი #2(98), რომელშიც წაიკითხავთ:

კოლხეთი და ეგვიპტე უძველეს წყაროებში

«კოლხები ეგვიპტელები არიან - ამას მე თვით მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები... მხოლოდ ესენი და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთისა», - ასე გააცნო 2500 წლის წინ ისტორიის მამად წოდებულმა ჰეროდოტემ კოლხები მაშინდელ მსოფლიოს. განთქმული ბერძენი ისტორიკოსი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანუ კოლხების წინაპრებად ეგვიპტელებს მიიჩნევდა.

კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ საუბრობენ სხვა ავტორებიც. მაგალითად, ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრის პოეტი გაიუს ვალერიუს ფლაკუსი თავის პოემაში «არგონავტიკა», რომელიც ბრიტანეთში ვესპასიანეს ლაშქრობას ეძღვნება, აღწერს კოლხთა დიდებულ ტაძარს და გადმოცემს ამბავს სესოსტრისის ლაშქრობისა და კოლხთა ეგვიპტური ფესვების შესახებ.

კოლხთა ეგვიპტურ ფესვებზე საუბრობს ძვ.წ. III საუკუნის ეპიკოსი პოეტი აპოლონიოს როდოსელი. სკიმნეც ამბობს «აზიაში», რომ კოლხები ეგვიპტელთაგან არიან წამოსული. ამდენად ის, რაც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ხელაღებით უარყო, ძველ სამყაროში საკმაოდ პოპულარული იყო. ვფიქრობთ, საკითხი მეტ ყურადღებასა და შესწავლას იმსახურებს. ძველი კოლხეთის იდუმალი და ძალიან საინტერესო ისტორია მომავალში არაერთ აღმოჩენას გვპირდება...

ქართლ-კახური ისტორიები. «მარშლიაანთ ხარჯები» / როგორ უხდიდნენ «საქრთამო ხარკს» რუსეთის მიერ საქართველოში დანიშნულ მოხელეებს

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. თუმცა, ამ აქტის ავტორი, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ცდილობდა ისე წარმოეჩინა, თითქოს ამით საქართველო უფრო მეტ სარგებელს იღებდა, ვიდრე რუსეთი და ეს გაჭირვებაში ჩავარდნილი ერთმორწმუნე ქვეყნისადმი კეთილშობილური ჟესტი იყო. არანაკლებ «კეთილშობილი» მისია ჩანს იმპერატორის მიერ საქართველოში პირველ ხელისუფლად დანიშნული კარლ კნორინგის განცხადებაშიც. მანიფესტის თანახმად, «საქართველოს მმართველობის» ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე რუსი მოხელეები დაინიშნენ. უმეტესობამ მალევე გამოამჟღავნა უგვანი დამოკიდებულება ყოველივე ადგილობრივის მიმართ და მიუხედავად კნორინგის «სამართლებრივი გარანტიებისა», მექრთამეობით, ლოთობითა და ყოველგვარი მანკიერი თვისებებით გამოიჩინა თავი. ამ ფაქტმა მათ მომხრე და მეხოტბე ადგილობრივ მოსახლეობაშიც კი დიდი იმედგაცრუება და შიში გამოიწვია.

ჩვენამდე მოღწეულია ლუარსაბ თარხნიშვილის 1835 წლის ივლისით დათარიღებული დანახარჯის ნუსხა, რომელიც წარმოადგენს საჩივარს და წარდგენილია მაღალი თანამდებობის პირისადმი. ნუსხიდან ნათლად ჩანს, ვინ ფლობდა იმდროინდელ საქართველოში სავაჭრო სიმძლავრეებს და რა იყო მათი ყიდვა-გაყიდვის სუბიექტი თუ ობიექტი, სამაგიეროდ, მათგან შეძენილი საჩუქრები, პროდუქტი და ქრთამი მთლიანად რუსი ჩინოვნიკებისთვის არის განკუთვნილი... ამ დოკუმენტებიდან ცხადი ხდება რუსი ჩინოვნიკების ბიუროკრატიზმი, მექრთამეობა, მათი გადაჭარბებული მიდრეკილება ღრეობის, «ოტკისა» და ღვინისადმი, რაც მძიმე ხარჯად აწვებოდა ქართველ მოსახლეობას.

ვისენტე ფეოლას აღზევება და დაცემა

ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატში 1966 წელს ბრაზილიის თამაშების დასრულების შემდეგ, აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა დემონსტრაცია მოაწყვეს ტრანსპარანტებით: «სიკვდილი ფეოლას!» მათ სახალხოდ დაწვეს მწვრთნელის ტიკინა, შემდეგ მისი სახლისკენ გაემართნენ და დაარბიეს კიდეც. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მღელვარებამ იკლო, ევროპას თავშეფარებულმა ფეოლამ შინ დაბრუნება შეძლო. ერთხანს ქუჩაში საერთოდ ვერ გამოდიოდა და კიდევ ორ წელიწადს მხოლოდ დაცვის თანხლებით მოძრაობდა. არადა, ლაპარაკია კაცზე, ვისაც «ტორსიდა» აღმერთებდა და ადიდებდა; რომლის თავკაცობითაც ბრაზილიამ პირველად შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ეროვნულ გუნდს ფეოლა სათავეში შვედეთის 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაუდგა. ის მალე დარწმუნდა ტაქტიკური სქემის შეცვლის აუცილებლობაში და საკუთარი თამამი იდეა მინდორზე გადაიტანა. საფეხბურთო სამყარომ ახალი ტაქტიკური სქემა იხილა.

ინგლისის 1966 წლის ფიასკოს ფეოლა უკვე ევროპაში გამოფრენამდეც ვარაუდობდა: «რატომ? იმიტომ რომ ჩვენ, ბრაზილიელებს, თავში აგვივარდა წარმატება. გვეგონა, გამარჯვება ჯიბეში გვედო, მხოლოდ ხელი უნდა გაგვეწოდა და თასიც ჩვენი გახდებოდა! ეს მხოლოდ გუნდს კი არ დამართნია, ამით მთელი ერი იყო დაავადებული. მორიდება დავკარგეთ, საკუთარი უძლეველობის დავიჯერეთ. გაზეთები გამარჯვებაზე ისე წერდნენ, თითქოს ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო...»

ლაშთხვერის თარინგზელის საკვირველი ფრესკები

ზემო სვანეთი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთის გამორჩეული მხარეა როგორც ბუნების სილამაზით, ისე მშვენიერების აღქმის თავისებურებით, რომელიც ქართული ხელოვნების ორგანულ ნაწილად იქცა. ძირითადად მცირე ზომის, დარბაზულ, გარეგნულად სადა ეკლესიებში დაცულია სრულიად განსაკუთრებული კედლის მხატვრობის ნიმუშები.

ლაშთხვერის მთავარანგელოზთა ეკლესია ანუ „ლაშთხვერის თარინგზელი“ ლენჯერის თემში მდებარეობს. ტაძრის კედლის მოხატულობაში სპეციალისტები ორ ფენას განარჩევენ. თავდაპირველად, როგორც ჩანს, XIV საუკუნის შუახანებში ეკლესიის საკურთხეველი და კანკელი შეამკეს, ხოლო დარბაზისა და ფასადთა შემკულობა XIV-XV საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს.

ტაძართან მიახლოებისას თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს ექსტერიერის ფერწერით შემკულობა. საფასადე კომპოზიციებს შორის გამორჩეულია ჩრდილოეთ ფასადზე მოცემული ბატალური სცენა „ამირანდარეჯანიანის“ საგმირო ეპოსიდან. ამ საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებით დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში. ფასადზე გამოსახულია ამირანის შებრძოლება ვეშაპსა და ბაყბაყდევთან. აქვე ვხვდებით ამირანის თანმხლებ პირებს - მის თანამებრძოლებს: ბადრის, სეფედავლასა და უსუპს. თითოეული ფიგურა სრული საბრძოლო აღჭურვილობით, ცხენზე ამხედრებულია გამოსახული, აცვიათ ჯაჭვის პერანგი და ხელში ტრადიციული სტილის ფარი და ხმლები უპყრიათ. მათი გამომეტყველება მკაცრია, თუმცა მშვიდი. წერის მანერაში აღმოსავლური მხატვრული მოტივების გავლენა იკითხება... სვანეთის გარდა, საერო ხასიათის სიუჟეტები, თითქმის არსად არ არის შემორჩენილი. ლაშთხვერის მთავარანგელოზთა ტაძარი შუა საუკუნეების ნაკლებად ცნობილი, თუმცა ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული ძეგლია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ახალი ამბები. ინდონეზიაში, მთის ქვეშ, მსოფლიოს უძველესი პირამიდა იმალება?!

ახალი ამბები. ჩინეთში დიდი კედლის გაგრძელება იპოვეს

ახალი ამბები. სოდომი და გომორი კომეტის აფეთქებამ გაანადგურა?!

ახალი ამბები. პომპეის ცხენით თავს ვერ უშველეს

ფოტოისტორია. შეშის მჭრელების ფოტოსესიები სელფის გამოგონებამდე

საცხოვრისი ქართული. ტაო-კლარჯეთის საცხოვრებელი ნაგებობები

ეროვნული ჯილდოთმცოდნეობა - ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან. 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე - ალექსანდრე ორბელიანი ქართული სახელმწიფო ჯილდოების დაწესებას გეგმავდა

უახლესი ისტორია. როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი (დასასრული)

უცნობი ისტორიები. ერთი იმერელი კაცისა და რუსეთის დიდი თავადის საოცარი თავგადასავალი / სპირიდონ ხუჯაძე, როგორც საუკეთესო მძღოლი, «ველური დივიზიის» სარდალს ემსახურებოდა

საბჭოთა წარსულიდან. ლენინის დატირება თბილისურად / ქართველი ბოლშევიკები პროლეტარიატის ბელადის ერთკვირიანი გლოვით მოსკოვს ერთგულებას უმტკიცებდნენ

საჯაშუშო ისტორიები. ვინ მოკლა იაროსლავ გალანი?! / დეტექტივი რეალურ ამბავზე დაყრდნობით

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს