ავტორი:

როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."

როგორ წაართვეს ბიზნესი SONY-ის და "იამაჰას" ქართველ პარტნიორს - "შანსი არ გაქვს: ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო..."

დავით ადეიშვილი ერთ-ერთია იმ ბიზნესმენთაგან, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება. ბიზნესმენების მიმართ განხორცილებული რეკეტის თითქმის ყველა საქმე, ხელწერით ერთმანეთს ჰგავს: საქმის "შეკერვა" იწყებოდა დაუსაბუთებელი ბრალდების წაყენებით, რაც მთავრდებოდა გაუსაძლისი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად გაფორმებული საპროცესო შეთანხმებებითა და ქონების ჩამორთმევით.

2006 წელს დავით ადეიშვილმა ბიზნესპარტნიორ ელგუჯა ელიაურთან ერთად დაარსა შპს "ლეონი", რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე თავად იყო. კომპანია წლების განმავლობაში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, თანამშრომლობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან - SONY-ისა და YAMAHA-სთან, ეწეოდა მათი პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. ბიზნესი ყოველწლიურად სულ უფრო წარმატებული ხდებოდა და წლიური ბრუნვა სამ მილიონ ლარს შეადგენდა. როგორც ადეიშვილი AMBBEI.GE-ს უყვება, ბიზნესის გაფართოების მიზნით, კომპანია მაშინდელ ბანკ "რესპუბლიკასთან" წლების განმავლობაში პირნათლად თანამშრომლობდა და VIP კლიენტის სტატუსითაც სარგებლობდა.

2006 წელს შპს "ლეონმა" ოფისის ასაშენებლად თბილისში, კ. გამსახურდიას გამზირზე (პეკინის ქუჩა) მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა მას ბიზნესპარტნიორმა ურჩია და მიწის მესაკუთრეც თავად მოუყვანა. სწორედ ეს უძრავი ქონება აღმოჩნდა ადეიშვილის ბიზნესისთვის საბედისწერო - 2009 წელს ფინანსურმა პოლიციამ ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად შეძენაში დასდო ბრალი ბიზნესმენს.

"გვინდოდა ოფისის ქირაში თანხა აღარ გვეხადა და გადავწყვიტეთ მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ჩემი ბიზნესპარტნიორის ელგუჯა ელიაურის ვაჟმა თვითონ მოიყვანა ვინმე ალექსი მთავრელიძე, რომელმაც დედამისის - მარინე ჭკუასელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეღავათიან ფასში მოყიდვა შემოგვთავაზა. როგორც თავად ამბობდა, მიწის ნაკვეთი "საქართველოს ბანკის" მიერ გირავნობით იყო დატვირთული, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებდნენ და უძრავი ქონება სააუქციონედ იყო გამზადებული. სწორედ ამიტომ, რეალურ ღირებულებებასთან შედარებით გაცილებით იაფად მოგვყიდეს ეს ნაკვეთი.

ყველაფერი ჩვეულებისამებრ გატარდა საჯარო რეესტრში, მესაკუთრედ შპს "ლეონი"დაფიქსირდა. შემდეგ გაირკვა, რომ ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა ჩემს წინა მესაკუთრეს მართლაც ჰქონია სასამართლოში, თუმცა მე ამის შესახებ არ ვიცოდი, რაც დაადასტურა კიდეც სასამართლომ. არსებობს საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე კეთილსინდისიერი შემძენი ვარ. ამიტომ ცხადია, რომ ბრალდება იყო აბსურდული, რითაც ვერ მოიყვანდნენ სისრულეში თავიანთ განზრახვას. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი ბრალდების შეთითხვა დაიწყეს" - იხსენებს ადეიშვილი 2009 წელს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს რომ, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას ედავებოდა.

საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც მაშინდელი პროკურორი ირაკლი შოთაძე აწერს ხელს, ვკითხულობთ: "ალექსი მთვარელიძე, მარინა ჭკუასელი და დავით ადეიშვილი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 237 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთსა და შენობა ნაგებობებს, რამაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. დავით ადეიშვილმა განიზრახა მისი, მთვარელიძისა და ჭკუასელის მიერ თაღლითურად მისაკუთრებული, უკვე შპს "ლეონის" საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ბანკ „რესპუბლიკასგან“ უკანონოდ კრედიტის მისაღებად, დაეტვირთა იპოთეკით".

ბანკისგან უკანონოდ კრედიტის მიღება იყო მეორე ბრალდება, რაც ბიზნესმენს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ადეიშვილმა შეგნებულად დაუმალა ბანკს ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა და მოტყუებით მიიღო დიდი ოდენობით კრედიტი. თუმცა, როგორც თავად ადეიშვილი აცხადებს, ამ პერიოდში არანაირი დავა არ მიმდინარეობდა, მეტიც უკვე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ადეიშვილი ამ მიწის კეთილსინდისიერ შემძენად ცნეს. ბიზნესმენის განმარტებით, სს ბანკ „რესპუბლიკასგან“ 1 100 000 აშშ დოლარი ჰქონდა კრედიტად გამოტანილი, რის უზრუნველსაყოფადაც არაერთი უძრავი ქონება, მისი და მეგობრების საცხოვრებელი სახლები ჰქონდა იპოთეკით დატვირთული.

აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულ ბიზნესმენს 2009 წლის 25 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო ვადა ეტაპობრივად ცხრა თვემდე გახანგრძლივდა. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ადეიშვილი იხსენებს, მასზე პერმანენტულად მიმდინარეობდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ბრალის აღიარების მოთხოვნით.

"ერთ საღამოს საკნიდან გამიყვანეს და შემახვედრეს ორ ჩემთვის უცნობ პიროვნებას. მათ პირდაპირ მომთხოვეს ბრალის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

მითხრეს სხვა შანსი არ გაქვს - ორი ბიჭი გყავს, ერთს ნარკოტიკებს ჩავუდებთ და მეორეს იარაღსო, ორივეს გვერდით მოგისვამთ და მერე უფრო დიდი პრობლემები გექნებაო. ამან საბოლოდ გამტეხა და დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებაზე.

გადავიხადეთ 30 000 ლარი და საპყრობილე დავტოვე. ჩემი გამოსვლის შემდეგ ყველაფერი წართმეული დამხვდა. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე გადააფორმეს, შპს "ლეონის" 50 %, რომელიც მამაჩემს ეკუთვნოდა, ჩემმა თანამოწილემ თავის სახელზე მოტყუებით გადაიფორმა, კომპანია უკვე ისედაც გაკოტრებული იყო. გამოსულს დამხვდა ბანკის ვალი, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ჩემი და ჩემი მეგობრის საცხოვრებლებით, საქმე აღსრულებამდე იყო მისული, მე კი ამ თანხის გადახდის არანაირი ბერკეტი არ დამიტოვეს..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში დავით ადეიშვილი.

უკვე მერვე წელია ბიზნესმენის საქმეს საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს. რვა წლია დავით ადეიშვილი და მისი უფლებადამცველები მიმართავენ პროკურატურას და ითხოვენ პასუხს კითხვებზე - რა ეტაპზეა გამოძიება? რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში? პროკურატურა მერვე წელია დუმს. საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა სახალხო დამცველი და საკანონმდებლო ორგანოც.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი დიმიტრი ნოზაძე, რომლიც ამჟამად ადეიშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არ იძიებს საქმეს, ვინაიდან მასში ისეთი პირების სახელები ფიგურირებს, როგრებიც არიან - ირაკლი შოთაძე და ზურაბ ადეიშვილი.

მაშინ გენერალური პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი, უშუალოდ ამ საქმის პროკურორი კი ირაკლი შოთაძე, ეს მოცემულობა თავისთავად სცემს პასუხს შეკითხვას, თუ რატომ არაფერს აკეთებს პროკურატურა უფლებადარღვეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად.

არ დაგვიტოვებია უწყება, რომლისთვისაც კი შეიძლებოდა მიგვემართა, ყველას უპასუხოდ ტოვებს პროკურატურა. რვა წელი ვერაფერი დაადგინეს?! ჩემი ინფორმაციით, ელემენტარულად დაკითხულიც კი არ ყავთ ის პირები, რომელთა დაკითხვაც უპირველესი უნდა ყოფილიყო, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ვითხოვთ, გვცნონ დაზარალებულად, მაგრამ ამაზე ზედმეტია საუბარი, პასუხსაც არავინ გცემს. ხელოვნურად აჭიანურებენ საქმეს, რომ როგორმე ხანდაზმულად ცნონ და შეწყვიტონ მასი წარმოება, რათა არავინ მიეცეს პასუხისგებაში. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას!" - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

დავით ადეიშვილმა AMBEBI.GE-ს ისიც უამბო, რომ ანონიმური ნომრიდან მის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება, სადაც მას და მის შვილს გაჩერებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "შუბლის გახვრეტით" ემუქრებიან. ქონებაწართმეული ბიზნესმენის თქმით, მან ეს ტექსტური შეტყობინება პროკურატურას წარუდგინა, თუმცა ამ ფაქტზე საქმე დღემდე არ არის აღძრული.

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს