გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ირაკლი ლომაიას ყალბი აუდიოჩანაწერის გავრცელებაში ადანაშაულებს . ამის შესახებ პაიჭაძემ დღეს სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხათუნა პაიჭაძის თქმით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანიას პარაფსიქოლოგად ცნობილმა ირაკლი ლომაიამ მიაწოდა, მისი ხმა არ არის დაფიქსირებული.
"ჩანაწერის მიხედვით, თითქოს, იმისთვის, რომ გაზეთ "კვირის პალიტრაში" მისი საწინააღმდეგო მასალა არ დაიბეჭდოს, ლომაიასგან გაზეთში რეკლამის მოტანას ვითხოვ. ეს ჩანაწერი არის ყალბი და ჩემს ხმას არ შეიცავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა.
არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ლომაიამ "კვირის პალიტრის" და ჩემი შანტაჟი, მაგრამ ეს ხელს ვერ ამაღებინებს ირაკლი ლომაიასა და მისი მსგავსი ადამიანების ლუსტრირებაზე, რადგან მათ არაერთი ადამიანი მოატყუეს", - აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციას რამდენიმე მოქალაქეც ესწრებოდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ირაკლი ლომაიას თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.
"ლომაიასთან ერთი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი. რაღაც წვეთები და სანთლები მომცა, მაგრამ ერთწლიანმა მკურნალობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ამისთვის ლომაიას 300 ლარი გადავუხადე. მისი მოძებნა და ფულის დაბრუნება ამაოდ ვცადე", - განაცახდა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და ხათუნა პაიჭაძემ გაზეთის საქმიანი რეპუტაციის, ასევე, ჟურნალისტის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები დღეს შეიტანეს. მასალები გადაეცა პროკურატურასაც.