ავტორი:

რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები

რა არის თმის ბიოდახვევა და ვისთვის არ არის რეკომენდებული - ხვეული თმის მოვლის წესები

ქალის ხვეული თმა და კულულები არაერთი მამაკაცისთვის სექსუალობის სიმბოლოა. ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს თმის ხელოვნური დახვევის სხვადასხვა მეთოდს. თუმცა, ზოგიერთი ქალისთვის ქიმიური დახვევის პროცედურები თმების გაუხეშებასა და დაზიანებასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი ქიმიური დახვევის გაკეთება, რომელიც არავითარ (ან მინიმალურ) ზიანს არ აყენებს თმას.

რა არის თმის ქიმიური დახვევა და მისი რომელი სახეობები არსებობს დღეს?

თმის ქიმიური დახვევა - სწორი და თხელი თმების სქელ, მოცულობით და ხვეულ ვარცხნილობად გადაქცევის საკმაოდ რთული პროცედურაა. ქიმიური დახვევის საშუალებით შესაძლებელია ლამაზი, ტალღოვანი თმის ან წვრილად დახვეული კულულების ეფექტის მიღება.

ქიმიური დახვევის გასაკეთებლად, სილამაზის სალონებში უახლესი კოსმეტიკური პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც აბსოლუტურად გამორიცხავს ჯანმრთელი თმის დაზიანების ნებისმიერ საშიშროებას.

თმის ქიმიურად დახვევის უამრავი მეთოდი არსებობს: იაპონური, ამერიკული, ფრანგული მეთოდები, დახვევა აბრეშუმის პროტეინებით, მჟავა მეთოდით, ტუტე მეთოდით, ნეიტრალური მეთოდით... არსებობს ბიოდახვევა. ამჯერად სწორედ ბიოდახვევაზე ვისაუბრებთ ვრცლად.

თმის ბიოდახვევა 1999 წელს იტალიურმა ფირმა Green Light-მა დაიწყო, რომელმაც შექმნა დახვევის უნიკალური ტექნოლოგია Mossa, ანუ სპეციალური შემადგენლობა თმის ბიოდახვევისათვის, იგი არ შეიცავდა აქტიურ მდგომარეობაში მყოფ ქიმიურ ინგრედიენტებს, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა თმა და თავის კანი.

თმის ბიოდახვევის დროს გამოიყენება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში არ შედის წყალბადის ზეჟანგი, ამიაკი, ტიოგლიკოლის მჟავა და სხვა აგრესიული ქიმიური ელემენტები.

ეს ნივთიერებები შეცვლილია სხვა საშუალებებით, რომელთა შემადგენლობა ძალიან ჰგავს თმის მოლეკულებს.

თმის ბიოდახვევის მეთოდი თმას ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს და დახვეულ კულულებს მდგრადობას უნარჩუნებს.

არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სახის ტექნოლოგია, რომელთა დახმარებითაც თმის ბიოდახვევას აკეთებენ:

Mossa - მის შემადგენლობაში შედის ბამბუკის ექსტრაქტი, რომელსაც დაცვითი მოქმედების უნარი გააჩნია. ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვისაც თხელი კულულები აქვს.

იტალიური მეთოდი კულულებს სტრუქტურასა და ფერს უნარჩუნებს. აგრეთვე აქვს სამკურნალო-აღმდგენი მოქმედების უნარი და ხვეულ თმას სიმსუბუქის ეფექტს ანიჭებს.

აბრეშუმის პროტეინებით - ამ მეთოდს "აბრეშუმის ტალღის" მეთოდსაც უწოდებენ, რადგან მის შემდგენლობაში აბრეშუმის პროტეინები შედის. აბრეშუმის პროტეინები არ ცვლის თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მის ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

იაპონური მეთოდი - წარმოადგენს ლიპიდურ-დამატენიანებელ კომპლექსს, რომლის საშუალებითაც კულულების ტენიანობის, ბზინვარებისა და ელასტიურობის შენარჩუნება ხდება. ბიოდახვევის ეს მეთოდი შეიცავს თმისთვის სასარგებლო ვიტამინებს და განსაკუთრებით სასარგებლოა გრძელი და საშუალო სიმაგრის კულულებისთვის.

თმის ქიმიური დახვევის ფორმები

არსებობს თმის ქიმიური დახვევის რამდენიმე ფორმა. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რომელი შედეგის მიღება გსურთ.

ტრადიციული თმის დახვევა ხდება თმის მთელს სიგრძეზე და იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ბიგუდები განლაგებულია ჰორიზონტალურად, არსებობს ათობით კონფიგურაცია, რომელიც დამოკიდებულია ბიგუდების ზომასა და რაოდენობაზე, აგრეთვე სასურველ ეფექტზე:

მსხვილი კულულები - ტრადიციული დახვევის ვარიაციაა. დიდი დიამეტრის ბიგუდები ქმნის რბილ, მსხვილ კულულებს.

რევერსული დახვევა - თმის რევერსული დახვევისთვის იყენებენ ძალიან დიდი ზომის ბიგუდებს, რათა ვიწრო ხვეული თმა გადააქციოს დიდ და რბილ კულულებად.

თმის ძირებთან დახვევა - ბიგუდებს ახვევენ თმის ძირებთან რაც შეიძლება ახლოს, რათა მოხდეს გაზრდილი თმის ძირების დახვევა და მათთვის მოცულობის მინიჭება (თუ თმა მთელს სიგრძეზეა დახვეული). რეკომენდებულია თხელი თმისთვის.

სპირალური დახვევა - ბიგუდების საშუალებით თმას ახვევენ ვერტიკალურად. ასე დახვეული თმის იერსახე ძალიან წააგავს შტოპორს (კორპსაძრობი).

ლოკალური (უზორული) დახვევა - ბიგუდების დახვევა ხდება თმის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე, რათა მოხდეს მოცულობის დამატება იქ, სადაც ეს საჭიროა.

ვერტიკალური დახვევა - თმის დახვევა ხდება ვერტიკალურად განთავსებულ სპეციალურ ჩხირებზე (საქსოვი ჩხირების მსგავსი). ამ დროს თმის მაქსიმელური სიგრძე უნდა იყოს მხრებამდე.

თმის ქიმიური დახვევის საბოლოო შედეგი ბევრადაა დამოკიდებული ბიგუდებზე. თმა მათზე დახვეული უნდა იყოს მსუბუქი მოძრაობით, თუმცა არ უნდა ჭიმავდეს თმის ძირებს და ამავე დროს არ იყოს თმაზე დაკიდებული და არ მოძრაობდეს თავისუფლად - ბიგუდებზე ძალიან მჭიდროდ დახვეული თმა შეიძლება დაზიანდეს, სუსტად დახვეული თმისგან კი არ გაკეთდება საჭირო ფორმის კულულები.

გახსოვდეთ, რომ ბიგუდის ზომა განსაზღვრავს კულულის ზომას. წვრილი ბიგუდებისგან კეთდება ვიწრო კულულები, ხოლო მსხვილი კულულები დიდი ზომის მსხვილი ბიგუდებისგან. საბოლოო შედეგზე მოქმედებს ბიგუდების ფორმაც.

თუ თმის დახვევა პროფესიონალურ დონეზე და ხარისხიანი პრეპარატებითაა შესრულებული, იგი თმაზე რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება. რაც უფრო დიდია შუალედი თმის ქიმიურ დახვევებს შორის, მით უფრო ნაკლებად ზიანდება თქვენი თმა. თუმცა, ნუ გადადებთ ვიზიტს 3-4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ყველაზე მარტივი საშუალება პერმანენტისგან განთავისუფლებისა არის დახვეული თმის მოკლედ შეჭრა და ზრდის პერიოდში ფენით გასწორება.

რჩევები თმის ქიმიურ დახვევამდე და დახვევის შემდეგ

  • თუ გადაწყვიტეთ თმის ქიმიური დახვევა, აუცილებელია კვალიფიციური კონსულტაციისთვის მიმართოთ პროფესიონალ სტილისტს, რომელიც შეისწავლის თქვენი თმის სტრუქტურას, მის მდგომარეობას. ამის შემდეგ იგი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. იგი პირველ რიგში გირჩევთ, საჭიროა თუ არა თქვენთვის ქიმიური დახვევა და რომელი მეთოდია ოპტიმალური. მეორეს მხრივ, გირჩევთ არ გაიკეთოთ ქიმია, თუ თმა არ არის ჯანმრთელი და დაზიანებულია მისი სტრუქტურა (ცუდი საღებავით, წინა ქიმიით, მზის სხივებით და ა.შ)
  • თუ თავის კანი მგრძნობიარე ან დაზიანებულია, უარი თქვით თმის ქიმიურ დახვევაზე. დახვევის წინ თმა დაივარცხნეთ ფრთხილად, ისე, რომ არ დააზიანოთ თავის კანი.
  • თუ გრძნობთ, რომ თავის კანი გეწვით, მაშინვე ჩამოიბანეთ ხსნარი, იგივე გააკეთეთ, თუ ხსნარი შემთხვევით თვალში ჩაგივიდათ და მაშინვე მიმართეთ ექიმს.
  • თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ქიმიური დახვევა სასარგებლოც კია. იგი მსუბუქად გააშრობს თავის კანს და ვარცხნილობაც მომხიბვლელად გამოიყურება.
  • ძალიან თხელი, ან ძალიან სქელი და ხშირი თმის ქიმიური დახვევა არ არის რეკომენდებული. თხელი თმა კიდევ უფრო დაზიანდება, ხოლო სქელი მეტად აფუვდება და მისი მოვლა გაგიჭირდებათ.
  • თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ქიმიურ დახვევას - სცადეთ და გაიკეთეთ საცდელი ტესტი ერთ ან ორ კულულზე მანამდე, ვიდრე ხსნარს მთელს თმაზე წაისვამთ. ამის შემდეგ სტილისტი ყოველ 10 წუთში მოხსნის ბიგუდს და დააკვირდება, თუ როგორ მიდის პროცესი.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარი თავზე იყოს ზუსტად განსაზღვრული დროის განმავლობაში, ზედმეტი რამდენიმე წუთიც კი შესაძლოა საშიში იყოს, ამიტომ იყავით ყურადღებით, რომ სტილისტს დრო არ გამოეპაროს.
  • ნუ ეცდებით წარუმატებლად გაკეთებული ქიმიური დახვევის გადაკეთებას. მართალია ეს შესაძლებელია, მაგრამ არ არის სასურველი. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თმის დახვევის ან გასწორების შედეგით, განიხილეთ შესაძლო ვარიანტები სტილისტთან ერთად, თუმცა გახსოვდეთ, რომ გადაკეთება შეიცავს დიდ რისკს, რომ საერთოდ გაიფუჭებთ ვარცხნილობას.

  • ნუ გამოიყენებთ თმის ქიმიური დახვევიდა 48 სთ-ის განმავლობაში კონდიციონერს და ვარცხნილობის მოვლისთვის განკუთვნილ სხვა საშუალებებს. მიეცით საშუალება დახვეულ თმას კარგად გამაგრდეს და შეინარჩუნოს საჭირო ფორმა.
  • თუმცა, სანამ დაიხვევდეთ, დაფიქრდით გაუძლებს თუ არა თქვენი თმა ამგვარ დატვირთვას, ან დახვევის შემდგომში დაზიანებული თმის აღსადგენად თუ გეყოფათ ნებისყოფა - რეგულარულად გამოიყენოთ ნიღბები და აღმდგენი საშუალებები.
  • ძალიან ეფექტურია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ კულულებს დაისველებთ პურის ნაყენში. პურის ნაყენი მზადდება ასე - 300 გრამ ჭვავის პურს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ თერმოსში 5 სთ-ის განმავლობაში. ნაყენი მზადაა. ამასთან ერთად შესაძლებელია ბალახეული ნაყენების გამოყენება: გვირილის, სვიის ან ჭინჭრის ნაყენი.
  • გაღიავებულ ან გამუქებულ თმაზე ქიმიური დახვევის გაკეთება საერთოდ არ არის რეკომენდებული, რადგან თმა ხდება ძალიან მშრალი, კარგავს ფერს, ბუნებრიობასა და ელასტიურობას.
  • ძალიან ფრთხილად მოეპყარით ვარცხნილობას ქიმიური დახვევის შემდეგ: დაიბანეთ თავი რბილი შამპუნით, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ქიმიურად დახვეული თმისთვის, ან შამპუნი სუსტი და დაზიანებული თმისთვის.
  • გამოიყენეთ თმის კონდიციონერი, ერიდეთ თავის გადახურებას, მზის სხივებს და ქლორს.
  • არ შეიძლება ახლად შეღებილი თმის ქიმიური დახვევა, უმჯობესია თმა ჯერ დაიხვიოთ და რამოდენიმე ხანში შეიღებოთ.
  • დახვევასა და შეღებვას შორის შუალედი მინიმუმ 48 საათი უნდა იყოს.
  • თუ ქიმიური დახვევის შემდეგ თმის შეღებვას აპირებთ, რეკომენდებულია თმა შედარებით მუქ ტონებში შეიღებოთ. ეს თავიდან აგაცილებთ თმის დამწვრობასა და გაუხეშებას.
  • თმის ქიმიური დახვევის პროცედურის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ კულულების დატენიანება სპეციალური ნიღბების საშუალებით, რომელთა შემადგენლობაში შედის კოლაგენი ან აბრეშუმის პროტეინები, პანტენოლი ან კერატინი.
  • ამასთან, გამოიყენეთ თმისთვის განკუთვნილი ატმის, ნუშისა და ბირკავას ზეთი. გამოყენების წინ სასურველია ზეთი ოდნავ შემთბარი იყოს. კარგ შედეგს იძლევა თევზის ქონი.
  • რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა. ასევე რეკომენდებულია სპეციალური კრემი დაზიანებული და უსიცოცხლო თმის ბოლოებისთვის.
  • გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, რომ არ დაზიანდეს თქვენი ვარცხნილობა
  • თმის ქიმიური დახვევის შემდეგ რეკომენდებულია თმის კონდიციონერების, ბალზამების, სასხურებლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს თმის აღდგენის პროცესს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ყველაზე უხეში ქიმიური მეთოდით დახვეული თმის შემთხვევაშიც კი, შეძლებთ თმის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

ხვეული თმის დაბანისა და გაშრობის წესები

ხვეული თმის მოვლა შამპუნის სწორად შერჩევით იწყება. ვინაიდან ხვეულ თმას ყველანაირი შამპუნით დაბანა არ უხდება, საჭიროა სპეციალურად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნები გამოიყენოთ. სასურველია, შამპუნი იყოს ნატურალური შემადგენლობის და ჟოჟობას ზეთს (Jojoba oil), ჰამამელისს (Hamamelis), ქოქოსის ზეთს (Coconut oil), თეთრი ლოტოსის (White lotus) ან ღიღილოს ყვავილის (Cornflower) ექსტრაქტს შეიცავდეს. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი ბალზამი, რომელიც თმას დაარბილებს, დაატენიანებს და ბზინვარებას შემატებს.

იმისთვის, რომ დაბანის შემდეგ სასურველი ვარცხნილობის დაყენება არ გაგიჭირდეთ, საჭიროა, თმა სპეციალური წესით გაიშროთ. ამისთვის: შეარჩიეთ რბილი პირსახოცი, დაბანილი თმა წინ გადმოიყარეთ და პირსახოცი კულულებს ფრთხილად "შეახეთ", თან "ზამბარისებურად" - ქვემოდან ზემოთ ასწიეთ. რაც მთავარია, სამუდამოდ დაივიწყეთ თმის საშრობი (ფენი), განსაკუთრებულ შემთხვევებში კი (თუ თმის გაშრობა ძალიან გეჩქარებათ) მხოლოდ ე.წ. დიფუზორი გამოიყენეთ.

Forbes-მა პოსტ-კოვიდური სამყაროს "ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს" შორის საქართველო დაასახელა

"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

გასული საუკუნეების ლამაზმანები - ნახეთ სილამაზე პლასტიკური ქირურგიის გარეშე