ავტორი:

"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე

"აქ მასზე ღირსეული არავინაა" - როგორ დანათესავდნენ ანა მარგველაშვილი და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ოთო ნემსაძე

"საქართველოს ვარსკვლავი" კონკურსს 8 მონაწილით აგრძელებს. კონკურსანტებს წინ კიდევ ეტაპები აქვთ გასავლელი და გადასალახი. ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვესაუბრეთ, რომლებიც გასულ ლაივზე საკუთარი კონკურსანტების საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულები. მათი უმეტესობა მომღერალ ოთო ნემსაძის გულშემატკივარი აღმოჩნდა.

ნეკა სებისკვერაძე:

- "ევროვიზიის" კონკურსის მიმართ ჭრელი და მრავალფეროვანი აზრი მუდმივად არსებობს, ამასთან, მითქმა-მოთქმა სულ არის, რომ საქართველოდან წარდგენილი კონკურსანტი ზოგს მოსწონს და ზოგს - არა... ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წელია, ამ კონკურსის აქტიური მონაწილეა და სწორია, ყველას უნდა გვაღელვებდეს, რომ ღირსეული კანდიდატით წარვსდგეთ ამ მასშტაბურ კონკურსზე. ამიტომ, ჟიურიმ ნამდვილად ნიჭიერი მუსიკოსები აარჩია, მაგრამ "ევროვიზიას" სჭირდება უკვე გამოცდილი, თავდაჯერებული შემსრულებელი, რომელიც იქაურ სტრესს კარგად გაუმკლავდება, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნება. ასეთი ოთო ნემსაძე მგონია.

რატომღაც მჯერა, რომ ოთო ასეთია. მას აქვს ენერგეტიკა, მუხტი არანორმალურად უყვარს თავისი პროფესია, მგონია, რომ ძალიან კარგი კანდიდატი იქნება, სწორად შერჩეული სიმღერით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის. მხოლოდ ნიჭი და თავდაჯერებულობა არ კმარა, არამედ უმნიშველოვანესია, რას შეასრულებს კონკურსანტი. საბოლოოდ კი, ყველაფერი კომპლექტში იფუთება - სიმღერა, ვიზუალი, ნამღერი - თუ სწორად შეირჩა, აუცილებლად წარმატება ექნება.

ანა მარგველაშვილი:

- მე ოთოს მეგობარი ვარ სოფოს, ანუ მისი ცოლის მხრიდან. სოფო ჩემი ბავშვის ნათლიაა და ძალიან მიყვარს, დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ახლა უკვე ოთოსთანაც დავმეგობრდით. მართლა წარმატებული, ნიჭიერი მომღერალია და დარწმუნებული ვარ, ამ კონკურსში მასზე ღირსეული არავინ იქნება, ამიტომ, ცალსახად ვგულშემატკივრობ ოთოს გამარჯვებას.

- ცოტა ხნის წინ ოთოს და სოფოს საერთო კლიპის კადრებში გიხილეთ...

- კი, მეგობრები ოთოს და სოფოს საერთო კლიპის გადაღებაზე ბაკურიანში ვიყავით. დილის შვიდ საათამდე გადასაღებ მოედანზე ვიყავით, კინაღამ თავი მივაკალით - სცენა იყო ასეთი: საახალწლოდ როგორ ატარებენ დროს.

- სანამ სოფოს მეუღლე გახდებოდა, ოთოს არ იცნობდით?

- სამწუხაროდ მანამდე ოთოს შემოქმედებას თვალ-ყურს არ ვადევნებდი და ახლოსაც არ ვიცნობდი. რომ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ძლიერი მომღერალია და „ევროვიზიაზე“ წასვლა მას მოუწევს. ოთოზე ღირსეული იქ ვერავინ წავა.

მარკუს მეტრეველი:

- ყველას ვულოცავ, რომ პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ ასეთ გრანდიოზულ მასშტაბებზე გავიდა, რასაც „ევროვიზია“ ჰქვია და დარწმუნებული ვარ, სპეციალური, გამორჩეული გამარჯვებული გვეყოლება და მისი ხმა „ევროვიზიის“ გრანდიოზულ სცენაზე გაისმება. რაც შეხება გულშემატკივრობას, ვგულშემატკივრობ ჩემთვის ძალიან საყვარელ მომღერლებს - ნინი ცნობილაძესა და ოთო ნემსაძეს. იმედი მაქვს, ღირსეული გაიმარჯვებს.

- რატომ მოგწონს თითოეული?

- რაც შეეხება ნინის, მას ხმაში აქვს ინდივიდუალიზმი, ეს აუცილებელია. გაიგებენ თუ არა მის ხმას, ეგრევე მიხვდებიან, საქმე ვისთან აქვთ, არავისში აერევათ. ასევე შემიძლია იგივე ვთქვა ოთოზე. განსხვავებული ხმა აქვს დასამახსოვრებელი. არავის ჰგავს. ჩემგან რჩევა - უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სასცენო იმიჯი. ეს სრული პაკეტი უნდა შეიკრას და მაყურებლის წინაშე ასე წარსდგეს.