ავტორი:

"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე

"ამ ადამიანების ღმერთი ბოროტებაა..." - პეტრე კოლხი საზოგადოებასა და მრევლის ნაწილში არსებულ აგრესიაზე

ბოლო დროს, ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები არიან და გაბოროტებულები ყველგან, ყველაფერში აგრესიას ავლენენ. უჭირთ ემოციების მართვა, თავის მოთოკვა, კონტროლი, რითაც სხვებს აზიანებენ...

ზოგადად კი, უარყოფითი ემოციების თავმოყრის ადგილად ბოლო დროს სოციალური ქსელი იქცა, რომელიც სავსეა შეურაცხმყოფელი, ერთმანეთის დამამცირებელი კომენტარებით.

ჩვენი საიტის რესპონდენტებიც ხშირად გამხდარან არაერთი ნეგატიური კომენტარის „მსხვერპლი“, როცა მკითხველი ჯანსაღად კი არ აკრიტიკებს მათ, პირდაპირ დამცირებასა და "თავდასხმაზე" გადადის. ერთ-ერთი ასეთი რესპონდენტი, სასულიერო პირი პეტრე კოლხია.

ამჯერად მამა პეტრე AMBEBI.GE-ს შეკითხვებს პასუხობს - რა მიაჩნია ადამიანების ასეთი აგრესიის გამოვლენის მიზეზად, როგორ უნდა დავიცვათ თავი აგრესიისგან და რატომ ვერ თოკავს ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი ემოციებს.

"ასეთი ადამიანები უმეტესად საკუთარ თავს აზიანებენ. წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერს, ვისაც აგრესია, სიძულვილი, შური ახასიათებს, მხრებით წისქვილის ქვაზე მეტად მძიმე ტვირთი დააქვს. ეს კი სხვაზე მეტად მას ეხება, ვინც ამ ტვირთის ზიდვაზე საკუთარი ნებით თანხმობა განაცხადა.

უამრავი რამ შეიძლება ბოროტების საპირწონედ მოვიფიქროთ, მაგრამ სხვისი განკითხვით და ცილისწამებით ეადვილებათ ცხოვრება... ეს არ არის მხოლოდ ყოფითი პრობლემების, ან სოციალური ფონის ბრალი... უბრალოდ, ადამიანმა თითქმის დაკარგა ადამიანური სახე და მტაცებელ მხეცს დაემსგავსა. ასეთები გარშემო ყველას ართმევენ სიმშვიდეს, მოსვენებას, გულს უკლავენ გარშემო მყოფებს...

მაგალითისთვის, მარტო კომენტარებიც კმარა. როგორ ილანძღებიან, როგორ ავლენენ შინაგან მახინჯ სამყაროს... ეს თავისუფალი აზრის გამოხატვა კი არა, ბოღმის და გესლის გადმონთხევაა... ამ ტიპის ადამიანისთვის კი უცხოა ნამდვილი სიხარული, ნამდვილი ბედნიერება. რა დონის ბოროტი უნდა იყო, რომ სხვისი ლანძღვა სიხარულს განიჭებდეს?!" - გვეუბნება პეტრე კოლხი.

- სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ასეთებს შორის ზოგიერთი ეკლესიური ადამიანიცაა, აღმსარებელ-მაზიარებელნი, რომელთაგან აგრესიის გამოვლენა, თავშეუკავებლობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. რატომ ხდება ასე? რატომ ვერ ახერხებენ იმ ცოდნით, ეკლესიაში მიღებული მადლით ამ ყველაფრის დაბალანსებას?

- ყველაზე საშიში ფრთა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერ-ინტელექტუარულ განვითარებას ხელს უშლის, სწორედ ფანატიკოსი, ცრუ სასწაულების მიმდევრები, ათეისტობამდე მისული ე.წ. მორწმუნეები არიან, რომელთა მსოფლხედვა (თუ ასეთი აქვთ საერთოდ) ძალადობაზე, დასჯაზე, შურისძიებაზეა დაფუძნებული. მათთვის სახარებისეული მიტევება და სიყვარული გაუგებარია. საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე აფასებენ ნებისმიერ მოვლენას. ფანატიზმის მორევში იხრჩობიან და სიყვარულზე დაფუძნებულ რელიგიას საკუთარი ცხოვრების წესით თავადვე გმობენ.

ფანატიზმი შეუთავსებელია ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენასთან. ძალიან ადვილია ესროლო ქვა მოწინააღმდეგეს, ძალიან ადვილია, მიიჩნიო, რომ ცხონებისთვის აუცილებელია ამა თუ იმ საქციელის ჩადენა, იქნება ეს თვითდაწვა თუ შიმშილით სიკვდილი, ხელმძღვანელების დირექტივების შესრულება თუ, პირიქით, საკუთარი შეხედულებებით მოქმედება.

ქრისტიანულად ცხოვრება უფრო რთულია! რთულია, იყო თანამგრძნობი, შეიგრძნო ერთმორწმუნე ძმათა და იმ მოყვასთა გაჭირვება, რომელთაც დღეს უფალი გიგზავნის. მაგრამ სწორედ ასეთი, მორჩილი, თავმდაბალი და ქრისტეს სიყვარულით აღსავსე ადამიანები სწყურია თანამედროვე სამყაროს, რომლისგანაც დაცლილია ქართული რეალობა, მაგრამ აუცილებლად დავდგებით სხვა რეალობის წინაშე...

პეტრე კოლხი მეუღლესთან, ნინო ვეკუასთან ერთად

- თუ სოციალურ ქსელს, ინტერნეტსივრცეს მივუბრუნდებით, ადამიანები მართლაც დაუნდობლად ექცევიან როგორც უცხოებს, ისე ნაცნობ-მეგობრებს. ოღონდ შეურაცხყოფა მიაყენონ და ამისთვის არაფერი აკავებთ...

- კიდევ გავიმეორებ, სოციალურ ქსელში ჩასაფრებულები არიან და რაც მათთვის მიუღებელია, ყველაფერს ემტერებიან, ებრძვიან და მიწასთან ასწორებენ. განადგურებით კი, მხოლოდ საკუთარ თავს ინადგურებენ. ისინი საკუთარ სიძულვილს თვითონვე ეწირებიან და საფრთხეს უქმნიან პირველ რიგში ახლობლებს... მათი ღმერთი ბოროტებაა... სწორედ ამ ბოროტებას მთელი გულით ეთაყვანებიან... ქვაკუთხედს ებრძვიან, მაგრამ თავადვე ილეწებიან!

- ერთ-ერთი ასეთი "თავდასხმის" ობიექტი თქვენც ხართ. თქვენი მისამართით, იმავე სოციალურ ქსელში საოცარი კომენტარები წამიკითხავს, არ გერიდებიან... რას გრძნობთ ამ დროს?

- გულწრფელად გეტყვით, კომენტარების წასაკითხად ნამდვილად არ მცალია - ამ მარაზმს დრო რომ დავუთმო, იმ საქმეებს ვერ გავაკეთებ, რასაც მთელი არსებით ვემსახურები... კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება: "იმ ქვას და ტალახს, რომელიც ჩემკენ იყო გამოსროლილი, იმ ტაძრის ასაგებად ვიყენებდი, რომლის საძირკველი არასდროს დაჰკარებია მიწას"... ქვები ხომ ბუმერანგივით უკან ბრუნდება...

შეიძლება ყველა არ მოგწონდეს, მაგრამ ამორალური სიტყვებით, თან, ყალბი პროფილებით სხვისი ლანძღვა, მხოლოდ უკულტურობაზე მიანიშნებს... ასეთი ადამიანები თავიანთი არსებობით სიცარიელეს, არარაობას ქმნიან... არადა, შეუძლიათ ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალონ.

- ე.ი. მათთვის პასუხის გაცემა არ გინდებათ?

- ასეთ დროს გულწრფელ სიკეთეს ვუსურვებ... მართლა ძალიან ვშიშობ, რომ აგრესიის და სიძულვილის გამო, არც ერთი ჩვენგანი არ რჩება დაუსჯელი... ისე კი, ყველაზე ობიექტურ პასუხს ღმერთი გასცემს ყველას! პირადად ჩემთვის ყველა მკვახე შეძახილი მოტივაციის მომცემია... "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" - ძაღლი კი შორიდან მხოლოდ მაშინ ჰყეფს, როცა ძალიან ეშინია!

- რას ურჩევდით ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ამჯერადაც არ შეიკავებს თავს და შესაძლოა, კომენტარების ველში კვლავ მკვახე სიტყვებს გაიმეტებს?

- საკუთარი პიროვნების ზრდას ვურჩევდი... სამუშაო ბევრია... შეიძლება საკუთარ თავთან მუშაობის გამო ხელფასი არავინ გადაგვიხადოს, მაგრამ ხელფასზე მეტია ის შედეგი, რასაც აუცილებლად მივიღებთ... უყურონ ფილმებს, მოუსმინონ საინტერესო მელოდიებს, იკითხონ წიგნები. თავი დააღწიონ სიბნელეს და მიაშურონ დაუსრულებელ ნათელს... მუდმივად სხვისი განკითხვა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ პროვინციალიზმია - შინაგანი პროვინციალიზმი.

- რას ურჩევთ ეკლესიურებსაც და არაეკლესიურებს - თუკი ასეთ დაყოფას მოვახდენთ...

- არაეკლესიურები ბევრად ჰუმანურები არიან, ბევრად კეთილები და მოსიყვარულეები, ვიდრე ზოგიერთი ხიბლისგან გაგიჟებული, მფრინავი ობიექტი! მეტი რა უნდა ვთქვა, სათქმელი უკვე ვთქვი...

"მიმინო 2" - ბუბა კიკაბიძემ ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში უმღერა

"მაიკო ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ სანდროს რომ არ გაეგო არტისტობდა... ბავშვს რომ ეძინა, ბღაოდა" - ანზორ მელია

დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა