ავტორი:

"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა

"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთი საინტერესო ბიჭი გავიცანი - რიოსეი სუგინაკა კიოტოდან. იაპონელი სტუდენტი ვარო - ეს ყველაფერი გამართული ქართულით მითხრა. გავოცდი, საიდან ასეთი ქართული-მეთქი? საუბარში შევყევით და ქართული ანბანით მოხიბლული 25 წლის იაპონელი ბიჭის ამბავიც ასე შეიქმნა.

ჩვენს ქვეყანაში 2 წლის წინ ჩამოსულა. კიოტოში, იაპონიის მეორე დედაქალაქში მშობლები, უმცროსი ძმა და ძაღლი მყავსო. იქ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე და და ესპანური ენის განხრით სწავლობს, თუმცა ახლა აკადემიური წელი აქვს აღებული მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და ქართული ენა ესწავლა.

საქართველო და ქართული ანბანი კი პირველად ასე აღმოაჩინა:

"იაპონიაში ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემთხვევით ქართული ენის გრამატიკის წიგნი ვიპოვე, რომელიც იაპონელი ენათმეცნიერის მიერ იყო შედგენილი და ძალიან დამაინტერესა. განსაკუთრებით მომეწონა და მიმიზიდა ქართული ენის დამწერლობამ, ჩემთვის ლამაზი და საყვარელი ასოები აღმოვაჩინე. განსაკუთრებით მომეწონა ლ; ხ; რ... ასოების მრგვალი ფორმა მომეწონა, თითოეული ძალიან საყვარელი იყო. იაპონელებს სხვანაირი დამწერლობა გვაქვს...

თუმცა წიგნი, რომლის საშუალებითაც ქართული ენის, ანბანის და გრამატიკის შესახებ შევიტყვე, ჩემთვის საკმარისი ინფორმაციის შემცველი არ იყო. უფრო ფუნდამენტური ნაშრომი მინდოდა, რომ კარგად მესწავლა ქართული ენა... მალე ყველაფერი ისე მოხდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შანსი მომეცა და აქ ენის შესწავლა ჩემით დავიწყე. რა თქმა უნდა, აქ უკვე წიგნებიც ვიშოვე და მეგობრებთან ურთიერთობით, სალაპარაკო ენა ვისწავლე.

რიოსეი "საქართველოს ვარსკლავს" ესტუმრა

თავიდან ქართველების საუბარი რომ მესმოდა, ვერაფერს ვიგებდი, ცოტა შიშიც მქონდა - დავძლევდი თუ არა ენას, რადგანაც რბილი და სასიამოვნოდ გამოსათქმელი ბგერების გარდა, ხორხისმიერი და ყელისმიერი ბგერებიც იყო. ამიტომ, მეგონა, მისი სწავლისას ყელი მეტკინებოდა, მაგრამ ისე ვისწავლე ყველაფერი, რომ ყელი არ მტკენია. გრამატიკიდან ყველაზე მეტად ფონეტიკის ნაწილი მომეწონა, დარგი, რომელიც ასო-ბგერებს სწავლობს. მოკლედ, დიდი მოტივაცია მქონდა, მონდომება, რაც მიზნის მიღწევაში ძალიან დამეხმარა" - გვეუბნება რიოსეი.

წაიკითხეთ: "საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

25 წლის სტუდენტი იაპონური ენის შესწავლით დაინტერესებულ ქართველებს იაპონური კულტურის ცენტრში ენას ასწავლის.

"ჩემი მოსწავლეები 11 წლიდან 30-წლამდე არიან. იაპონური ადვილი ენა არ არის, სხვანაირი დამწერლობის სისტემა გვაქვს და ქართულისგან შორს არის. სხვანაირი გრამატიკაც გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, მის შესასწავლად მოტივაციაა მთავარი. ამიტომ მე და ჩემს მოსწავლეებს ეს მოტივაცია გვაქვს და სწორი მეთოდით ვსწავლობთ - ასეთ დროს ადვილდება ყველაფერი" - უყვება AMBEBI.GE-ს იაპონელი სტუდენტი.

ქართული ენით მოხიბლულ 25 წლის ბიჭს აზრი ჩვენს ქვეყანაზეც ვკითხე, თუ როგორია მისი თვალით დანახული საქართველო.

"საქართველო უნიკალურია ქვეყანაა, სადაც ასევე უნიკალური ბევრი რამ არის. კონკრეტულად ქართული მასპინძლობის კულტურა მომწონს. საინტერესოა ის, თუ როგორ მასპინძლობენ სტუმრებს. მართლა ლამაზი კულტურაა. ქართულ სუფრაზე ღვინო მნიშვნელოვანია, რომლის გემოც ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრის დალევა არ შემიძლია. კერძებიდან ხინკალი შემიყვარდა, აჭარული ხაჭაპური ძალიან გემრიელია და ქართველების გაკეთებული შაურმაც მომწონს, რაღაც სხვანაირია.

ქართველები გახსნილები ხართ, მეგობრულები, მაგრამ ყველა არა, თუმცა იაპონელებთან შედარებით მეგობრულები. ასევე პოზიტიურად და ნეგატიურადაც ემოციურები. ემოციურები ჩვენც ვართ, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ემოცია ვიცით. ქართული და იაპონური ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდება. უცნაურია, მაგრამ თქვენ ჩხუბი გიყვართ, აქ ცხოვრების მანძილზე ეს ბევრჯერ შევნიშნე და ცოტა არ მომწონს.

საერთოდ, ბევრი რამაა ჩემთვის თქვენს ქვეყანაში მისაღები, მაგრამ კიდევ რაც არ მომწონს, ეს მანქანების მოძრაობაა - ძალიან აგრესიულად დადიან. ასე არ შეიძლება. აქ მანქანებს მძღოლები სახიფათოდ ატარებენ" - გვეუბნება რიოსეი სუგინაკა და დასძენს, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლა ქართულ ენაზე საფუძვლიანად უნდა, ოღონდ მაშინ, როცა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქართულად ლაპარაკს.

ბიჭი, რომელიც 2 წლის წინ საქართველოში იაპონიიდან ჩამოვიდა, გვეუბნება, რომ სერიოზული პრობლემა აქ ადაპტაციისთვის არ შექმნია. უბრალოდ, თავიდან მხოლოდ ის უჭირდა, რომ ქართული არ იცოდა და უმეტესად ინგლისურ ენაზე კონტაქტობდა ადამიანებთან. ამბობს, რომ რუსული ენა აქ ვერ გამოიყენა - "რუსულ ენაზე აქ ვერავის ვესაუბრე, ეს ცოდნა ვერ გამოვიყენე და ცოტა დამავიწყდა კიდეც" - ამბობს რიოსეი.

იაპონელი სტუდენტი აპრილში სამშობლოში ბრუნდება, რადგან აკადემიური წელი იწურება. სწავლას რომ დაამთავრებს, საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს:

"სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ბევრმა იაპონელმა ჯერ კიდევ არ იცის. არადა, საქართველო გამორჩეული კულტურის, ლამაზი და ისტორიული ქვეყანაა. ქართველები, ქართული კულტურა, ისტორია მინდა ბევრმა იაპონელმა გაიცნოს და ამ ქვეყანაზე ბევრი შეიტყონ. ასევე მინდა, რომ ქართველებმაც იცოდნენ ჩვენი ენა და ამისთვის ამ 2 წლის განმავლობაში აქ ყველაფერს ვაკეთებდი", - გვეუბნება რიოსეი სუგინაკა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ