ავტორი:

250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

250 000 ლარის ოდენობის ქრთამი და დაკავებული ჩინოვნიკები - რა სქემისთვის დააკავეს ვაკის გამგებლის მოადგილე და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩატარდა.

სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - განაცხადეს სუს-ში.

ამასთან, სუს-მა გუშინ გააკეთა განცხადება წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილის დაკავების შესახებ, რომელმაც საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო.

უწყების ცნობით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს - თეიმურაზ ჩოჩუას 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი