ავტორი:

თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა

თბილისში ინტენსიური მშენებლობა შეწყდება - რა სიახლეზე ისაუბრა მერმა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

„მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი k2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ k2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური პოექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციებში.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში, გვაქვს საინტერესო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ“, - განაცხადა კალაძემ.

რიყის პარკში მოქალაქეებს საჰაერო ბუშტით ფრენა შეეძლებათ - რა ეღირება ბილეთი?

საქართველოს სასტუმროებში ფასები განახევრდა - "ზოგ ხუთ ვარსკვლავიანში ნომრის ფასი 50 ლარამდეა"

ხვალ რიკოთის გვირაბში მანქანების მოძრაობა 6 საათით აიკრძალება