ავტორი:

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან

ჯინო დოლინის სახელი და გვარი ქართულ ჩოგბურთში და არამხოლოდ ჩოგბურთში, კარგად იციან - ის 6 წელი საქართველოს პირველი ჩოგანი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ პერიოდში სპორტს თავი დაანება და საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა.

ჩოგბურთი, გაყიდვები, მუსიკა - ეს ის სფეროებია, სადაც საკუთარი ძალები უკვე მოსინჯა, თან წარმატებულად. ახლა კერძო ბიზნესშია და კომპანიის დირექტორის პოსტი უჭირავს. სურვილი აქვს, მსახიობობაც სცადოს.

ჯინო დოლინი ცნობილი ქართველი იურისტის, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის დაა. ოჯახზე, ამერიკულ ცხოვრებასა და კარიერაზე ჯინო დოლინი AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს.

- თავიდანვე სპორტული ბავშვი ვიყავი და დედას სურდა ხეზე ცოცვის გარდა, სხვაგანაც დამეხარჯა ძალები - ასე მოვხვდი ჩოგბურთზე. 7 წლის ვიყავი როდესაც პირველად მივედი, ორ წელიწადში კარგი მონაცემები აღმომაჩნდა, შესაბამისად სპორტს სერიოზულად მოვკიდე ხელი.

როცა მაღალ დონეზე გადავედი, არჩევანის წინაშე დავდექი, უნდა ამერჩია ან პროფესიონალური ჩოგბურთი, ან სწავლა. დილის 9 საათიდან საღამოს რვა საათამდე მოედანზე ვიყავი, ამიტომ სპორტულ სკოლაში გადავედი. იმ პერიოდში ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ჩადო ჩოგბურთში, მყავდა არაჩვეულებრივი მწვრთნელებიც, განსაკუთრებით გამოვყოფ რენა აბჟანდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მასწავლა, რაც შემდეგ როგორც მწვრთნელმა გამოვიყენე. სპორტის გარდა, ბევრი საინტერესო რამ მომცა ჩოგბურთმა და იქ შექმნილმა გარემომ.

- რატომ ჩოგბურთი?

- ჩოგბურთელი არავინ მყოლია, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, მამა თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო დედა ფრენბურთელი იყო. ოჯახის შექმნის შემდეგ სპორტს თავი დაანება. ძალიან უყვარდა დედას ჩოგბურთი, თავი გადადო და ყველაფერი ჩადო რომ ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ძვირადღირებულია, მითუმეტეს 90-იან წლებში ძალიან რთული იყო ამ ხარჯების გაწევა, როგორც ყველას, ჩვენს ოჯახსაც უჭირდა. ხშირად ყოფილა კონფლიქტი, რა დროს ჩოგბურთია, საჭმელი გვჭირდებაო, მაგრამ დედაჩემის და მწვრთნელების დახმარებით ყველაფერს ვახერხებდი. 6 წელი ვიყავი პირველი ჩოგანი საქართველოში.

12 წლის ასაკში მქონდა პირველი დიდი წარმატება. თურქეთში ჩატარდა ათათურქის ფესტივალი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსული სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. იქ ავიღე პირველი ადგილი. სხვადასხვა ქვეყნებიდან მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ დედამ უცხო ქვეყანაში არ დამტოვა. ვერც მივხვდი მაშინ რამხელა წარმატება იყო იმ ტურნირის მოგება, მერე გავიაზრე.

ამის შემდეგ წავედი მოსკოვში, იქ ვვარჯიშობდი სადაც ანა კურნიკოვა, ის სწორედ მაშინ ხდებოდა ჩოგბურთის ვარსკვლავი და ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას ასე ახლოდან რომ ვუყურებდი. ისევე როგორც მე, მასაც დედა ახლდა მოედანზე. ყოველთვის ვთვლიდი, რომ დედაჩემი ჩოგბურთით ცხოვრობდა, მაგრამ ანა კურნიკოვას დედა ფენომენი იყო.

რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდი, საქართველოს პირველობებს ვატარებდი, მაგრამ მივედი იმ ეტაპზე, როცა ვეღარ მივდიოდი წინ, სპონსორი არ მყავდა, თვეში ერთ ტურნირზეც ვერ მივდიოდი, ამიტომ ჩოგბურთს თავი დავანებე. პირველი სამი თვე ძალიან რთული იყო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა ჩოგბურთის გარეშე, გარეთ არ გამოვდიოდი. შემდეგ დავიწყე მუშაობა ლეილა მესხის აკადემიაში, სადაც დიპლომატებს ვავარჯიშებდი ჩოგბურთში და საათში 10 დოლარს მიხდიდნენ. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

- ამერიკაში რა ასაკში წახვედით?

- 18 წლის ვიყავი როდესაც ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და თავი ვიგრძენი როგორც საკუთარ სახლში.

ამერიკაში ერთ-ერთ VIP კლუბში ვმუშაობდი. უამრავ წარმატებულ ადამიანს ვავარჯიშებდი, ბიზნესმენებს, უძრავი ქონების მაგნატებს და ა.შ. ყველაზე "სელებრითი" მათ შორის მელანია ტრამპი იყო. როცა მელანია მოვიდა, მენეჯერმა ჩემი თავი შესთავაზა ტრენერად. დაახლოებით 6 თვე იარა ჩემთან. ძალიან სასიამოვნო და უშუალო ქალია. სხვანაირად ჩოგბურთში ვერც იქნები, დამჯერი იყო, რომ ვეუბნებოდი იმოძრავე, მიჯერებდა. ჩოგბურთში ასეა, მწვრთნელს მიყავს ყველაფერი.

ბევრი კარგი მოსწავლე მყავდა ამერიკაში, ჩემმა მოსწავლეებმა მსოფლიოს წამყვანი კოლეჯების სტიპენდიები მიიღეს იმის გამო, რომ ჩოგბურთს თამაშობდნენ კარგად. ბანაკიც მქონდა ბრუკლინში, სადაც ორწლინახევრის ბავშვები დაყავდათ მშობლებს, რომლებმაც მხოლოდ ორი სიტყვა იცოდნენ - "ჯინო" და "ტენისი".

ამის შემდეგ გადავწყვიტე სხვა სფეროში მეცადა თავი და გაყიდვებში დავიწყე მუშაობა, სადაც ორი წელი ვიმუშავე. თბილისში ბებიაჩემის გარდაცვალების გამო ჩამოვედი, ერთი თვე მომიწია აქ დარჩენა და მივხვდი, სხვა ქალაქი დავტოვე და სხვა ქალაქი დამხვდა. ამერიკიდან უცებ ვერ წამოვიდოდი, ამიტომ, დროებით ისევ ჩავედი იქ და საქართველოში დავბრუნდი საცხოვრებლად.

თბილისში დავიწყე კარდიო ჩოგბურთის ჯგუფები. ეს არის ფიტნეს-გაკვეთილი, რომელიც 1 საათში 900 კალორიას წვავს და პლუს ჩოგბურთს სწავლობ. გავაკეთეთ ჯგუფები, სამი-ოთხი თვე ვმუშაობდით, მაგრამ მივხვდი არასტაბილური იყო და ამ საქმეს შევეშვი. ამის შემდეგ, გოლფ-კლუბის და სასტუმროს მენეჯმენტში აღმოვჩნდი, ახლა კი კერძო კომპანიაში ვმუშაობ. სულ ახალ-ახალ სფეროებს ვეჭიდები, რაც სიამოვნებას მანიჭებს. შავი კარკასიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და შარშან გავხსენით კომპანია, წარმატებული და მზარდი ბიზნესი აღმოჩნდა.

- როდის გახდით ჯინო დოლინი?

- ამერიკაში როცა ბანაკში წავედი, იქ უნდა მქონოდა ზედმეტსახელი, ავირჩიე ჯინო და შემრჩა. ნიუ იორკში როცა გადავედი საცხოვრებლად, ჩეკს მიწერდნენ როგორც ჯინოს, როცა ამერიკის მოქალაქეობა მივიღე, მივხვდი რომ უნდა ამეღო ეს სახელი და ასე გავხდი ჯინო დოლიძე დოლინი.

- ყველა ამ საქმიანობასთან ერთად, მუსიკა თქვენი მთავარი გატაცებაა - მუსიკალური დიჯეი ხართ. როდის შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

- ყოველთვის მინდოდა მეცადა დიჯეობა, მაგრამ მეშინოდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, რა მოხდა ვცდი, ჩავრთე "იუთუბი", გამოვიწერე აპარატურა, სახლში დავდგი საუთოვებელზე და ვცადე. ეს ძალიან მესიამოვნა. "ამბასადორი" აღნიშნავდა თბილისობას და ვთქვი, რატომაც არა, დავუკრავ-მეთქი, დაკვრა დავიწყე და დაახლოებით 500 ადამიანი აცეკვდა. ეს მესიამოვნა, დიდი ენერგია მომცა და გადავწყვიტე სიღრმისეულად მესწავლა ეს საქმე, მეტი პრაქტიკა გამევლო.

თვეში ორჯერ ვუკრავ სხვადასხვა ადგილზე. სულ წარმატებული საღამოები გამოდის, მაგრამ მუსიკა, რომელსაც ვუკრავ, ღია სივრცეს უფრო უხდება.

- ჩოგბურთის თამაშს ვეღარ ახერხებთ?

- მესიზმრება რომ ვთამაშობ, მაგრამ ვნახე ძველი კოლეგები და ვთქვით, რომ კვირაში ერთხელ ვითამაშოთ, მაგრამ ჯერ არ შევკრებილვართ. მიკავშირდებიან მშობლები, სურთ ბავშვებს ვასწვალო, მაგრამ ჩოგბურთი თავის გადადებას ნიშნავს, როცა სხვა საქმეებს ბოლომდე მივიყვან, შეიძლება ისეთი ბავშვი ავიყვანო, რომელშიც იქეთ ჩავდებ თუნდაც ფინანსებს.

- მართალია ყოველთვის ცდილობთ თავი აარიდოთ ანაზე საუბარს, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით. რას გვეტყვით თქვენი დის - ანა დოლიძის შესახებ...

- ანაზე ბევრს არ ვსაუბრობ. სპორტული არ იყო, სულ სწავლობდა. სხვადასხვა გზაზე წავედით ბავშვობიდან - მე სპორტისკენ, ის სწავლისკენ. დედაჩემი ხშირად ეჩხუბებოდა ანას, ამდენს ნუ სწავლობო. ჩოგბურთზეც იარა გარკვეული პერიოდი, კარგადაც გამოსდიოდა, მაგრამ წიგნს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარს ვარჯიში.

ბავშვობაში ძირითადად შოკოლადებზე ვჩხუბობდით. რამეს თუ დავაშავებდი, ყველაფერს აკეთებდა, რომ ბოდიში მომეხადა. რთული პერიოდის მიუხედავად კარგი ბავშვობა გვქონდა. ანა ჩემზე ოთხი წლით უფროსია და სულ მისი ფრთის ქვეშ ვიყავი, ყოველთვის ის მპატრონობდა.

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ბავშვის ღირსების შელახვა" - რას ამბობენ უფლებადამცველები ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობაზე

„16 500 ლარი ფასდაკლება Mazda-ს ავტომობილებზე“- მაზდა ცენტრი „თეგეტაში“ დიდი ფასდაკლება დაიწყო