ავტორი:

ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის

ეთერ თუთბერიძე - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც რუსეთში "ყინულის ვარსკვლავებს" ზრდის

ლამაზია, სამართლიანი და მომთხოვნი, გამოირჩევა მიზანდასახულობით, მოთმინებით და რაც მთავარია, იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას - ასე ახასიათებენ ფიგურული სრიალის საუკეთესო მწვრთნელს, 45 წლის ეთერ თუთბერიძეს მოსწავლეები. მის მოსწავლეებს შორის არიან "ყინულის ვარსკვლავები", რომლებმაც თუთბერიძის დახმარებით სპორტული კარიერის მწვერვალებს მიაღწიეს: სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა, ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლიპნიცკაია, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ევგენია მედვედევა, ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა და სხვები...

ეთერ თუთბერიძე ქართულ ოჯახში დაბადებული რუსი მოციგურავეა, რომელმაც საკუთარ სპორტულ კარიერაში თავბრუდამხვევ შედეგებს ვერ მიაღწია, თუმცა შედგა მწვრთნელად, რომელიც ყოველწლიურად ყინულზე ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს უშვებს. დღეს თუთბერიძეს რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული აქვს, პრესა კი მას თავისი საქმის გენიოსად მოიხსენიებს.

თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში გიორგი თუთბერიძის ოჯახში დაიბადა. ის მრავალშვილიანი ქართული ოჯახის მეხუთე ბავშვი იყო: ცნობილ სპორტსმენს ძმა და სამი და ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მოციგურავის მშობლები სულაც არ განეკუთვნებოდნენ მდიდარ სოციალურ ფენას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ოჯახში არც ერთ ბავშვს განსაკუთრებული საჭიროება არ ეგრძნო.

მომავალი წარმატებული სპორტსმენის მამა ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, იმისთვის, რომ ოჯახის კეთილდღეობა უზრუნველეყო, თუმცა ნაბოლარას მაინც ხშირად უწევდა ძმის დაპატარავებული სამოსის ტარება. ამას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მოციგურავის ბავშვობამ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა.

მოხდენილი მოციგურავეები, რომლებიც გრაციოზულად სრიალებდნენ ყინულზე, უმცროსმა თუთბერიძემ პირველად 4 წლის ასაკში ნახა. სპორტსმენების მსუბუქმა, ძალდაუტანელმა მოძრაობებმა ეთერზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინეს, რომ მან მოციგურავეები თოვლის ფიფქებს შეადარა. ამ შემთხვევითმა მომენტმა ეთერ თუთბერიძის მომავალი განსაზღვრა - დაუყოვნებლივ დაიწყო დედის დარწმუნება, რომ ის საციგურაო მოედანზე წაეყვანა და მიუხედავად იმისა, რომ დედა თავიდან შეუვალი ჩანდა, ჯიუტმა ნაბოლარამ თავისი გაიტანა და ნიჭიერი მწვრთნელის ევგენია ზელიკოვას ჯგუფში მოხვდა.

"ერთხელ დედამ დარეკა სამსახურიდან და მითხრა, ეთერ დღეს ვერავინ წაგიყვანს ვარჯიშზე, ამიტომ გაიხადე, ვერ მიდიხარ. მე ვუთხარი - მზად ვარ, ყველაფერი მახსოვს, მე წავედი... დედამ ტელეფონში ყვირილი დაიწყო, არა არ შეიძლებაო, მაგრამ ვერაფერი გავიგე, რადგან უკვე კარში გავდიოდი - ვარჯიშზე მაგვიანდებოდა“ - იხსენებს თუთბერიძე.

ეთერ თუთბერიძის დედა და ქალიშვილი

საწყისებიდანვე ჩანდა, რომ ეთერ თუთბერიძის ნიჭი იმედისმომცემი იყო, თუმცა პროფესიული სპორტი ტრავმებთან დაკავშირებული აღმოჩნდა. თავიდან საუბარი უმნიშვნელო დაზიანებებზე იყო, თუმცა მალევე ახალგაზრდა სპორტსმენმა სერიოზული ტრავმა მიიღო: ბზარი ხერხემალში. მკურნალობის პროცესში მოციგურავეს მუდამ უკეთებდნენ კალცს. შესაძლოა, სწორედ ამის დამსახურებით ადგა თუთბერიძე ფეხზე, თუმცა მკურნალობის ამ მეთოდს მნიშვნელოვანი უკუჩვენებაც აღმოაჩნდა - სპორტსმენმა 3 თვის განმავლობაში სიმაღლეში 22 სანტიმეტრით მოიმატა.

გაბზარული ხერხემალი აღდგა, თუმცა საციგურაო მოედანზე დაბრუნებულმა სპორტსმენმა გაიაზრა, რომ ერთეულთა სრიალში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ამიტომ ბედი წყვილში სრიალში სცადა. თუთბერიძე წყვილში ისეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც ვიაჩესლავ ჩიჩეკინი და ალექსეი კილიაკინი იყვნენ. თუმცა, ეთერ თუთბერიძის სპორტულ კარიერას თავბრუდამხვევს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მას სხვადასხვა დროს რამდენიმე მწვრთნელისგან წამოსვლა მოუხდა, რამდენიმემ კი ის თავად მიატოვა.

მორიგი მწვრთნელისგან იმედგაცრუებულმა მოციგურავემ გადაწყვიტა, რომ დრო იყო რაღაც შეეცვალა. სწორედ ამ დროს თუთბერიძემ ამერიკაში გასტროლებზე წასვლის შეთავაზება მიიღო, რაზეც დაუყოვნებლივ დათანხმდა. ამერიკაში ამერიკული ოცნება თუთბერიძისთვის არ ახდა - გაჭირვება, უსახლკაროთა სახლში ცხოვრება, ტერაქტი, რომელსაც გადაურჩა და ახალი სამსახური, რომელიც საციგურაო მოედანზე ყველა მსურველის დახმარებას გულისხმობდა.

"ძალიან არ მომწონდა ვიღაც ბაბუასთან ერთად სრიალი, იმიტომ რომ მესმოდა ამას არაფერთან არ მივყავდი, რაღაცნაირად ჩემთვის ყველაფერი ფულის შოვნასთან იყო დაკავშირებული და ეს საინტერესო არ არის ჩემთვის“ - თქვა თუთბერიძემ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იმედგაცრუების ჯაჭვი რუსეთში დაბრუნებით დასრულდა, სადაც ეთერ თუთბერიძე მწვრთნელობას უკვე სერიოზულად მოეკიდა. მწვრთნელის კარიერა მისთვის გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა - დღეს თუთბერიძის სახელი ბრენდია.

2018 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თუთბერიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მისი დახმარებით სპორტული კარიერის მწვერვალებს ძალიან მცირე ასაკში ისეთმა მოციგურავეებმა მიაღწიეს, როგორიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მედალოსანი ევგენია მედვედევა, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი სერგეი ვარონოვი და ოლიმპიური ჩემპიონები იულია ლიპნიცკაია და ალინა ზაგიტოვა არიან.

თუთბერიძის ჯგუფში დღეს ორი ათეული სპორტსმენი ვარჯიშობს, რომელთაგან უკვე ძალიან ბევრი გახდა ან ხდება ყინულის მოედნის ნამდვილი ვარსკვლავი. მათ შორის 13 წლის ალექსანდრა ტრუსოვაც, რომელიც ძალდაუტანებლად ასრულებს ოთხმაგ ბრუნს. სიცხადისთვის ვიტყვით, რომ მთელს მსოფლიოში ოთხმაგ ბრუნს გოგონებიდან მის გარდა კიდევ ერთი - 13 წლის მოციგურავე ანია შერბაკოვა აკეთებს, რომელიც ასევე ეთერ თუთბერიძის აღსაზრდელია. როგორც წესი, ოთხმაგი ბრუნი მამაკაცების პროგრამის ელემენტია და მისი შესრულება ყველას არ შეუძლია.

ალექსანდრა ტრუსოვას ოთხმაგი ბრუნი

via GIPHY

რაში მდგომარეობს ეთერ თუთბერიძის საიდუმლო? - ალბათ, აღზრდაში, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიიჩნევს.

„მე ვცდილობ სწორად აღვზარდო, სწორედაც რომ აღვზარდო! სინამდვილეში არაფერს ვითხოვ, უბრალოდ იმას ვაღწევ, რომ სპორტსმენს თავად არ უნდოდეს საშინაო დავალების შეუსრულებლობა. ის ამის გამო თავს ამაზრზენად უნდა გრძნობდეს შინაგანად“ - ამბობს თუთბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თავს მკაცრ პედაგოგად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს, მისი ვარსკვლავები მას რადიკალურად განსხვავებულად ახასიათებენ.

მედვედევასთან და ზაგიტოვასთან ერთად

„როგორც კი ნაბიჯს დგამს ყინულზე, გული მეყინება. რამდენი ხანია, რაც მასთან ვვარჯიშობ და ეს გრძნობა ჯერ კიდევ მაქვს ხოლმე. მისი ძალიან მეშინოდა, ახლაც მეშინია, მაგრამ რაღაცნაირი ურთიერთგაგება გვაქვს, ეს ვიპოვეთ. გამოსვლის წინ ის ყოველთვის შემოდის ჩვენთან გასახდელში, როდესაც ციგურებს ვიკრავთ და ყოველთვის ჩვენს გვერდით ჯდება. არ ვიცი ეს საიდან მოდის, მაგრამ რატომღაც მაშინვე სიმშვიდეს ვგრძნობ“ - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა.

პირველად პრესის დიდი ყურადღება მწვრთნელმა თავისი აღსაზრდელის იულია ლიპნიცკაიას არანორმალური წარმატების შემდეგ მიიპყრო, რომელიც 2014 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა ჯგუფურ შეჯიბრში. ლიპნიცკაიამ ერთეულთა სრიალში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მიიღო, იმავე წელს მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა და გახდა ამ შეჯიბრის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ფიგურული სრიალის ისტორიაში. თუმცა 2015 წლის ბოლოს ლიპნიცკაიამ თუთბერიძე მიატოვა და სხვა მწვრთელთან გადავიდა, სპორტულმა პრესამ ინციდენტი მწვრთნელსა და აღსაზრდელს შორის კონფლიქტს დაუკავშირა.

იულია ლიპნიცკაიასთან ერთად

თუმცა ლიპნიცკაია ერთადერთი არ აღმოჩნდა, რომელმაც თუთბერიძე თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ მიატოვა. მათ შორის არის ევგენია მედვედევაც, რომელმაც კანადელ მწვრთნელთან გადაინაცვლა. თუთბერიძეს კი, რომელთანაც 11 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, ამის შესახებ სატელევიზიო კომენტარით შეატყობინა.

„რა თქმა უნდა, საწყენია. ყველასგან მიდიან, ეს ნორმალურია. ადამიანს სურს რაღაც ახალი, ესეც ნორმალურია. ჩემთვის არანორმალურია ის, თუ როგორ მიდის ადამიანი, სულ ესაა. იპოვე შენს თავში ძალა, ეს ძნელია ალბათ, მაგრამ საჭიროა საკუთარი თავისთვის, არა ჩემთვის“ - ასე გამოეხმაურა თუთბერიძე მედვედევას წასვლას. მას შემდეგ მწვრთნელი თავისი ყოფილი აღსაზრდელის გამოსვლებსაც აღარ უყურებს.

რაც შეეხება თუთბერიძის პირად ცხოვრებას, ის უფრო მეტად დახურული და ჭორებით მოცულია. თუთბერიძეს ერთი შვილი ჰყავს, დიანა დევისი, რომელიც 2003 წელს დაიბადა. მწვრთნელის თქმით, მისი მამა ვინმე ამერიკელი დევისია, რომელმაც ოჯახთან ერთად რუსეთში გამგზავრება არ მოისურვა.

როგორც არ უნდა იყოს, დიანა დედის კვალს გაყვა და ციგურები მოირგო, ის დედის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დადის, თუმცა მეგობრული დედა-შვილის ურთიერთობა ყინულის მოედანზე მხოლოდ საქმიანია.

ფოტოები: Sports.ru; 24smi.org; sport-express.ru; РИА Новости

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ამ თემაზე არსად მილაპარაკია…რასაც ვაკეთებ ყველაფერი მას ეძღვნება" - ნინი გოგიჩაიშვილი მამაზე და სიძეზე, რომელიც მხარში მამასავით უდგას

როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს