ავტორი:

რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

რეზო ესაძის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

21 თებერვალს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის: პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

ვარსკვლავის გახსნის პატივი ბიძინა ივანიშვილს ერგო - მან დაფარულ წარწერას "რეზო ესაძე" ოქროსფერი ვარსკვლავი აპლოდისმენტებისა და ფოიერვერკების ფონზე ახადა.

ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ღონისძიების ფოტოები განათავსა ასეთი მინაწერით:

"რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნა! ეს უკვე ისტორიაა!!! ისტორიას კი გაფრთხილება უნდა!!! დიდი მადლობა ირაკლი და ნათია გედენიძეებს საინტერესო ფოტოების მოწოდებისათვის" - წერს ოქიტაშვილი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ვარსკვლავის გახსნამდე რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.

ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი: "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"; "ნეილონის ნაძვის ხე" (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან-პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); "საქორწილო საჩუქარი"; "წისქვილი ქალაქის გარეუბანში"; "ერთი ნახვით შეყვარება" (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); "წკიპურტები"; "ყოველ შაბათს" (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); "წამზომი"; "ოთხი ფურცელი"; "ფრო"; "ერთხელ".

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს 10 მთავარი და ასევე ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორების ფილმებში.

ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

ფოტო: ირაკლი და ნათია გედენიძეები