ავტორი:

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას - რა რეგულაციები მიიღო გერმანიის პარლამენტმა

გერმანიის მთავრობის მიერ პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა, იან ბითნერმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის.

იან ბითნერის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, მას თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეეძლებათ, სამუშაო ფორმალური დიპლომის გარეშე მოიძიონ. ახლა აღნიშნული კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის, ამიტომ კონკრეტულ პროცედურებზე საუბარი არ შემიძლია. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, - განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გერმანიის პარლამენტმა კრიმინალთან ბრძოლისთვის გარკვეული რეგულაციებიც მიიღო.

„გერმანიის სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე ქართველთა კრიმინალური ბანდები ნამდვილად ქმნიდნენ პრობლემებს. რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ შევამცირეთ თავშესაფრის განხილვის პროცედურის ვადა და უფრო სწრაფად ხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ასევე, გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის რაოდენობა. 2018 წელს საქართველოში იძულებით 1085 პირი დავაბრუნეთ.

დეპორტაციის შემთხვევაში პირს გერმანიაში მინიმუმ 5 წლის ვადით შესვლა ეკრძალება. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს ვადა 10 წლამდე განისაზღვრება. გარდა იმ 1085 პირისა, რომლებიც გერმანიიდან იძულებით იყვნენ დეპორტირებულები, არიან პირები, რომელთაც განაცხადზე ეთქვათ უარი და მათ გერმანია ნებაყოფლობით დატოვეს“, - განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა ისევ იმატა. ამის მიუხედავად, იან ბითნერის თქმით, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვიზების ლიბერალიზაცია დიდი მიღწევაა. ახლა ევროკავშირში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცილებით იოლია და გასულ წელს გერმანიაში ქართველ ვიზიტორთა მკვეთრი ზრდა აღინიშნა.

ვიზების ლიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით, გასული წლის დასაწყისში ასეთი განაცხადების რიცხვი გასამმაგდა. ეს იყო მიუღებელი მდგომარეობა, რომელიც უვიზო რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

ამასობაში, გერმანიაში ასეთი განაცხადების რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ამჟამად არსებული რაოდენობაც ჯერ კიდევ დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფაქტობრივად, არ აქვთ შანსი, გერმანიაში თავშესაფარი მიიღონ. ყოველი ასეთი საქმე იწვევს უაზრო ხარჯებს და ხშირად უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული.

გასულ წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო, უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან გერმანიისთვის უკვე მიუღებელი იყო, რომ ხალხს უვიზო რეჟიმი ამ მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაშინ ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან კარგად თანამშრომლობს. თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ ეს რიცხვი შემცირდა.

ამ წლის იანვარში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა ისევ იმატა. როგორც აღვნიშნე, შანსი იმისა, რომ ვინმე ამ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, თითქმის ნულის ტოლია. ვინც 2018 წელს ითხოვდა თავშესაფარს, მათგან თანხმობა მხოლოდ 0,2%-მა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილებოდა. მე მოველი, რომ წელსაც თანხმობათა რაოდენობა ისეთივე დაბალი იქნება, როგორც გასულ წელს“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსმა იან ბითნერმა.

2018 დეკემბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 303, ხოლო იანვარში 534 იყო. ამასთან, გასულ წელს, გერმანიის ფედერაციისგან თავშესაფრის სტატუსი სულ 4 265-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ 0,2%-მა მიიღო.

"მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის" - რას ამბობენ დასაქმების სააგენტოში გერმანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

მეოთხედ ჩაშლილი აუქციონი - "რიყის დოქები"  50%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ისევ ვერ გაიყიდა