ავტორი:

ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს

ზარმაცი მასპინძლის ბლოგი - როგორ ავცდი საყიდლებზე წასვლას წვიმიან საღამოს

გარეთ ისე წვიმს, თითქოს სამყარო დღემდე ნაგროვებ ტკივილს ყვირის. საცაა ფრაზა „ცა ჩამოიქცა“ მეტაფორულ მნიშვნელობას დაკარგავს და ზეცა პირდაპირ ფეხებში გამიგორდება.

ასეთ დღეებში უნდა გქონდეს სამსახურის, უნივერსიტეტის და საერთოდ, ცხოვრების გაცდენის უფლება, უნდა ვიმალებოდეთ საბნებში და სანამ უკანასკნელი გამყინავი წვეთები ფანჯრის მინებს არ დაეცემა, არ უნდა გვაწუხებდეს არავინ და არაფერი. ყრუდ უნდა გვესმოდეს წვიმის შხაპუნი და არა 60-ს მიტანებული უფროსის იუმორისგან დაცლილი ხუმრობები, რომელზე სიცილიც უკვე თვითშეფასებას გაკარგვინებს.

ასეთ დროს ვამჯობინებ, თავი გადატვირთულად მოვაჩვენო, ინტერესით ჩავკირკიტებ თუნდაც კარგად შესწავლილ-გამოკვლეულ მასალებს და ისევ ვფიქრობ, რამდენი საათი, წუთი თუ ამოსუნთქვა დამრჩა დღევანდელი სამუშაო დღის დამთავრებამდე, მერე მახსენდება, რომ ლოდინი საათის საუკუნოდ გაწელვის ერთადერთი და საუკუთესო გზაა, ამიტომ ჯერ თავს, შემდეგ ფეხებს ვატან ძალას და სკამიდან ვდგები. საკმარისია, ოდნავ მაინც წამოვდგე, ბოსს დავალება მზად აქვს. გამუდმებით სჭირდება რაღაც და რატომღაც გადაუწყვეტია, რომ ეს „რაღაც“ აუცილებლად მე უნდა მივართვა. მერე კი მადლობის ნიშნად იუმორს მოუხმობს და მეტყვის, რომ მე ისეთი გოგო ვარ, აქ კი არა, Momitane.ge-ში უნდა ვმუშაობდე. თუ ჰკითხავ, ეგ რა არისო, სათვალის ქვემოდან ისე გამოგხედავს, თითქოს თვალებით გეუბნება, აბა, ახლა მე ვარ თანამედროვე თუ შენო?! მერე დამაჯერებელი ტონით განგიმარტავს, ინტერნეტში, ონლაინ-სუპერმარკეტია ასეთი, რასაც შეუკვეთავ, ყველაფერი მოაქვთო. ამ ინფორმაციის ცოდნით ძალიან ამაყობს და ამ მომსახურებაზეც ბევრი ხუმრობა აქვს.

საბოლოოდ, ასეთ დღეებსაც აქვთ დასასრული, თუმცა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს ზეცა ოდესმე ღრუბლებისგან დაიცლება და წვიმა შეწყდება. ისევ ისეთი ამინდი იყო, კაცი ქუჩაში ძაღლს რომ არ გააგდებდა, თუმცა ოღონდ სამსახურიდან გამეღწია და შინ ფეხით წასასვლელადაც მზად ვიყავი. ქუჩა გადავჭერი და გაჩერებასთან დავდექი. სკამი დაკავებული იყო. კატის კნუტი დასკუპულიყო. მთლად გალუმპული ცინდლის თვალების ერთობლივი ზომა ოდნავ თუ ჩამოუვარდებოდა მთლიანი თავისას. დამხვდურმა ჩემი ყურადღება რომ იგრძნო, უხმოდ შემომჭყავლა. ჩემში ფისომოყვარულის ინსტიქტების გაღვიძებასაც მეტი რა უნდოდა და ხელი სახესთან მივუტანე. მანაც არ გამაწბილა და უმალ გამიხახუნა თავი. რახან ავტობუსი იგვიანებდა, მეც გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვისხედით ასე, მეზობლებივით. ბოლოს ვერც კი შევამჩნიე, ისე მოიკალათა ჩემს კალთაში, თან უკვე ავტობუსის მოსვლის დროც იყო.

წამოდგომა ვცადე, თუმცა ფისო ადგილის დათმობას არ აპირებდა. ხელის საკრავად ვერ გავიმეტებდი, ვიფიქრე, ავდგები და ესეც ჩახტება-მეთქი. მაგრამ ჩახტება კი არა, ისე ჩამომეკიდა, შეყვარებული გოგონები რომ ეკიდებიან ხოლმე კისერზე მაღალ ბიჭებს. მისი კიდევ უფრო გაფართოებული თვალები რომ დავინახე, გამეცინა, ვიფიქრე, ამ ფისოს ჩემი ხასიათზე მოყვანის უნარი ნამდვილად ექნება-მეთქი. ავდექი (უფრო სწორად, ამდგარი კი ვიყავი) და წამოვიყვანე.

ამ ნაცრისფერი დღის გაფერადების ბოლო იმედად ეს კნუტი მივიჩნიე და დიდი პატივით ვუმასპინძლე. კატის საჭმელები არ მქონდა და არც ისეთი საჭმელი, რითიც გავუმასპინძლდებოდი. - რა უნდა მექნა? ასეთ ამინდში გარეთ კატის საჭმლისთვის კი არა, უკვდავების ელექსირის მოსატანადაც არ გავიდოდი. უცებ ბოსის აკვიატებული Momitane.ge გამახსენდა. დავგუგლე და მართლაც მრავალფეროვან ონლაინ-სუპერმარკეტში ამოვყავი თავი. კატის ნაირ-ნაირი რაგუები დიდი დაკვირვებით ავარჩიე, თითქოს რამე გამეგებოდა. საჭმელს ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური წყლის ბოთლიც მივაყოლე. სამწუხაროდ, უკვდავების ელექსირი ჯერ არ აქვთ, ამიტომ ჩვენთვის ჩვეულებრივ საჭმელ-სასმელს დავჯერდი. პროდუქტი მარტივად შევუკვეთე, შეტყობინებაც მივიღე და მშიერი სტუმარიც დავამშვიდე, ნახევარ საათში ჩვენთან იქნებიან-მეთქი. მანამდე ერთმანეთი უკეთ გავიცანით, თურმე სხვა კატებისგან განსხვავებით, ჩემს ახალ თანამოსახლეს ზურგზე ფერებაც ჰყვარებია და ზარის ხმაზე ძაღლივით კარისკენ გარბის. ან იქნებ ასე ზარზეიმით მხოლოდ Momitane.ge-ს კურიერს შეეგება, რომელიც პროდუქტით დახუნძლული დათქმულ დროზე გვეწვია. ფისომ რაგუ გემრიელად მიირთვა.

ახლა უცებ ის ჩემი ბოსი გამახსენდა, თურმე რა კარგი ყოფილა შენთვის რაღაცები რომ მოაქვთ და მგონი, მთლად ცუდი კაციც არ უნდა იყოს ეს უფროსი-მეთქი, გავიფიქრე. სხვა თუ არაფერი, ამ ონლაინ-მაღაზიის შესახებ ხომ მისგან გავიგე? წარმოიდგინეთ, რას იფიქრებდა ჩემი ფისო მთელი დღე მშიერი რომ დამეტოვებინა?

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის