ავტორი:

რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე

რა მოლოდინები აქვთ ნათია თოდუას და დათო ევგენიძეს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალამდე ცოტა ხნით ადრე

ცოტა ხანში "საქართველოს ვარსკვლავი" გამარჯვებულ კონკურსანტს გამოავლენს, რომელიც "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა წავიდეს და ქართული სიმღერა შეასრულოს.

მანამდე კი AMBEBI.GE-ს ცნობილი მუსიკოსები - კონკურსის ჟიურის წევრი ნათია თოდუა და კომპოზიტორი დავით ევგენიძე საკუთარ მოსაზრებას უზიარებენ:

ნათია თოდუა:

- ნახევარფინალი ჩემთვის ემოციური იყო არა როგორც ჟიურის წევრისთვის, არამედ როგორც ყოფილი კონკურსანტისთვის. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ, ჩემი მომავალი ცხოვრებისა და კარიერისთვის სწორედ ნახევარფინალი აღმოჩნდა გადამწყვეტი. ძალიან ვღელავდი.

"საქართველოს ვარსკვლავის" ხუთივე კონკურსანტი, თავიანთი შესრულების მანერით და შესაძლებლობით ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო ისე, რომ არც ვამბობდი, ვინ იყო ღირსი, შემდეგ ტურში გადასულიყო და ვის დაეტოვებინა პროექტი. თუმცა გიორგი ფრუიძეს ფინალში მოხვედრით რომ შანსი მიეცა, კონკურსი არ დატოვა, ეს უმაგრესი რამ არის.

უნდა ვთქვა, რომ 16 წლის კონკურსანტია, ყველაზე უმცროსი, რომელსაც ვგულშემატკივრობდი და ვურეკავდი. ამ პერიოდის მანძილზე დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით თითქოს უკანა პლანზე იყო, მაგრამ შეუძლებელი შეძლო. მადლობა პროექტს, რომ აღმოაჩინა ასეთი ადამიანი და ასეთი მომღერალი. თუმცა ვიმეორებ, თითოეულს ვგულშემატკივრობ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს.

დავით ევგენიძე:

- ყველა კონკურსანტი არის ნიჭიერი ისე, როგორც ყველა ქართველი, რომელსაც ეს მუსიკალური ნიჭი ღმერთისგან საჩუქრად ერგო. ამ კონკურსზე მომწონს, რომ პროექტის მონაწილეებს ქართული სიმღერა აქვთ შესასრულებელი და ისიც, რომ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვებულს "ევროვიზიაზე" ქართული სიმღერა ექნება შესასრულებელი, რომ იმ კონკურსზე ქართული სიმღერა უნდა წავიდეს.

ის სხვა რამ არის, რომელსაც ამ პროექტის კონკურსანტებიც შესანიშნავად მღერიან. თითოეულს თავისი პერსონალური ხასიათი აქვს, ვერავის გამოვარჩევ.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონკურსს თვალს ვადევნებ, არაერთ მეგაპროექტში ჟიურის წევრი, მუსიკალური ხელმძღვანელი ვყოფილვარ. კარგი იქნება, თუ მთლიანად ქართული კონტენტის მქონე მეგაპროეტები გაჩნდება... "ევროვიზიაზეც" ქართული სიმღერა უნდა წავიღოთ.