ავტორი:

რა დაავადებები დაამარცხა მსოფლიომ ვაქცინაციით და რა მოხდება თუ ქვეყანაში ყველა ადამიანი აიცრება

რა დაავადებები დაამარცხა მსოფლიომ ვაქცინაციით და რა მოხდება თუ ქვეყანაში ყველა ადამიანი აიცრება

წლევანდელი ზამთარი საქართველოსთვის მძიმე აღმოჩნდა - ერთდროულად გავრცელდა გრიპის ვირუსი, რომლის უმეტესი ნაწილიც H1N1-ს წარმოადგენს და წითელა, რომელიც 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებშია გავრცელებული.

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 20-ს მიაღწია, იანვრის თვეში კი წითელას ეპიდაფეთქება მოხდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" ყველასთვის უფასო გახდა, უფასოდ ტარდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რაც შეეხება წითელას, ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი რეალური ბერკეტი ვაქცინაციაა. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, წითელას საწინააღმდეგო აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში, ან, არაგეგმიურად, ნებისმიერ სხვა დროს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მიერ დამარცხებული დაავადებების შესახებ ბევრი ინფორმაცია და კვლევა არსებობს, ქართველების ნაწილი მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და უნდობლობას უცხადებს.

ვაქცინაციის მნიშვნელობა და აცრებით დამარცხებული დაავადებები - AMBEBI.GE ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მარიან ივანუშას ესაუბრა.

- მსოფლიოს მასშტაბით, რომელი დაავადებები დაამარცხა ვაქცინაციამ? იწვევდა თუ არა აღნიშნული დაავადებები ფატალურ შედეგს?

- მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი დაავადება ჩუტყვავილა იყო. მისი მასშტაბურად გავრცელების ბოლო შემთხვევა 1977 წელს სომალიში დაფიქსირდა, 1980 წელს კი ჩუტყვავილა დამარცხებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ იმუნიზაციის კამპანია ჩაატარა. ჩუტყვავილას შემთხვევების 30%-ში ფატალურად სრულდებოდა.

ახლა მსოფლიო უახლოვდება პოლიომიელიტის აღმოფხვრის პროცესს. ის სწრაფად გავრცელებადი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად, მცირეწლოვან ბავშვებს აზიანებს და შეიძლება გამოიწვიოს დამბლაც, რომელიც ხშირად, ბავშვს მთელი ცხოვრება მიჰყვება. სწორედ ვაქცინაციის დახმარებით, 2018 წელს ველური პოლიოვირუსის მხოლოდ 32 შემთხვევა იყო აღმოჩენილი.

აშშ იყო ერთ-ერთი, რომელმაც 2016 წელს წითელას ელიმინაციას მიაღწია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა რეგიონებში წითელა ცირკულაციას განაგრძობს. 2015 წელს ამერიკის რეგიონში წითურას ელიმინაციაც განხორციელდა. ამერიკის რეგიონი იყო მსოფლიოში პირველი, რომელმაც სამი დაავადების: წითელას, წითურასა და ყბაყურას აღმოფხვრა შეძლო, რაც მოსახლეობის 22-წლიან, მასობრივ ვაქცინაციაში გამოიხატებოდა.

- რომელი ვაქცინების ჩატარებაა ახლა ყველაზე აქტუალური და რატომ?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახლა არსებული და ხელმისაწვდომი ვაქცინებია - ქოლერას, ცხელების, დიფტერიის, A, B და E ჰეპატიტის, პაპილომავირუსის, გრიპის, მალარიის, წითელას, მენინგოკოკური ინფექციის, პოლიომიელიტის, ტეტანუსისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები.

- იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციას მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩაიტარებს, რამდენი პროცენტით შემცირდება დაავადების გავრცელება?

- ყოველ წელს, თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 95%-ში ვაქცინაციის ჩატარება საჭიროა იმისთვის, რომ წითელას წინააღმდეგ იმუნური ჯგუფები შეიქმნას, რომლებიც ამ გადამდები დაავადებისგან არაიმუნური მოსახლეობის შესამჩნევად დიდ ნაწილსაც დაიცავენ. ამ პროცესს საზოგადოებაში წითელას გავრცელების შეჩერება შეუძლია. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვა, ვისაც ვაქცინის ჩატარება არ შეუძლიათ. მათ რიცხვში შედიან ბავშვები, რომლებიც აცრისთვის ძალიან მცირეწლოვნები არიან; ასევე ისინი, ვისაც იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს ან მაგალითად, მძიმე დაავადების, მათ შორის, სიმსივნის მქონე პირები.

ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური და ღირებული გზაა იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ. ვაქცინაცია სიკვდილისგან წელიწადში დაახლოებით, 2-3 მილიონ ადამიანს იცავს. შეიძლებოდა, დაახლოებით, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება აგვეცილებინა თავიდან იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ვაქცინაციას საქართველოში გადამდები დაავადებების სრულად აღმოფხვრა?

- საქართველოში ჩუტყვავილა და პოლიომიელიტი უკვე აღმოიფხვრა. ასევე, დიფტერიის შემთხვევებიც ძალიან მცირეა, თუმცა თუ ყველა იმ დაავადებაზე, რომელთა აღმოფხვრაც ვაქცინაციით არის შესაძლებელი, შესაბამის რეაგირებას არ მოვახდენთ და აცრის პროცესს შევწყვეტთ, ყველა ჩამოთვლილი დაავადება უკან დაბრუნდება.

- ამ ყველაფრის ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობას დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. რა გახდა ამის მიზეზი?

- აღნიშნულ სიაში მოყვანილია 10 საკვანძო პრობლემა, რომელიც წელს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას დაემუქრება. ასევე, არსებობს არაერთი სხვა გამოწვევა რათა ჩვენს მიზანს - მივაღწიოთ „სამი მილიარდის გეგმას“ (ერთი მილიარდზე მეტი სარგებელს მიიღებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, ერთი მილიარდზე მეტი - გადაუდებელი დახმარებით, ხოლო ერთი მილიარდი უკეთესი ჯანმრთელობის მქონე იქნება). ამ მიმართულებებითაც ძალღონეს არ ვიშურებთ.

მიზეზები, თუ რატომ ამბობენ ვაქცინაციაზე უარს, მრავალფეროვანი და კომპლექსურია. მაგალითად, მშობლების ნაწილს ჯანდაცვაზე შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, ზოგიერთისთვის ვაქცინაციის ადგილობრივი სერვისი არასასიამოვნოა, ზოგიერთს უარყოფითი ეფექტების ეშინია, ზოგი მშობელი კი ვერ აცნობიერებს, კონკრეტული დაავადება რამდენად სერიოზული და ზოგჯერ ფატალურიც შეიძლება იყოს. ამ ყველაფერში წვლილი კი ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასაც შეაქვს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ