ავტორი:

ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან

ქართველი, რომელმაც "ოსკაროსან" ფილმზე იმუშავა - გაიცანით მიშა კაჭკაჭიშვილი ახალი ორლეანიდან

წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, “ოსკარის” ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია - საუკეთესო ფილმის პრიზი “მწვანე წიგნმა” აიღო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმა იმუშავა. “მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო, სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთით, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.

მიშა კაჭკაჭიშვილს "ამერიკის ხმა" დაუკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. როგორც გამოცემა წერს, სწორედ მაშინ შეიტყვეს, რომ მას “ოსკარის” ნომინანტ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: “შავი კლანის კაცი” და “ვარსკვლავი დაიბადა”.

“მწვანე წიგნმა” სამი “ოსკარი”, სამი “ოქროს გლობუსი”, ბრიტანული “ბაფტა” და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; “შავი კლანის კაცის” აქტივშია “ოსკარი”, “ბაფტა”, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმის “ვარსკვლავი დაიბადა” ჯილდოებს შორისაა: “ოსკარი”, “ოქროს გლობუსი”, “ბაფტა” და მრავალი სხვა პრიზი თუ ნომინაცია.

"რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის “შავი კლანის კაცი” მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი. მასთან ერთად, მინიმუმ 5-6 ფილმზე მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამ დროს, სპაიკი იყო ჩამოსული ახალ ორლეანში. ჩემთან სტუდიაში მოვიდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრუკლინიდან მოყოლებული მეგობრობენ.

მუსიკა ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ “ი-კოლექტივთან” ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კი ორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც “ი-კოლექტივმა” შეასრულა, დაახლოებით 10 მუსიკალური მონაკვეთი, მე ჩავწერე და შემდეგ ჩემს სტუდიაშივე მოხდა მიქსინგი. რაც შეეხება საორკესტრო ნაწილს, ის ლოს-ანჯელესში, “სონის” სტუდიაში ჩაწერეს. ფილმზე მუშაობა შარშან, სადღაც აპრილის ბოლოს, თუ მარტის დასაწყისში დავასრულეთ.

“რაც შეეხება “მწვანე წიგნს”, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან, სტუდია “ესპლანადაში” ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე” - ყვება ხმის რეჟისორი.

ფილმების გარდა, სტუდიაში “ესპლანადა” რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფის "ლაივ" ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.

მიშა კაჭკაჭიშვილის ხმის ჩამწერი სტუდია “ესპლანადა” ახალ ორლეანში ყველაზე დიდი სტუდიაა. “ესპლანადაში” იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. მიშასთან უმუშავიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა წაიკითხეთ ვრცლად "ამერიკის ხმის" საიტზე