ავტორი:

"როცა თეირანში სადილი იმართებოდა, მსოფლიოს ბედი სამი ქართველის ხელში იყო..." - ჩერჩილის ქართველი მრჩეველი, რომელსაც ბერიამ ორჯერ მოუწყო თავდასხმა

"როცა თეირანში სადილი იმართებოდა, მსოფლიოს ბედი სამი ქართველის ხელში იყო..." - ჩერჩილის ქართველი მრჩეველი, რომელსაც ბერიამ ორჯერ მოუწყო თავდასხმა

...1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სამი მოკავშირე ქვეყნის: საბჭოთა კავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მეთაურებს - სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს - უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს მომავალი. ჩვენ არ შევუდგებით ისტორიისთვის თეირანის კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბარს - ამაზე არაერთხელ დაწერილა. დღეს ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან პიროვნებაზე შევაჩერებთ - საინტერესოა, რომ თუ კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი სამსახურის ქართველი თანამშრომლები წარმოადგენდნენ, დიდი ბრიტანეთს ერთ-ერთი წარმომადგენელი ასევე ქართველი - მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი) იყო.

უცხოეთში წარმატებული კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

- კვიტაშვილები წარმოშობით რაჭიდან არიან. ეს გვარი ზემო კრიხის ეკლესიის ფრესკებზე გამოსახული კვიტაიდან წარმოშობილა. ამ გვარის წარმომადგენელი XV საუკუნეში 11 წელი ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი. სიგელ-გუჯრებში კვიტაშვილები მოხსენიებულნი არიან, როგორც მრავალი საპატიო თანამდებობათა მფლობელები. "კრიხულასა და ხოტევის წყლის შესართავის ზეით, ხოტევის წყლის აღმოსავლეთის კიდეში, ნაღალსა გორასა კლდესა ზედა არს ციხე კვიტაშვილისა ფრიად მაგარი" - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი.

ციხიან აზნაურებს კვიტაშვილებს, სოფელ ველევის გარდა ეკუთვნოდათ სოფლები: ბეთლევი, შხივანა, ზემო და ქვემო კრიხი, სხვავის ნაწილი და ა.შ. ველევს მოხერხებული მდებარეობა ჰქონდა ცხენოსნობისათვის და ხშირადაც იმართებოდა დოღი. კვიტაშვილები კი სწორედ თავიანთი მოჯირითეებითა და ცხენსაშენებით იყვნენ განთქმულნი. რაჭაში ლექსიც კი არსებობდა:

"ჯარი ჯაფარიძისაო, ხრმალი გამყრელიძისაო,

ცხენი კვიტაშვილისაო, კვანტი გოცირიძისაო,

კურდღლაობა წულუკიძისაო, მწევარი წერეთლისაო,

ბაქი-ბუქი აღლაძისაო და მჭადის ფქვილი ბაქრაძისაო".

მერაბის დედა, კულაშელი მართა მიქელაძე ფეხმძიმე ჩაუყვანიათ დედულობაზე ლანჩხუთში - ბებიის, ელისაბედ თაყაიშვილის სახლში ბაქოდან, სადაც იმხანად კვიტაშვილები ცხოვრობდნენ. სწორედ იქ დაიბადა მერაბი 1902 წლის 2 ივლისს. ბაბუამისი მერაბი, ვისი სახელიც დაარქვეს ჩვილს, მრისხანე მებატონე ყოფილა, ბებია ანა ბაქრაძე - სათნო და კეთილი ქალი. მისი სახელი მერაბმა თავის ორივე ქალიშვილს დაარქვა: უფროსს ორივე ბებიის - ელისაბედ-ანა (ელისო), უმცროსს - მერი-ანა. მერაბის მამა სიმონმა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში წარადგინა სადოქტორო თემა "სიკვდილით დასჯის უმართებულობა", რომლითაც სიკვდილით დასჯის გაუქმებას მოითხოვდა. დოქტორის ხარისხი არ დაუმტკიცეს, თუმცა დიდად შეაქეს.

სიმონი ერთხანს ქუთაისის თავადაზნაურთა მარშლის, სვიმონ წერეთლის პირადი მდივანი იყო, მერე ბაქოში გადასახლდა, სადაც დიდი და მდიდარი ქართული კოლონია არსებობდა. იქ იგი ქართველ მრეწველთა იურისტ-კონსულტანტი და აკაკი ხოშტარიას სანავთობე ამხანაგობა "რუპენტოს" 5 დირექტორიდან ერთ-ერთი გახდა. მალე სახელიც მოიხვეჭა და ფულიც დააგროვა, რასაც უმეტესად საზოგადოებრივ საქმეს ახარჯავდა.

1919 წლის დეკემბერში ბიზნესის გამო კვიტაშვილების მთელი ოჯახი, მშობლები 4 შვილით: მერაბი, ვახტანგი, ნინო, თამარი - დროებით საცხოვრებლად ლონდონში გადავიდნენ, გვარად კი "კეი" მიიღეს. მერაბი ოქსფორდის ორუელის კოლეჯში ჩაირიცხა. ფულს ის ინგლისური კომპანია იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა - ჯერ გერმანიაში, შემდეგ - საფრანგეთში. მშობლები დაკრძალული არიან ლევილის ქართულ სასაფლაოზე. კიდევ ერთმა ძმამ, ვახტანგმა დაამთავრა გრენობლის ჰიდროტექნიკური საინჟინრო ინსტიტუტი. ორივე ცოლი ფრანგი ჰყავდა, მისი ქალ-ვაჟი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. თამარის პირველი სპარსელი ქმარი საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლოს კურსანტი იყო, მეორე - გაამერიკელებული არისტოკრატი სპარსელი, ლონდონში სპარსეთის ყოფილი ელჩი. ნინო კვიტაშვილი კი ინგლისელზე გათხოვდა.

მას შემდეგ, რაც სწავლის ფული ფირმამ შეუწყვიტა, მერაბ კვიტაშვილი უფრო იაფ ბირმინგემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთამადნო ტექნოლოგიების შემსწავლელი ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც ინჟინერს, ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში მოუწია მუშაობა და თვით სამთავრობო წრეებშიც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.

- როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა?

- მეორე მსოფლიო ომმა მერაბის აფრიკაში, განაში (ოქროს ნაპირი) მოუსწრო, სადაც ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მაშინვე მიმართა ბრიტანეთის ხელისუფლებას, მიიღო ქვეშევრდომობა და არმიაში ჩაირიცხა. მალე ოფიცერთა სკოლაში გაგზავნეს, საიდანაც ბრიტანეთის ჯარის ჯავშან-სატანკო კორპუსში მიავლინეს. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. ჯავშან-სატანკო კორპუსიდან მალე სამხედრო სადაზვერვო-საინფორმაციო სკოლაში გაგზავნეს კაიროში. იქიდან, როგორც სადაზვერვო განყოფილების ოფიცერი, ჩრდილო აფრიკაში მიავლინეს. ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდა.

რამდენჯერმე მსუბუქად დაიჭრა, 1942 წელს კი სერიოზულად დაიჭრა თავის არეში და მხედველობა დაკარგა, რომელიც მხოლოდ მკურნალობის შემდეგ აღუდგა. კონტრდაზვერვის ოფიცრად იყო ლიბიაში, თეირანის გენშტაბში, სპარსეთში, სადაც ცხოვრობდა მისი და თამარი. სხვათა შორის, სპარსეთში ყოფნისას მერაბს ფერეიდანში უმოგზაურია და უზარმაზარი ეთნოგრაფიული მასალა ჩამოუტანია...

ჩრდილო აფრიკაში ინგლისელთა წინააღმდეგ ფელდმარშალ რომელის შეტევის შემდეგ, სირია-ლიბან-პალესტინაში მყოფი ყველა ინგლისელი ოფიცერი კაიროში დააბრუნეს და სხვადასხვა პუნქტებში მიავლინეს. მერაბი საბერძნეთის კუნძულ კოსზე გერმანული ჯარების განლაგებაზე ინფორმაციის შესაგროვებლად გაგზავნეს, იქიდან იერუსალიმში, შემდეგ - ბაღდადში.

ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე წარადგინეს გენერლის ხარისხზე, მაგრამ ომის დამთავრებამ ხელი შეუშალა ჩინის მიღებაში. ამ ხნის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, ქების სიგელი და ჯილდო.

1952 წელს მერაბ კვიტაშვილი ოჯახით ამერიკაში გადასახლდა, ჯერ ნიუ-იორკში, 1954 წელს - ვაშინგტონში, არლინგტონში დასახლდა, სადაც პოტომაკის გაღმა, ვირჯინიის მხარეზე, რამდენიმე ქართული ოჯახი ცხოვრობდა. ვაშინგტონელ ქართველებს ცალკე სათვისტომო არ ჰქონდათ, ისინი ნიუ-იორკის სათვისტომოს ეკუთვნოდნენ, ამიტომ ისეთ აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდნენ მის საქმიანობაში.

- რას გვეტყოდით მის პირად ცხოვრებაზე?

- 1952 წელს 51 წლის მერაბმა 15 წლით უმცროსი, პარიზში დაბადებული რუსი ემიგრანტი ირინე კედროვა ნიუ-იორკში გაიცნო და ცოლად შეირთო. ისინი ერთმანეთში ფრანგულ-ინგლისურად საუბრობდნენ, ამიტომ ბავშვებმაც ეს ენები შეითვისეს. ელისომ დაამთავრა კაროლინის უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის განხრით, შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობისას, როგორც ექსპერტი, ხშირად იგზავნებოდა უცხო ქვეყნებში. მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი დაამთავრა გეოლოგიის განხრით, მოიპოვა ბაკალავრის, შემდეგ - მაგისტრის ხარისხი. ასწავლიდა კომპიუტერულ საქმეს.

მერაბის ქალიშვილებში კვიტაშვილების გენმა იმძლავრა და ისინი ცხენოსნობამ გაიტაცა - შეჯიბრებებში გამარჯვებულებმა მედლები და სიგელები მოიპოვეს. 1984 წელს ელისომ "კეის" ნაცვლად გვარი "კვიტაშვილი" აღიდგინა, თავის დიპლომატიურ საქმიანობაშიც ამ გვარს იყენებდა და გათხოვების შემდეგაც არ გადასულა ქმრის გვარზე. მისი მიბაძვით მერიმაც დაიბრუნა გვარი.

ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორმა ერეკლე ორბელიანმა მერაბ კვიტაშვილი რედაქტორად მიიწვია (ფსევდონიმი "ნიკო რაჭველი"). იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" ამერიკელი კორესპონდენტი. აწვდიდა წერილებს ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა საქმიანობაზე. ქართული რედაქციის მუშაობა მეტისმეტი დაძაბულობის გამო, მერაბს რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ერთი - პირდაპირ რედაქციაში, ამიტომ შედარებით ადრე - 1972 წელს დირექტორის თანამდებობიდან გააცილეს პენსიაში. გარდაიცვალა 1991 წლის იანვარში, დაკრძალულია ვაშინგტონში.

- როგორ შეძლო ქართველმა ემიგრანტმა დაახლოვებოდა სამთავრობო წრეებს?

- მერაბ კვიტაშვილის ბიოგრაფიაში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში მისი ჩარიცხვა. როცა 1942 წლის შემოდგომაზე რეალური გახდა ამიერკავკასიაში გერმანიის შეჭრა, მოკავშირეთა წინაშე დადგა მის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის დარაზმვის საკითხი. სსრკ მცოდნეთა შორის გავრცელებული 16-პუნქტიანი ანკეტებიდან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა კვიტაშვილის პასუხები. იგი ცალკ-ცალკე განიხილავდა კავკასიელთა ინტერესებსა და პოზიციებს.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო მისი მოსაზრებანი საქართველოს შესახებ, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ფაქტორი: სტალინ-ბერიას ქართველობა, პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელთა დამსახურება ქართველთა წინაშე, ქართველებისათვის ნაცისტური იდეოლოგიის მიუღებლობა, ანტისაბჭოთა განწყობა და ა.შ. მითითებული იყო ის პირობები, რაც მოკავშირეთა მხარეზე გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლას შეუწყობდა ხელს. მისმა პასუხებმა ჩერჩილამდე მიაღწია. ანკეტის პასუხების გარდა, ყურადღება მიიქცია მისმა სამხედრო და საინჟინრო დამსახურებამ, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნამ და იგი დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს.

"მაშ, თქვენ თქვენი ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" - დაინტერესებულა ჩერჩილი, რომელმაც ძალიან დაიახლოვა მერაბი და მალე მისი მრჩეველი გახდა სსრკ საკითხებში.

მემუარებში კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციის მიმდინარეობას, საბჭოთა დელეგაციას, იხსენებს როგორ გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერიას პირველად ბრიტანეთის საელჩოში 27 ნოემბერს შეხვდა. ის ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, დაამთავრა ინსტიტუტი და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. მერაბზე ორი წლით უფროსი იყო. ინგლისელი ოფიცრის ფორმისა და დახვეწილი ლონდონური გამოთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეცნო და მეთვალყურეები მიუჩინა. ერთ დღეს კი მიადგა და პირდაპირ ჰკითხა: "მე მითხრეს, რომ თქვენ ქართველი ხართ". მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი. "ბაქოში ხომ არ ცხოვრობდითო?" ჰკითხა ბერიამ და დასტურის შემდეგ გვარიც ჰკითხა. დედის გვარი უთხრა - მიქელაძე. როცა მისი რაჭველობა გაიგო, ბერია დაეჭვდა "რაჭაში მიქელაძეები არ არიანო".

ბერიამ ჩამოუთვალა ცნობილი ბაქოელი ქართველები: ნიკოლოზ ჯაყელი, იოსებ ჯაყელი, იოსებ დადიანი, სიმონ კვიტაშვილი. მერაბმა თავი მაინც არ გაამჟღავნა, მაგრამ ბერიას მახვილ თვალს რა გამოეპარებოდა?! მეორე დღეს მივიდა და უთხრა ვინ იყო და რა წარმომავლობის. ისიც კი უთხრა, რომ განათლების მინისტრი მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე მისი ნათესავი იყო.

ამით ყველაფერი არ დამთავრებულა - ორჯერ მოუწყო თავდასხმა და მერაბი ორჯერვე სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მისი თანამგზავრებიდან ერთი დაიღუპა, მეორე დაიჭრა. იძულებული გახდა ყველაფერი ჩერჩილისათვის მოეხსენებინა. ჩერჩილმა კატეგორიულად მოსთხოვა სტალინს, შეეწყვიტათ მისი თანაშემწის დევნა და კონფერენციის დატოვებით დაემუქრა. ბერიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი. მაგრამ მერაბი აღარ დაელოდა ბერიას "გულმოწყალებას" და კონფერენცია მის დამთავრებამდე დატოვა.

კვიტაშვილის მემუარებში მოთხრობილია კონფერენციის მიმდინარეობის დროს მომხდარი მრავალი საინტერესო მოვლენა, მათ შორის ჩერჩილის დაბადების დღის აღნიშვნა დიდი ბრიტანეთის საელჩოში: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები - დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი - სტალინი-ჯუღაშვილი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან.

წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი - წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი ნაჭყებია შეუერთდებოდა ხოლმე... მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასოდეს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც თუ ყველას არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელსა და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც" - ეს ვრცელი ამონარიდი კვიტაშვილის წიგნიდან კარგად გვიჩვენებს, თუ რა როლი დააკისრა მეორე მსოფლიო ომის იმ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს.

როცა ჩერჩილი წინა ოთახში გამოსულა, მერაბს მისთვის წერეთელი წარუდგენია. "ჩანს, ჩვენ ქართველებით ვართ გარშემორტყმულიო" - უხუმრია ჩერჩილს.…

თუ საბჭოთა წყაროებიდან შალვა წერეთელისა და კაპიტონ ნაჭყებიას გვარები კარგად ცნობილია, დღეს კვიტაშვილის, იმ მესამე ქართველის გვარიც ვიცით, რომელსაც 1943 წლის 30 ნოემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში ხელთ ეპყრო მსოფლიოს ბედი..."