ავტორი:

თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფოტოალბომი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა დროში გამოგზაურებთ

თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფოტოალბომი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა დროში გამოგზაურებთ

"თბილისი - ტფილისი" - ეს ფოტოალბომი ფრანგი ფოტოგრაფისა და ქართველი არტ-პროდუსერის საერთო ნამუშევარია, რომელიც ძველ თბილისში გამოგზაურებთ და თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგცემთ.

წიგნის იდეის ავტორის, ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტის ნამუშევრის მეშვეობით, თქვენს საცხოვრებელ უბანს სულ სხვანაირად შეხედავთ, მის ისტორიას უფრო ღრმად გაეცნობით. ფოტოგრაფმა ის უმცირესი დეტალებიც დიდი დაკვირვებით ასახა, რაც ხშირად, აღქმადი არ არის ხოლმე.

ორელიენ ვილეტი და არტ პროდიუსერი დალი უბილავა დე-გრააფი ძველი თბილისის კარს სადარბაზოებიდან გვიხსნიან, გვაჩვენებენ მათ არქიტექტურას, იმ დამღას, რომელიც მათ დრომ დაასვა; გვაჩვენებენ თბილისის მრავალფეროვან სახეს, რომელიც როგორც მის განვითარებას, ისე ნგრევის ეპოქას ასახავს.

ფოტოხელოვანმა თავის ობიექტივში, როგორც სადარბაზოები და ეზოები, ისე სამების საკათედრო ტაძარი, სიონის ტაძარი, სინაგოგა, მეჩეთი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სასამართლო, მწერალთა სახლი, სამხატვრო აკადემია და იუსტიციის სახლიც კი აღბეჭდა. წიგნ-ფოტოამბავზე მუშაობისას ავტორებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს, რის შესახებაც შთაბეჭდილებები Ambebi.ge-ს გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფოტოამბის ავტორი გამოცდილი ფოტოგრაფია, რომელმაც უკვე 40-მდე ქვეყანა მოინახულა და მათი ისტორია გადაიღო. ეს ორიელიენ ვილეტის საქართველოში მოგზაურობის პირველი შემთხვევა არაა, ცოტა ხნის წინ, მან საკუთარ ფირზე ოკუპირებული აფხაზეთიც აღბეჭდა და მთელი მისი მიტოვებულობისა და მოუვლელობის სევდა ულამაზესი ფოტომასალით წარმოაჩინა.

ორელიენი იხსენებს, რომ თბილისი, პირველად, 2013 წელს აღმოაჩინა. ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ დედაქალაქში ბევრი რამ შეიცვალა. ამ ცვლილებების დანახვა თბილისელებისთვის შედარებით რთულია, რადგან მათი თვალი ამ სივრცეს ძალიან შეეჩვია. მისი გამოცდილების მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქალაქის ასეთი სწრაფი ცვლილების ნახვის შესაძლებლობა მიეცა. "რაღაცები მიდიან, რაღაცები იცვლებიან, რაღაცები კი იბადებიან", - აღნიშნა ორელიენმა.

"თბილისი ყოველთვის იყო უამრავი გავლენის ქვეშ და ეს ბოლო ათწლეულიც ვერ გაექცა ამ ისტორიას. ეს განვითარება არ ხდება კითხვების გარეშე, რა მოუვათ ძველ სახლებს, ძველი ადგილების საზოგადოებრივ ცხოვრებას, გარკვეულ უბნებს? როგორ მოერგებიან ახალი შენობები ძველ გარემოს? როგორ გადაწყდება ურბანული დაგეგმარების საკითხები, როგორიცაა საგზაო სისტემა? ეს არის ის უზარმაზარი საკითხები რომლებიც თბილისშია აქტუალური და აღნიშნული საკითხების გადაჭრას მისი ტოპოგრაფიაც ვერ უწყობს ხელს", -აღნიშნა ფრანგმა ფოტოგრაფმა.

მან თავის ნამუშევრებში სწორედ ეს ძველისა და ახლის კონტრასტი აღბეჭდა და ეცადა, ჩვენთვის, როგორც თბილისელებისთვის ეჩვენებინა, რომ სწრაფი ურბანიზაციის პროცესში შესაძლოა, ქალაქისთვის ღირებული, ისტორიული იერსახე, უბრალოდ, დაიკარგოს. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ ის, რაც დედაქალაქში ჯერ კიდევ შემორჩენილია და გასული საუკუნეების ისტორიას მოგვითხრობს, უნდა შევინარჩუნოთ, ამის საილუსტრაციოდ კი თბილისის ძველი უბნები შთამბეჭდავ ფოტოალბომად აქცია.

შეკითხვაზე, ჩვენთვის, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებთათვის, წიგნი - ფოტოამბის დათვალიერებას თბილისის თანამედროვე ისტორიის შესაცნობად, რა მნიშვნელობა აქვს, ორელიენი პასუხობს, თავისი ნამუშევრებით უნდოდა, წარმოეჩინა, როგორც ის ადგილები, რომლებიც თითქმის აღარ არსებობს, ისე ის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც დროის მსვლელობასთან ერთად, უბრალოდ გაქრა.

"მიმაჩნია, რომ ამ შენობებისგან, ამ გარემოსგან დისტანცირება, მათი დავიწყება სოციალური ინტერაქციის საფრთხეში ჩაგდებას ნიშნავს. ეს ნამუშევარი ჩემს ფიქრებს პირდაპირ ურბანული განვითარებისკენ, სხვადასხვა ტერიტორიისა და ევოლუციისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ფოტოები, რომლებიც მე წიგნისთვის გადავიღე საბოლოო ვერსიას არ წარმოადგენენ. წიგნში მოცემულია ყველაფერი, რა იდეებზეც წინასწარ ვფიქრობდი დ აამ პატარა გეოგრაფიულ არეალში განვიხილავდი (განხსვავებულობა, ისტორია და ა.შ). სირთულეს წარმოადგენდა ყველა იმ შესანიშნავი ადგილისთვის კონკრეტული მისამართის, დანიშნულების მინიჭება, რომელთა წიგნში ინტეგრირებაც არ ხერხდებოდა", - აღნიშნა ორელიენ ვილეტმა.

იმის გამო, რომ ფოტოგრაფი თავის ბევრ ნამუშევარს "ვერ შეელია", არ გამორიცხავს, რომ ისინი მომავალ გამოცემაშიც კი მოხვდნენ. შესაბამისად, ფრანგი ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისის კიდევ ერთი ნაწილიც შეიძლება ვიხილოთ.

თბილისის ფოტოამბავზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ფრანგმა ფოტოგრაფმა საკუთარი შთაბეჭდილებები იმ ადგილების შესახებ გაგვიზიარა, რომლებმაც მასში ყველაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამხატვრო აკადემია და ძველი თბილისი - ეს ის ადგილებია, რომლებიც ორელიენ ვილეტს ყველაზე მეტად მოეწონა. წიგნშიც, ეს შენობები და უბნები სწორედ ისეა წარმოჩენილი, როგორც ფოტოგრაფმა Ambebi.ge-სთან საუბარში აღწერა.

"შთამბეჭდავი იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც დიდი სამკითხველო დარბაზში წიგნების თაროებს შორის სიჩუმე სუფევს. ამ ოთახიდან პირდაპირ ეზოში გადიხარ, ეს გარემო კი ტარკოვსკის ფილმებს მახსენებს. წიგნები მიყვარს და ამ სივრცეში აღმოჩენა პარალელურ სამყაროში ყოფნას გავს. ის გაფორმებულია ქართული, დეკორატიული ორნამენტებით, დარბაზი კი სავსეა წიგნებით. ეს ყველაფერი ერთად, თითქოს წარსულის მოგზაურობას ჰგავდა. მიყვარს ადგილები, რომლებიც წარსულზე ინფორმაციის წვდომის საშუალებას გაძლევენ", - აღნიშნავს ორელიენი.

ფრანგმა ფოტოგრაფმა ნამუშევრებზე სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზიც აღბეჭდა, ყველაზე დიდი ყურადღება კი საღებავების ქვეშ შემალულ ორნამენტებზე გაამახვილა, რომლებიც, მისი თქმით, შენობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"ჩემს ფოტოებში როგორც განახლების პროცესი, ისე წარსული მაქსიმალურად არის წარმოჩენილი. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც პროექტის განხორციელებისას საინტერესო იყო, ქალაქის ძველი ნაწილია. აქ ჯერ კიდევ არის ტიპური ხის აივნების ხიბლი, შენარჩუნებულია მე-19 საუკუნის არქიტექტურული სტილი, რომელიც შენობებში შემალულ, მანქანებით სავსე ქუჩებს მოიცავს”, - აღნიშნა ორელიენ ვილეტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ორელიენ ვილეტი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელსაც არაერთ გახმაურებულ პროექტზე აქვს ნამუშევარი, აღნიშნავს, რომ ფოტოამბავზე მუშაობა იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ გამოცდილება.

"წიგნზე მუშაობა მხოლოდ კონკრეტული ადგილების დათვალიერებას არ გულისხმობდა. ეს იყო თითოეული ადგილის სოციალური ხასიათის დანახვა, მისი შეცნობა, სიახლეების შეგრძნება, ემოციების აღქმა და ევოლუციის მიმართ ადგილობრივების შიშის დანახვა. როცა ამ პროექტზე მუშაობისას გარკვეული მიზნები დავისახე, არ მიფიქრია, რომ მათი შესრულებისას ამდენ რამეს შევიტყობდი და ასეთ სიღმეებში წავიდოდი: არქიტექტურა, მათი სპონსორები, მომხმარებლები, მსხვერპლი და ცვლილებებზე პასუხისმგებელი პირები. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პროექტი სწორედ თბილისში განვახორციელე და ვიმედოვნებ, მსგავსი საშუალება სხვა ქალაქებშიც მომეცემა", - აღნიშნა ორელიენ ვილეტმა.

ფოტოამბავზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით, საკუთარი შთაბეჭდილებები AMBEBI.GE-ს დალი უბილავა-დე გრააფმაც გაუზიარა. როგორც არტ-პროდუსერი იხსენებს, რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ ორელიენ ვილეტის შეთავაზებას დათანხმდა, რომ ალბომზე ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაეწყოთ. შეთანხმებას 2017 წელს მიაღწიეს, უამრავი ფოტოსესიისა და დიდი ოდენობით ლიტერატურის გაცნობის შემდეგ კი მუშაობა თითქმის ორი წლის შემდეგ დაასრულეს.

„თბილისზე უამრავი შესანიშნავი ალბომია შექმნილი. ვფიქრობ, ეს ალბომი მათ შორის გამორჩეულია, სპეციფიურია, უნიკალურია. რამდენიმე თავისებურაბეს გამოვყოფდი მანამდე კი გავიმეორებ ერთი კომპეტენტური უცხოელი კოლეგის აზრს: „ესაა ალბომი მაგნიტი, რომელიც ხელში აღებისთანავე გიზიდავს და გიხმობს, რომ სასწრაფოდ გადადო ყველა საქმე და ესტუმრო ამ მაგიურ ქალაქ თბილისს“. ძნელი მისახვედრი არაა, თუ ფოტოალბომი თუ ასეთ განწყობას აღძრავს პუბლიკაში - ესე იგი, მიზანი მიღწეულია“, -აღნიშნა დალი უბილავა-დე გრააფმა.

არტ-პროდუსერი აღნიშნავს, რომ თითოეული ფოტო მხოლოდ ამ ფოტოალბომისთვის გადაღებული და ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა, - “იგივე ითქმის ტექსტობრივ მხარეზეც, რომელიც არის შესანიშნავი ლიტერატორის, თამარ შაიშმელაშვილის მიერ მოკლედ, საინტერესოდ გადმოცემული და იმ ეპოქის სურნელით გაჯერებული პატარა ისტორიები.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ამჯერად ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტულია "ემიგრანტები საქართველოსთვის" მიმართულებით, ესაა კიდევ ერთი მოკრძალებული წვლილი ქართველი ემიგრანტისა, მისი საერთაშორისო კონტაქტებისა საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში”, - განმარტა დალი უბილავა-დე გრააფმა, რომელიც უკვე მრავალი წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს და იქ საქმიანობს.

დალი უბილავა-დე გრააფის თქმით, მისთვის მუშაობის პროცესი უაღრესად რთული და საინტერესო იყო, საბოლოოდ კი, ფოტოალბომის განსაკუთრებულობა გამოიხატა ისტორიების, ფერების, ხასიათისა და სხვადასხვა სტილის მრავალფეროვნებაში.

„აღმოჩენებს რაც შეეხება, მიხარია რომ ამ პროექტმა - ფოტოალბომმა "ტფილისი-თბილისი" ერთ "ჭერქვეშ" გააერთიანა არა მხოლოდ სხვადასხვა ეპოქის და თანამედროვეობის ათეულობით სრულიად სხვადასხვა სტილის, იტორიის მქონე შენობები, არამედ დღეს, 21-ე საუკუნის 10-იან წლებში, ამ შენობების კედლებში მოღვაწე თუ მცხოვრები ადამიანები, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციები, სამთავრობო და არასამთავრობო, კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობის ორგანიზაციები. უკან რომ გავიხედავ თვალწინ კინოფირივით მიტრიალებს ამ პროექტში ნებისმიერი სახით ჩართული თითოეული ადამიანის სახე, კეთილგანწყობა, ენთუზიაზმი”, - აღნიშნავს წიგნის ერთ-ერთი ავტორი.

ინახავს თუ არა ეს წიგნი - ფოტოალბომი საქართველოს უახლეს ისტორიას?

ამ კითხვაზე დალი უბილავა-დე გრააფიც ორელიენ ვილეტის მსგავსად პასუხობს, რომ დიახ, ეს იყო ქალაქის კიდევ ერთხელ აღმოჩენა და მისი თანამედროვე ისტორიის შთამბეჭდავად წარმოჩენა.

„ღრმად მჯერა, რომ თბილისზე, მის მრავალფეროვან არქიტექტურაზე, ხასიათსა და უნიკალურობაზე გამოცემულ ლიტერატურაში ჩვენი ფოტოალბომი თავის ნიშას დაიკავებს. მეტსაც გაგანდობთ, რომ ფოტოალბომს უკვე ელოდება საკუთარი ღირსეული ადგილი ჰოლანდიის და საფრანგეთის ბიბლიოთეკებში. მსოფლიოს ქალაქებზე წიგნების კატალოგებს ამჯერად "ტფილისი-თბილისიც" შეემატება”, - აღნიშნა მან.

დალი უბილავა-დე გრააფის, ორელიენ ვილეტის, გამომცემლობა „პალიტრა L”-ისა და თბილისზე შეყვარებული სხვა ენთუზიასტების მეშვეობით, შეიძლება, საკუთარ ქალაქში ტურისტების ჯგუფთან შერევა და იმ ადგილებისა და შენობების თავიდან აღმოჩენა თქვენც მოისურვოთ, რომელსაც ხანდახან გულგრილად ჩაუვლიდით-ხოლმე, თითქოს მათ შესახებ ახალს ვერაფერს შეიცნობდით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი