ავტორი:

"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის

"არაბები იღებენ სერიალს, რომელშიც ქართული მაფიაა ნაჩვენები" - ვინ არის პიროტექნიკოსი, რომელიც უამრავ ქართულ ფილმში სპეცეფექტებს ქმნის

მის ცხოვრებაში კინოსამყაროსთან ურთიერთობა თავისთავად მოხდა. ფიქრობს, რომ იქ აღმოჩნდა, სადაც საჭირო იყო. რამდენიმე ფილმში, მათ შორის "მაიტა ნასოსი 1" და "მაიტა ნასოსი 2" პატარა ეპიზოდებშია გადაღებული. მისი მთავარი მოვალეობა კამერის უკან დგომა და სპეცეფექტების მართვაა. "პიროტექნიკოსობა იმდენად სენსიტიური პროფესიაა, თავს ვიკავებ, რომ ახალგაზრდებს ვასწავლო, ვერ ვენდობი. შეიძლება მათ რაღაც დავავალო, მაგრამ სწავლა ნაადრევი მგონია. პატარა ასაკში ფანტაზია ჯერ ჩამოუყალიბებელია და რა ვიცი, რას გააკეთებენ? საშიშია, მერე თავი გექნება მოსაკლავი. ამ პროფესიას დიდი პრაქტიკა და დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება", - ამბობს სოსო გვასალია, რომელიც წლებია კინოსტუდიაში მუშაობს და მოსაყოლიც ბევრი აქვს.

- პირველ კინოგადაღებას დაახლოებით 10 წლის ასაკში დავესწარი. ბიძაჩემი ალექსანდრე გვასალია არის კინოოპერატორი, რომელიც იღებდა ფილმს "ქართველები ცაში". პლეხანოვზე, ძველი კინოსტუდიის დიდ პავილიონში იდგა თვითმფრინავი, შუა ნაწილი ამოღებული ჰქონდა და სალონში მიდიოდა გადაღებები. მახსოვს მეუბნებოდა, აქ დიდხანს არ დადგე, ორპირიაო. სალონი მილივით იყო და ორივე მხრიდან უბერავდა. ყველა ერთმანეთს აფრთხილებდა, არ გავცივდეთო. სხვათა შორის, ბიძაჩემს არ უნდოდა კინოსტუდიაში მემუშავა. როცა სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ერთმა კინომხატვარმა უთხრა: გამატანე შენი ბიჭი, წავიყვან და ერთ-ორ კაპიკს "გავაკეთებინებო", მან კი უპასუხა: ამას თავისი საქმე აქვს, კინოსტუდია ჭაობია, მანდ ადამიანი არ უნდა შეუშვაო. მაშინ 90-იანი წლები იყო... მართლაც, კინოსტუდიას თავისებური მაგნიტი აქვს.

- მხატვრის პროფესიით არ გიმუშავიათ?

- ჩვენმა თაობამ ვერ განახორციელა ის, რაც გვინდოდა. 90-იანი წლები იდგა. ხისა და ლითონის გამოყენებით ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე მინანქარი შევისწავლე დამოუკიდებლად. სარდაფში მქონდა სახელოსნო და შეკვეთებზე ვმუშაობდი. იუველირობით ბევრი ვირჩენდით თავს. სადიპლომო მინანქარზე დავიცავი, მქონდა პატარა კომპოზიცია 2-3 სმ-ზე (იცინის). სხვა დავალებაც შევასრულე, ხისა და ლითონის მხატვრულ დამუშავებას რაც ეხებოდა.

- თქვენი პირველი ფილმი "ყავა და ლუდი" იყო. რას გაიხსენებთ?

- თვითგადარჩენაზე როცა მუშაობ, კალატოზიც ხარ, შემდუღებელიც... ხან რას მოედები და ხან რას. ადამიანი არ უნდა გაჩერდე. ამ ფილმზე თავიდან "ბუმერად" გამიშვეს, მერე ცოტა დამაწინაურეს და ა.შ. "ყავა და ლუდი" საინტერესო პროექტი იყო. ზაზა ბუაძე კომფორტული რეჟისორია. ასეთ რეჟისორთან ყველაფერი გამოგდის, მიუხედავად იმისა, რომ მას მილიონი საფიქრალი აქვს. ზაზას დამსახურებაა, რომ სერიალი იყო ლაღი, გამართული ქართულით საუბრობდნენ, ბაბუას და შვილიშვილს ერთად შეეძლოთ ყურება და არ ისმოდა უწმაწური სიტყვები. დეტექტიური ჟანრის სერიალში, ერთ ფილმში ერთი ისტორია მთავრდებოდა. მეორე სეზონზე, უკვე ორ სერიაში იყო ერთი ამბავი ნაჩვენები. ზაზა არის უნიჭიერესი კაცი-ბულდოზერი, ყველაფერს ასწრებდა: სცენარის დაწერა, პურმარილი ჯგუფთან ერთად, მონტაჟი, ხმის გასწორება და ა.შ. იწყებოდა შემდეგი სერია და ყველაფერი ისევ მეორდებოდა. საშინელი პერიოდი გავიარეთ, "ორ კაპიკად" ვმუშაობდით, მაგრამ საინტერესო და ხალასი ურთიერთობა გვქონდა. კინოსტუდიას სხვა პეწი აქვს, ყველა ერთმანეთს ვუვლიდით და ერთი ოჯახი ვიყავით. მაშინ დავიწყე პირველ სპეცეფექტზე მუშაობა.

- ვინ დაგეხმარათ პირველ სპეცეფექტზე და რა დრო სჭირდება მის მომზადებას?

- არავინ მომხმარებია, ჯერ პატარ-პატარა რაღაცებს ვაკეთებდი და თანდათან პრაქტიკაში ვისწავლე. მომზადებას რაც შეეხება, ეპიზოდს გააჩნია. ახლახან გერმანელები საკვების თემაზე რეკლამას იღებდნენ. ერთი დღით ადრე მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უნდოდათ ქვაბიდან ორთქლის გადმოსვლის გადაღება. იმის იმიტაცია, რომ მოთუხთუხე ქვაბიდან ცხელი კი არა, ცივი ორთქლი ამოდის, ისეთი უბრალო რაღაცისგან გავაკეთეთ, რომ გაგიჟდნენ. ამას იქ სხვანაირად, დალაგებულად და აპარატურით აღწევენ. ჩვენთან უცხოელები ჩამოდიან იმიტომ, რომ ყველაფერი იაფი უჯდებათ. ფრანგებმა აქ გადაიღეს "მზის გოგოები", ფილმი კანის ფესტივალზე წარადგინეს, რაც ძალიან გამიხარდა. იმათ სპეცეფექტების სუპერვაიზერი ჰყავდათ ჩამოყვანილი.

ყველაფერს მე ვაკეთებდი, ოღონდ მასთან შეთანხმებულად. ჩემთვის სერიოზული პრაქტიკა იყო ფილმი "აგვისტოს 5 დღე", სადაც რუსებთან ერთად დიდი სამუშაო შევასრულეთ. კომფორტი იყო ტესტების კეთება, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერს გამოცდილების ხარჯზე ვაკეთებთ, არადა ტესტი აუცილებელია. ამ ფილმზე ომის სცენების დროს სამხედრო კონსულტანტები და ინჟინრები მუშაობდნენ. ისინი იმიტომ მოგვყავს, რომ მასალა მოაქვთ. აბა, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ერთ-ერთი გადაღებისას, როცა ჩვენ სხვაგან ვიღებდით კადრებს, თურმე ინჟინრებმა ავტობუსი ისე ააფეთქეს, რომ სულ დაიფლითა, კადრში აღარაფერი დარჩა. ბიჭები ხუმრობდნენ: ლამის დაგვხოცეს, ნახევარი საათი ნაწილები ცვიოდაო. ისინი მართლა აფეთქებენ, თუმცა უსაფრთხოებას ათმაგად იცავენ. ბევრჯერ შემდავებიან, კონკრეტულ ადგილზე არავინ უნდა იდგესო. ვიცოდი, რომ უსაფრთხო იყო და არაფერი მოხდებოდა, პასუხისმგებლობასაც ჩემს თავზე ვიღებდი, მაგრამ ისინი მაინც ფრთხილობდნენ. მაგათ სამხედრო ხედვა აქვთ და ისე აფეთქებენ, მე აფეთქება არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, იმაში ვერ შემეჯიბრებიან...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი