ავტორი:

"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"

"კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული..." - ნაომარი ქვეყანა, მხედრიონი და 90-იანების თბილისური "საძმოები"

ყველაზე ბნელი, უმართავი და ქაოტური ხანა საქართველოს ისტორიაში - 90-იანი წლები და ამ პერიოდის ბურუსით მოცული ამბები, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. 1991-95 წლებში ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა, არ არსებობდა არანაირი კონტროლი და წესრიგი. ამგვარი მძიმე ვითარების შექმნა, დიდწილად ომმა განაპირობა.

1993 წელს, შევარდნაძის მიერ მიღებული დადგენილებით, იარაღი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა - ომში მონაწილე ყველა პირს, ყველა მხედრიონელს, იარაღი საკუთრებაში გადაეცა და მისი ტარების უფლებაც მიეცა. დღეს ამბობენ, რომ მაშინ ეს კანონი ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანმა მიაღებინა. შედეგად იარაღი არასრულწლოვანი ბიჭების ხელშიც უპრობლემოდ აღმოჩნდა. ისინი, ამ მიზნითაც ეწერებოდნენ მხედრიონში...

მხედრიონი, გიგა არველაძე

ყოფილი მთავარი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც 90-იან წლებში თბილისში პროკურატურის გამომძიებელი იყო, იხსენებს, რომ მას არაერთხელ მოუწია მაშინდელი ქუჩური გარჩევების შედეგად მოკლული ადამიანების საქმეების გამოძიება.

"იმ პერიოდში თბილისში ე.წ საძმოების ჩამოყალიბება განაპირობა საომარმა მოქმედებებმა ცხინვალსა და აფხაზეთში. მათ ჰქონდათ რეალურად კეთილშობილი მიზანი, დაეცვათ სამშობლო, მაგრამ ომიდან მობრუნებულები, იარაღით ხელში იქცნენ კრიმინალებად. ახალგაზრდებს ეგონათ, რომ თუ იქნებოდნენ "საძმოს" წევრები, დაცულები იქნებოდნენ. როცა უკონტროლოა იარაღი, იქ დანაშაულიც დიდია.

1993 წელს ედუარდ შევარდნაძემ ყველას მისცა იარაღის ტარების უფლება, ვინც ომობდა ან მხედრიონის წევრი იყო. მაშინ კაცს ვერ ნახავდი, იარაღი რომ არ ჰქონოდა ჩამოკიდებული. იმას, თუ რატომ არ იჭერდნენ მაშინ "საძმოების" წევრებს, ორი მიზეზი აქვს: ერთის მხრივ ეს შეიძლებოდა ხელისუფლების ლობირება ყოფილიყო, მეორეს მხრივ - ჩვენ გვიჭირდა რეალურად დანაშაულის დამტკიცება.

ყოფილი მთავარი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი

მაშინ არ იყო ვიდეოკამერები და ასე იოლი არ იყო დამტკიცება რაღაცის. ვინმეს უნდა მიეცა ჩვენება. იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეესწრნენ დანაშაულს და ზუსტად იცოდნენ ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ეშინოდათ ჩვენების მიცემა და დანაშაული ხშირად რჩებოდა გაუხსნელი... ერთ-ერთი მახსენდება - ბებურაშვილი გვარად, საბურთალოს ხიდზე რომ გადადიოდა მანქანით, ჩაცხრილეს. ასეთი შემთხვევები იყო ძალიან ხშირი" - იხსენებს ვალერი გრიგალაშვილი.

ე.წ. საძმოების მასიური ჩამოყალიბება ძირითადად ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო. მათ ჰქონდათ იარაღი და თავს ყაჩაღობით, რეკეტითა და დაშინებებით ირჩენდნენ. ზოგიერთი "საძმოს" გავლენები იმდენად დიდი იყო, რომ ქვეყნის მმართველ ძალებამდეც კი აღწევდა. მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს არავინ სთხოვდა. რაც კიდევ უფრო ზრდიდა სერიული, სასტიკი მკვლელობის რიცხვს.

90-იან წლებში თბილისს შიშის ზარს სცემდნენ ვერის, ვაკის და საბურთალოს ე.წ. საძმოები. საბურთალოზე რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა: "კულინარიელები", "იოსებიძელები", "დელისის" და "ნუცუბიძის საძმო", რომელთა წევრები ძირითადად 16-20 წლის ბიჭები იყვნენ. მათ შორის დაპირისპირებები მძაფრსიუჟეტიანი თრილერივით ვითარდებოდა. დაუნდობელმა და გაუაზრებელმა ვენდეტებმა უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა...

ნუცუბიძელები

სისხლისღვრის სერიები "დელისელებსა" და "იოსებიძელებს" შორის დაპირისპირებით დაიწყო. მათ შორის კონფლიქტის საგანი ერთი "საძმოს" წევრის მიერ, მეორე "საძმოს" წევრისთვის “მერსედესის" მარკის ავტომანქანის წართმევა გახდა, 1994 წლის დეკემბრის დასაწყისში "იოსებიძელებმა": იუზა თოფურიამ, სერგი ბუბუტეიშვილმა, ღოღელიანმა და სხვებმა თავიანთ ყოფილ "თანამოძმეს", გიორგი ჯანგირაშვილს, წაართვეს ავტომანქანა "მერსედესი". ჯანგირაშვილი იმ პერიოდისთვის "დელისელებთან" დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა ("დელისელები" იყვნენ: თემურ ქურდიანი, პაატა შატბერაშვილი, მერაბ ჩიხრაძე, ზურა დაფქვიაშვილი, მერაბ დოლიძე, გრიშა კომახიძე, დათო ძებნიაური, გოგა სულაძე...)

ჯანგირაშვილი, რომელიც ღირსებაშელახული დარჩა ავტომობილის წართმევის გამო, შურისძიების მიზნით ღოღელიანს საცხოვრებელი კორპუსის წინ ჩაუსაფრდა. როდესაც შინ დაბრუნებული ღოღელიანი მანქანას აყენებდა, ჯანგირაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და ადგილზევე მოკლა.

"იოსებიძელებმა" მკვლელის ვინაობა მალევე დაადგინეს და "დელისელებს" შეუთვალეს, მოეძებნათ ჯანგირაშვილი და ან თვითონ მოეკლათ, ან მათთვის გადაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმოებს შორის ომი გარდაუვალი იქნებოდა. "დელისელებმა", კერძოდ, გოგა სულაძემ და პაატა შატბერაშვილმა, ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ასე დაიწყო ომი ე.წ თბილისურ საძმოებს შორის...

ასეთი უამრავი ფაქტი მოხდა მაშინ. უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია. ყველა მათგანის გახსენებას რამდენიმე წერილი არ ეყოფა. თუმცა არის რამდენიმე ისეთი გახმაურებული და თავზარდამცემი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რაც 90-იანი წლების ხსენებისთანავე აგონდება ადამიანს. მათ შორის ყველაზე სასტიკი და ენითაღუწერელი ტრაგედია ვერელი თორაძეების საქმეა. თორაძეების 12-სულიანი ოჯახი ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობდა. ზაურ თორაძეს და იზო ქურხულს 10 შვილი ჰყავდათ, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქუჩურ გარჩევებში.

თორაძეების ოჯახი

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება იმ დროს მოქმედი დაჯგუფების „ბოროტებსა“ (რომელიც "მხედრიონის" შემადგენლობაში შედიოდა) და ლაშა თორაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა ახალგაზრდამ 1991 წელს უცნობს ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ.

ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია აუდიოჩანაწერი, რომელიც ძმებ თორაძეებსა და ე.წ. კანონიერ ქურდ პაატა ჩლაიძეს შორის საუბარს აღწერს. ჩლაიძე ძმებს სთხოვს შეურიგდნენ „ბოროტებს“ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე აფრთხილებს. კრიმინალური ავტორიტეტი საუბრის ბოლოს დასძენს - დაპირისპირებული მხარეებიდან, რომელიც პირველი ისვრის და მოკლავს ადამიანს, განადგურდებაო (მოისმინეთ აუდიოჩანაწერი).

ჩლაიძის „დანაპირები“ ასრულდა. პირველად თორაძეებმა გაისროლეს, რის შედეგადაც „ბოროტების“ წევრი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი თორაძეების გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დაიწყო. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე გარდაიცვალა თორაძეების მეგობარი, ძმებს კი ჭრილობები აღენიშნებოდათ. 1992 წლის 3 მარტს, ლაშა თორაძე დედ-მამამ, ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. დაახლოებით 16:00 საათზე თორაძეები ექიმისგან სახლში "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, როცა ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანაში მყოფი ლაშა თორაძე დედ-მამასთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე საკონტროლო გასროლით მოკლეს. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

კახა, ლაშა, იმედო თორაძეები

ამ მკვლელობიდან რამდენიმე წუთში თორაძეების სახლს კრიმინალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ თავს. მეზობლის სახლში, სადაც თორაძეებმა შეაფარეს თავი, "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით მცირეწლოვანი დების თვალწინ დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. დღემდე გაუჩინარებულად ითვლება ზაზა თორაძე, თორაძეების უფროსი ვაჟი, რომელიც სამ მარტს სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა...

მხედრიონელი გიგა არველაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ყვება, რომ მხედრიონელები იმდროინდელი ე.წ. საძმოების მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი, ვინაიდან ისინი მხედრიონელის სტატუსით არასწორად სარგებლობდნენ.

"ვერ ვიტანდით მაგ საძმოებს და დღესაც ვერ ვიტან. ხორცმეტი იყო იმ პერიოდისთვის. მითუმეტეს, როცა ომი დამთავრდა მერე გამოჩნდნენ სამ-სამი იარაღით. რა ასატანია აბა, ომში რომ არ ჩანან და ომი დამთავრდება და მერე შემოგიერთდებიან შეიარაღებული ვაჟკაცები?! ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების ნება, რომ მაგათ ეპარპაშათ.

1992-94 წლებში ქვეყანაში იყო სერიოზული ეკონომიკური ფიასკო, საუბრობდნენ მხედრიონი ძარცვავსო, მაგრამ ბანკებმა მაშინ რომ გაძარცვა ხალხი, ისე არავის გაუძარცვავს. ეს ვიღაცას უნდა დაბრალებოდა, დააბრალეს მხედრიონს, "საძმოებს" მათ შორის. ხელისუფლებამ თქვა, რომ საქართველოში არის არაფორმალური შეიარაღებული მოძრაობები და ამათი ბრალია ყველაფერიო. ამიტომაც ხდებოდა წახალისება საძმოების შექმნის.

ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ დამთავრდა ომი, იარაღი ჩავაბაროთ, რად გვინდა ამდენი იარაღითქო. რამდენჯერ ასე დავაყენეთ საკითხი, იმდენჯერ არ ჩაგვაბარებინეს იარაღი და ეს იარაღი მოხვდა პატარა ბიჭების ხელში. რად უნდოდათ იარაღი ომის შემდეგ? ამით ფუჭდებოდა მხედრიონის სახელი. ეს საძმოები რასაც ჩაიდენდნენ, ყველაფერს მხედრიონს მიაწერდნენ. არავის დაუჭერია არც ერთი საძმოს წევრი, სამაგიეროდ მხედრიონელებით გაავსეს ციხეები. რაც მოწმობს იმას, რომ ხელისუფლება "საძმოებს" მფარველობდა" - აღნიშნა გიგა არველაძემ.

დღემდე მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების ნაცნობი თუ უცნობი ტრაგედიებიდან თითქმის 30 წელი გავიდა, საქმეებზე ყველა დუმილს ამჯობინებს. ბევრი საქმე დღესაც გამოუძიებელია. მხოლოდ კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ მაშინდელმა კრიმინალებმა ან ქვეყნიდან გაქცევით უშველეს თავს, ან დღემდე დიდი გავლენებით სარგებლობენ და ძალაუფლება მსხვილ ბიზნესსა და პოლიტიკაში აქვთ გადანაწილებული...

გამოყენებული წყაროები: ვერელი თორაძეები; თბილისის ფორუმი; "ახალი შვიდი დღე"; "რეზონანსი"

მთავარი ფოტო: ნაზი გაბაიძე; ეროვნული ფოტომატიანე