ავტორი:

"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ

"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა" - ოჯახის წევრებს პალატაში არ უშვებენ

გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელთან შედარებით დეკანოზს უფრო უჭირს მეტყველება და დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.

მია ზოიძის განცხადებით, ამ მდგომარეობაში დეკანოზის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ მას ინსულტი გაუმეორდეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად ვერ გაეწიოს.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესებულია, მას უფრო უჭირს მეტყველება, ასევე, ის დამოუკიდებლად საპირფარეშოშიც კი ვერ გადაადგილდება. ამ მდგომარეობაში ბუნებრივია, დაუშვებელია დაწესებულებაში გადაყვანა. ამავდროულად არსებობს ინსულტის განმეორების რისკი და თუ დეკანოზი მატროსოვის ციხეში იქნება გადაყვანილი, შესაძლოა, მას ვერ ჩაუტარდეს შესაბამისი დროული დახმარება და მივიღოთ უფრო მძიმე შედეგი“, – აღნიშნა მია ზოიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე დამატებით გამოკვლევებზე დღეს გადაყვანილი იყო „ავერსის კლინიკაში“ და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ახალი კვლევის შედეგები. მისივე თქმით, შესაძლოა, დღეს საღამოს დეკანოზთან კიდევ ერთხელ შევიდნენ.

ამასთან, დეკანოზთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, როგორც მას განუმარტეს, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს დეკანოზის ოჯახის წევრები პალატაში არ შესულიყვნენ.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა #9-ე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე არ უშვებდნენ პალატაში. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ ბადრაგის სამსახურს გადააბრალა, ბადრაგის სამსახური კი აღნიშნულს ექიმების გადაწყვეტილებას უკავშირებს.

თორნიკე მამალაძე ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობს, რასაც მათ მიერ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით ხსნის. „მსურდა, რომ შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. თავად ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა და მისგან განმარტება, თუ რატომ არ შემიშვეს პალატაში, არ მიმიღია. ალბათ ეს არის დამატებითი ბარიერი, რადგან გუშინ მე ჩვეულებრივად შევედი პალატაში, ვესაუბრე ჩემს ძმას. მასთან მიახლოების საშუალებაც მომეცა. ამავდროულად გუშინ სასულიერო პირი საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პალატაში და მე ვერ ვხვდები, რამდენიმე წუთით რატომ არ შემიშვეს ჩემს ძმასთან“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.