ავტორი:

ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან

ბილიარდის მაგიდა, რომელზეც სტალინს არასდროს უთამაშია და საპირფარეშო შუშის კარით - რუსი ბლოგერის ფოტოები ბელადის აფხაზეთის აგარაკიდან

ცნობილია, რომ საბჭოთა ლიდერს, იოსებ სტალინს 70-მდე აგარაკი ჰქონდა, თუმცა, გამორჩეულად უყვარდა აფხაზეთში, კონკრეტულად გაგრასთან, განთიადის მახლობლად მდებარე აგარაკი.

აფხაზურ მედიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, გაყიდულია თუ არა შენობა კერძო პირზე, თუმცა, არსებული ცნობებით, შენობას ხანდახან სტუმრობენ აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსნები რუსებთან ერთად...

რუსი ბლოგერი bobrikstas პერიოდულად სტუმრობს აფხაზეთს და რეგიონის მნიშვნელოვან ობიექტებზე უახლეს ფოტომასალას საკუთარ ბლოგზე ათავსებს. ამჯერად სტალინის აგარაკი დაათვალიერა და გზად, პანსიონატი "მზიურიც" ნახა, რომელიც საბჭოთა წლებში 1200 დამსვენებელს სამჯერადი კვებით ემსახურებოდა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ ისვენებს იქ... ეზო თითქოს მოვლილია, მაგრამ პალმებს რეგიონში გავრცელებული დაავადების "პალმის ხოჭოს" კვალი ეტყობა.

"სტალინის აგარაკამდე სამანქანო გზაც არის, თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, დამთვალიერებელთა ნაწილი, მიწისქვეშა შესასვლელითა და შემდეგ, ლიფტით სარგებლობდა" - წერს ბლოგერი.

როგორც ფოტობლოგიდან ირკვევა, ასეა თუ ისეა, "ხალოდნაია რეჩკა" დამთვალიერებელს და ტურისტებს დღემდე იღებს. ადგილობრივების თქმით, აგარაკის ნაწილი უმძიმეს მდგომარებაშია, რის გამოც რამდენიმე ოთახი დაკეტეს კიდეც.

ფოტოებზე ჩანს დანგრეული და გაპარტახებული სამზარეულო, სადაც ერთ დროს საბჭოთა ბელადისა და მისი სტუმრებისთვის პროფესიონალი მზარეულები ფუსფუსებდნენ. შენობაში ფანჯრებსა და შუშაბანდებში ბროლია ჩასმული, რათა სიცივეში სითბო შეენარჩუნებინა, ზაფხულში კი - სიგრილე...

გადმოცემის თანახმად, აქ მდგარი შავი როიალი სტალინს ძალიან უყვარდა, თუმცა, თავად არ უკრავდა - სტუმრებსა და ოჯახის წევრებს მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ართობდა.

აგარაკის ერთ-ერთ ოთახში, საბჭოთა ლიდერის საყვარელ ჭადრაკის მაგიდაზე დღემდე დევს მისი ფოტო... მის სამკითხველოში ასევე დღემდე დგას წიგნების კარადა, სადაც აღმოსავლელ ავტორებსაც კი შეხვდებით, თუმცა, ქართულს არა. ამას იმით ამართლებენ, რომ "საბჭოთა ბელადი ქართულად არ კითხულობდა".

ცნობისთვის, სტალინის ფოტოიანი სუვენირები ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებშიც დღემდე იყიდება და აფხაზების ერთი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მყიდველიც ჰყავს, როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები...

აგარაკზე რამდენიმე საძინებელია. სტალინი მუდმივად იცვლიდა საძინებელს, ხშირად, ერთ ოთახში შედიოდა, თუმცა, მეორე დილით სრულიად სხვა ოთახიდან გამოდიოდა და სინამდვილეში სად ეძინა, მხოლოდ დაცვის უფროსმა იცოდა...

ბლოგერის ფოტოებზე ასევ ნახავთ კინოდარბაზს, სადაც საბჭოთა წლებში გადაღებული ფილმები “პირველ შემოწმებას გადიოდა”. ცნობილია, რომ ბელადს უყვარდა ბავშვების გარემოცვაში ფილმის ყურება. იყო შემთხვევები, როდესაც კინოსურათი მას შემდეგ გადიოდა გაქირავებაზე, რაც ბავშვებს მოეწონებოდათ.

კინოდარბაზის ბოლოში დღემდე დგას აგარაკის ერთ-ერთი მთავარი განძი - 1905 წლით დათარიღებული ბილიარდის მაგიდა, რომელიც მარმარილოს სამი ფილისგან შედგება და 3 ტონას იწონის. ადგილობრივები დღემდე ხუმრობენ, იმაზე, რომ საბჭოთა წლებში ტურისტმა დასვა შეკითხვა: "თუ როგორ შეიტანეს იქ ასეთი მძიმე მაგიდა", რაზეც გიდმა უპასუხა - "თუ სტალინის ბრძანება იქნებოდა, ის მარტოც კი შეიტანდა მაგიდას მითითებულ ადგილზე".

ფოტოებზე ჩანს, რომ ბილიარდის ოთახს აქვს ბუხარი, რომელთანაც სტალინი ჯდებოდა, რადგან თავად ბილიარდის თამაში არ უყვარდა - ის სავარძლიდან აკვირდებოდა მოთამაშეებს და კედელზე დაკიდულ დაფაზე ცარცით წერდა ანგარიშს... კიდევ ერთი - ოთახის ბოლოში განთავსებულია საპირფარეშო, შუშიანი კარით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესვლის დროსაც არ აცილებდა თვალს ბილიარდის მაგიდის გარშემო შეკრებილებს...

ფოტოები ბლოგიდან: bobrikstas.livejournal.com

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს