ავტორი:

დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო

დიდი ლიტერატურული ტურნე თელავში ვიზიტით დაიწყო

26 თებერვალს დაიწყო დიდი ლიტერატურული ტურნე, რომელმაც სტარტი ქალაქ თელავში აიღო.

26 თებერვალს, 19:00 საათზე, თელავის „ბიბლუსი გალერეაში“მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულებს - ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდა; 27 თებერვალს 19:00 საათზე კი თელავში მკითხველს ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი შეხვდნენ.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

თელაველმა მკითხველებმა დებიუტანტი ავტორები პირადად გაიცნეს. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ავტორებისათვის კითხვები დაესვათ და ჩართულიყვნენ დისკუსიაში წარმოდგენილი რომანების იდეისა და მოტივაციის შესახებ. მწერლებმა და მოდერატორებმა მათ გამარჯვებული წიგნებიდან რამდენიმე ამონარიდიც წაუკითხეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი მათ მწერლებისგან ავტოგრაფებიც აიღეს.

როგორც დებიუტანტი ავტორები აღნიშნავენ, შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა და სტუმრებისგან დადებითი ემოციები მიიღეს.

„ძალიან დიდი სითბო და პოზიტივი მივიღეთ სტუმრებისგან. შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ყველაფერი და საერთო ჯამში, თითოეულ ჩვენგანს არაჩვეულებრივი დადადებითი ემოციებით დატვირთული საღამო გვაჩუქა.“ _ ნათია ჯაგოდნიშვილი.

„აღფრთოვანებული ვარ დახვედრით, ბედნიერი ვარ ემოციებით, რაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამიჩნდა. ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის მკითხველთან შეხვედრა. საოცარი სურვილი მაქვს, კვლავ ვეწვიო იქაურობას ახლო მომავალში.“ _ გვანცა გუბელაძე.

დიდი ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, მკითხველთან შეხვედრა რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება. ტურნე 10 აპრილს დასრულდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს