ავტორი:

"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

"ექთნებს ვუთხარი: ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი" - რაში ადანაშაულებს ორი შვილის დედა ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

ორი შვილის დედა მაია დონაძე სამშობიარო სახლ "ჰერა 2011"-ის ექთნებსა და ექიმს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. როგორც ახალგაზრდა ქალი ყვება, იანვრის დასაწყისში კლინიკაში საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქალს ფეხში ხელოვნური სახსარი აქვს და მისი თქმით, ექთნების დაუდევრობის გამო, სახსარი ამოუვარდა.

კლინიკა პაციენტის პრეტენზიებს არ აღიარებს. უფრო მეტიც - დონაძის მკურნალი ექიმი ქეთი გელაძე მაია დონაძის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. მისი თქმით, პაციენტს კლინიკის მხრიდან ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა და რომ მშობიარე ქალს ფეხის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა - ის ორჯერ არის ნაოპერაციები და ორსულობამ გართულება გამოიწვია.

მაია დონაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

"ჰერაში" მივედი მეორე საკეისრო კვეთისთვის. ბუნებრივია მანამდე ყველა ანალიზი გაკეთებული მქონდა. ოპერაციის დღედ 4 იანვარი დაინიშნა. საღამოს შვიდის წუთები იყო, როდესაც შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ოპერაცია რომ დასრულდა, გადმოყვანის დროს ექთნებმა საწოლზე კი არ გადამაწვინეს, დამაგდეს საკმაოდ შორი მანძილიდან. გაყინული ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი და ვუთხარი კიდეც - ახლა ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი. თუმცა, ვერ ვიფიქრებდი ამას თუ ასეთი პრობლემები მოჰყვებოდა...

მეხუთე დღეს სამშობიაროდან გამომწერეს და სახლში რომ წამოვედი, დამეწყო მაღალი სიცხეები, ჭრილობიდან სითხე გამომდიოდა. ასევე დამეწყო ფეხის ტკივილი, ბავშვი ვერ ამყავდა ხელში და კედელ-კედელ დავდიოდი. საავადმყოფოში მივედი და ფეხზე რენდგენი გადავიღე. იქ მითხრეს, რომ ამოვარდნილი გაქვსო. მოვუყევი ექიმს საწოლზე დაგდების მომენტი და მითხრა ალბათ, ამის ბრალიაო. ხელოვნური სახსარი კარგად იყო ორგანიზმში შეხორცებული და ასე უბრალოდ არ ამოვარდებოდაო", - გვიამბობს პაციენტი.

მაია დონაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ "ჰერაში" მივიდა, სადაც გაუკეთდა ანალიზი და პასუხებმა აჩვენა, რომ ინფექცია ჰქონდა შეჭრილი ორგანიზმში.

"საღამოს "ჰერას" ერთ-ერთმა ექთანმა დამირეკა - დროზე მოდი საავადმყოფოში, უნდა დაგაწვინოთო. სანამ გავემზადე, მკურნალმა ექიმმა დამირეკა და წამალი დამინიშნა, მითხრა ეს გაიკეთე და დილით მოდიო. მეორე დღეს წავედი საავადმყოფოში, გამიკეთეს გადასხმა, ჭრილობა გაწმინდეს და გამომიშვეს სახლში, კლინიკაში არ დამტოვეს. ერთი კვირის მანძილზე დღეგამოშვებით, ხანაც ყოველდღე ახალნამშობიარები ქალი ასე დავდიოდი საავადმყოფოში.

ინფექცია რომ წავიდა, მუცელში სითხე ჩადგა, მერე დაზიანებული ფეხის სახსარი დაჩირქდა. ამის მერე ნახეს მუცელში სითხე იყო, დამაწვინეს საავადმყოფოში, დღეში 5-6 ანტიბიოტიკს და გადასხმას გადასხმაზე მიკეთებდნენ. ყოველდღე ექოსკოპიას მიკეთებდნენ და ამბობდნენ, ბლანტი სითხეაო და თურმე, ჩირქი ყოფილა და არავინ ხმას არ იღებდა. ხან ამბობდნენ შეცოტავდა, მეორე დღეს კი ისევ ისე არისო. მოკლედ მკითხაობდნენ. მერე გადაწყვიტეს, ღუდუშაურში გადავეყვანე. ღუდუშაურმა მიღებაზე უარი უთხრა და აუხსნა, რომ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადაეღოთ. ღუდუშაურში ეს რომ არ ეთქვათ, გადასხმებით გააგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას და ალბათ მოვკდებოდი კიდეც.

ტომოგრაფია გამიკეთდა და იმ საღამოსვე ორთაჭალის კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ტყუილად ვიწექი, ნახეს რომ ჩირქი იყო ორგანიზმში, ამიტომ ინფექციურში გამიშვეს. სხეული და ხორცები იყო ჩათრეული, სისხლი მეწამლებოდა... ექიმმა მითხრა - ორი დღეც რომ დაგეგვიანა, სისხლი იწამლებოდაო.

სხვათაშორის, ამ ერთი კვირის განმავლობაში რაც "ჰერაში" ვიმკურნალე, არაფერში ფული არ გადამიხდია, ექიმმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. არადა რომ კითხოთ, ეს მათი პრობლემა არ ყოფილა და მერე გამირთულდა. ფეხზე ორი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ჩირქის გამო გართულდა მდგომარეობა და ჯერჯერობით ვერ გამიკეთდება. ექიმებს, რომ კითხოთ, ფეხი მანამდე მქონდა ამოვარდნილი და ჩირქიც მქონდა ორგანიზმში. არადა ჩირქი რომ მქონოდა, მუცელი რომ გამიჭრეს ვერ ნახავდნენ?!" - გვითხრა დონაძემ.

პაციენტის მკურნალი ექიმი ქეთი გელაძე დაშვებულ შეცდომებს კატეგორიულად გამორიცხავს, ამბობს, რომ მისი მხრიდან დონაძეს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა.

"ჩვენი მხრიდან, რაც მეან გინეკოლოგის საქმეა, ყველაფერი კარგად ჩატარდა. ფეხი მაია დონაძეს გართულებული აქვს ბავშვობიდან - ორჯერ არის ნაოპერაციები. ფეხი არ ამომიგდია, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო, გაუკეთდა უმაღლეს დონეზე! ქალს ჯანმრთელი ბავშვი ჰყავს. რეგულირების სააგენტოა შემოსული კლინიკაში და ის გაარკვევს ყველაფერს.

დონაძე, რასაც აკეთებს, ეს არის შეურაცხყოფა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი კარგად გაუკეთდა. ამიტომ მის საწინააღმდეგო სასამართლოში აქეთ შემაქვს სარჩელი. მძიმე ავადმყოფი იყო და მესმის, შევდივარ მის მდგომარეობაში. მოვიდა დარღვეული სახსარით და ჩაჩირქებული ორგანიზმით და ჩვენ რა შუაში ვართ?! ეს არის მთელი ერთი წლის პროცესი, უბრალოდ ორსულობამ მისი პროვოცირება მოახდინა. ექთანი ან გინეკოლოგი რა შუაშია ამასთან?!" - უთხრა AMBEBI.GE-ს ქეთი გელაძემ.

საქმეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს, თუმცა როდის დაიდება ამ საკითხზე საბოლოო დასკვნა, უცნობია.

"ამ ეტაპზე უკვე მიღებული გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება დაწესებულებაში შესვლის თაობაზე. შეიქმნა კომისია, რომელიც შევიდა კლინიკაში. დავიწყეთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა, მაგრამ ამით სავარაუდოდ არ დასრულდება და საჭირო იქნება კლინიკური შეფასება უკვე ექსპერტების მხრიდან" - გვითხრა რეგულირების სააგენტოს დეპრტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ხუციშვილმა.

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

ხმაური გორის კლინიკაში - მშობიარეს ახლობლები ნაყოფის დაღუპვაში ექიმებს ადანაშაულებენ