ავტორი:

"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე

"რასაც კონცერტში ვიღებთ, ისევ უკან ვაბრუნებთ, ხარისხი ძვირი ჯდება" - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავსა" და შოუბიზნესურ კულისებზე

სტეფანე მღებრიშვილი „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრია და ის ადამიანი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურსანტების შერჩევაში, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენს ქვეყანას „ევროვიზიაზე“ წარადგენს. მოსწონს მონაწილეები და ამბობს, რომ ვინც არ უნდა გახდეს ხალხის რჩეული, ნებისმიერს მხარს დაუჭერს, რადგანაც იცის, რომ ის „ევროვიზიის“ მასშტაბურ კონკურსზე ღირსეულად წარსდგება.

სტეფანე, გარდა იმისა, რომ მეგაპროექტების არბიტრია, უკვე ექსპერტიცაა, ვინაიდან „საქართველოს ვარსკვლავი“ მისთვის მერვე დიდი პროექტია. ასევე აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, მართავს კონცერტებს, რომელზეც უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი დადის. მუდმივად აქვს სიახლეები, აახლებს რეპერტუარს, მუშაობს ცოცხალ ბენდთან და ფსონი მხოლოდ ხარისხიან მუსიკაზე აქვს გაკეთებული.

ყველაფერი კი 1999 წელს, ზუსტად 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც მისი სიმღერები მოისმინეს... მას მერე ბევრი საინტერესო წელი გავიდა, თუმცა ამ ყველაფერზე საუბარი საშინლად არ უყვარს, ინტერვიუებიც არ სიამოვნებს, რატომღაც მიაჩნია, რომ საინტერესო რესპოდენტი არ არის, თუმცა საინტერესო შემოქმედებითი გზა ნამდვილად აქვს გავლილი, რასაც ეს ინტერვიუ ადასტურებს.

- ბოლო 2 წელიწადია, აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობ, კარგი შედეგები და ბევრი კონცერტი გაქვს. უამრავი მსმენელი გყავს, ყოველთვის მოლოდინია შენი კონცერტის და მუსიკის მიმართ. მაყურებელი და მსმენელი არასდროს გაკლდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირი შემობრუნება მოხდა შენი შემოქმედების მიმართ...

- გარდა იმისა, რომ კარგად უნდა იცოდე, რას აკეთებ, შრომა, შრომა და დაუსრულებელი შრომაა მთავარი. ამ წლებმა მოიტანა უამრავი განხორციელებული პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება.

შრომის გარდა, არის დიდი რაოდენობით დახარჯული ფინანსები, რადგანაც ეს მაღალი ხარისხი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, რასაც კონცერტში ვიღებთ, შემდეგომ ისევ უკან ვაბრუნებთ... ვმუშაობ უმაღლესი ხარისხის მუსიკოსებთნ, ისეთებთან, რომლებსაც შემცვლელები არ ჰყავთ. ეს ადამიანები ამ ქვეყანაში საუკეთესოები არიან - პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, დათო შამანაური. ასე რომ, ყველა კონცერტზე გვაქვს საკუთარი განათება, ამისთვის გვყავს ჩვენი გამნათებელი, ხმის რეჟისორი, ბექვოკალები სხვადასხვა ცნობილი პროექტებიდან...

- ე.ი. ყველაფერს პროფესიონალურად უდგებით...

- დიახ, ყველაფერი ჩვენთან არის ისე, როგორც დასავლეთში. მაქვს დასავლელ არტისტებთან მუშაობის გამოცდილებაც და ვიცი, რა როგორ კეთდება, ამიტომ, მაქსიმალურად ვწევთ თამასას, თუმცა არის, როცა ზოგი კონცერტი კარგად ჩაივლის, ზოგი - ნაკლებად კარგად. მაგალითად, ახლა, 14 თებერვალს „დორსში“ კონცერტი გვაქვს, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით.

- ცოცხალი, ხარისხიანი - ეს არის თქვენი არჩევანი...

- მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ „ამომიჭამია“, კიდევ ბევრი ადამიანია, ვინც ვერ დაესწრო ჯერ ჩვენს კონცერტს, ახალ პროგრამაზე მაინც ვმუშაობ. ყველაფერს ვცვლი და ძალიან დიდი შემოქმედებითი გეგემები მაქვს, როგორც გასტროლების მიმართულებით, ასევე თბილისში კონცერტებთან დაკავშირებით.

- ნებისმიერ შემოქმედს განვითარების სხვადასხვა ეტაპი აქვს. ეს ეტაპები შენც გაიარე. შენს პირველ ეტაპს მუსიკაში როგორ აფასებ?

- 18 წლის ვიყავი, რომ სცენაზე გამოვჩნდი და პოპულარული მალევე გავხდი. 18-დან 25 წლამდე პოპულარობის პიკზე ვიყავი - სპორტის სასახლეც შევავსე, სტადიონებზეც გამოვდიოდი... ეს პერიოდი ბევრს ახსოვს. მე ამისთვის არ მიბრძოლია, ყველაფერი თავისით მოხდა. პროფესიაც და ჩემი მუსიკასთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი, ხომ ვამბობ, თავისით მოვიდა. რაც გავაკეთე, ხალხმა მიიღო და დავრჩი იქ, სადაც აღმოვჩნდი. ვაკეთებდი ჩემს მუსიკას, მანამდე ქართულ ესტრადაზე სხვა ჟღერადობის მუსიკა ისმოდა, ჩემამდე ჯგუფმა „სახემ“ მსმენელს სრულიად ახალი რამ შესთავაზა, იქამდე ირაკლი ჩარკვიანისგან ალტერნატივა ჰქონდათ მოსმენილი, მე „სუფთა სისხლის“ პოპით მოვედი...

- ჰოდა, რას არქმევ იმ პერიოდს?

- არავინ იცის, მთავარია, იყოს მონდომება. ვიყავი ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე, არ ვჩერდებოდი, ვაკეთებდი და ვქმნიდი - არაფრის მეშინოდა, ახლა გული იმაზე მწყდება, რომ იმ ასაკში აღარ ვარ, მალე 40 წლის გავხდები, ახალგაზრდობას სხვა ენთუზიაზმი, მონდომება, დაუღალავი შრომა, შიშის არქონა ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც არ ვჩერდები, რაღაც ეტაპზე შიშიც მოდის... თუმცა არ მინდა ვინმემ ისე იფიქროს, რომ მთელს დედამიწაზე ცნობილი ვარ და რაღაც ამ პათოსით ვლაპარაკობ. თუ სწორად შრომობ და ენერგიას სწორად ანაწილებ, ამ შემთხვევაში, ყველაფრი კარგად იქნება არამარტო მუსიკაში, ნებისმიერ სფეროსა და პროფესიაში.

- ხარ არა მარტო მუსიკოსი, ასევე მუსიკალური პროდიუსერი, ალბათ იშვიათია, როცა მოქმედი მუსიკოსი პროდიუსერიცაა, პარალელურ რეჟიმში, არბიტრიც, რადგანაც ამჟამადაც მონაწილეობ ერთ-ერთ მეგაშოუში და კონკურსანტებს პროდიუსერის თვალითაც აფასებ. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს?

- პროდიუსერობაც წლების წინ დავიწყე, როდესაც რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ სცენაზე დგომა აღარ მინდოდა, როცა ცენტრალურ შოუებს ვაკეთებდი, სადაც ვიწვევდით და ვაერთიანებდით ყველა მუსიკოსს, მომღერალს, ამან, როგორც მუსიკალურ პროდიუსერს, სხვა გამოცდილება მომიტანა, ასევე უამრავ პროექტში ვმონაწილეობდი - ეს იყო სამჯერ ზედიზედ „X ფაქტორი“, სამჯერ „ვოისი“, „საქართველოს ვარსკვლავი“ ჩემთვის უკვე მერვე პროექტია. გუნდი, რომელთანაც დღესაც ვმუშაობ, არის პირდაპირ მიბმული დასავლურ მთავარ ოფისთან, საიდანაც ჩამოდიან პროდიუსერები და უამრავ საინტერესო რამეს გვასწავლიან, გვატრენინგებენ.

როგორც პროდიუსერმა, ასევე გამოცდილება მივიღე „სტეფანე და 3G“-დან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, იმიტომ, რომ ამ ბენდმა, სრულიად ევროპა შეატრიალა, გააოცა. ამის ამსახველი მასალა YouTub-ზეც დევს, თუ როგორ დავდიოდით კონცერტებით 12 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ძალიან სერიოზული გამოცდილება იყო. ყველა ქვეყანაში კონტაქტი გვქონდა, იქაური პროდიუსერები რჩევა-დარიგებებს გვაძლევდნენ იმ კონცერტების ორგანიზების დროსაც, როდესაც უცხოელი არტისტები ჩამოგვყავდა, ბევრი მაქვს ამ მიმართულებით ნაშრომი.

- შენი წარმატების ფორმულის პირველი ნიშანი ნიჭი მგონია და მერე სხვა დანარჩენი, შენ რას იტყვი?

- მე კი მგონია, რომ ნიჭი ყველა ადამიანს აქვს. ამაზე არ ვამახვილებ არასდროს ყურადღებას. თუ 20 წლის განმავლობაში იმ პროფესიით მუშაობ, რაც აირჩიე, გაქვს შენი თავის რწმენა და დაუღალავად შრომობ. შედეგი გაქვს და თუ გინდა, ამას დავარქვათ წარმატების ფორმულა, ან წარმატების ფაქტორი.

- იღბალზე რას იტყვი - არ არის საჭირო?

- ეგეც იცვლება, თუ სწორი მიდგომები არ გაქვს. მთავარია, ქმედითობა, აქტიური, პოზიტიური ენერგია... როცა ეს გაქვს, მერე ეს იღბალზეც მოქმედებ და წარმატებაზეც.