ავტორი:

ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."

ქრისტინე იმედაძის დედის ულამაზესი სამკაულები, რომელსაც ცნობილი ქალები ატარებენ - "სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..."

ცნობილი მომღერლისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის ოჯახის წევრებს საზოგადოება კარგად იცნობს - მისი მამიდა ცნობილი მსახიობი ია ფარულავაა, მომღერლის მამა კოკა იმედაძეა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს ჰოლივუდის მსახიობებთან. თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არ არის ცნობილი ქრისტინეს დედის, ირმა გოგლიძის შესახებ.

ის სამკაულების დიზაინერია და ახლადდაწყებული საქმე იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ერთ წელიწადში პარიზის მოდის კვირეულზეც მიიწვიეს. AMBEBI.GE ქრისტინ იმედაძის დედას ირმა გოგლიძეს დაუკავშირდა და საკუთარი საქმიანობისა და ქალიშვილის შესახებ ესაუბრა:

- როდის და რატომ დაიწყეთ სამკაულების კეთება?

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვმუშაობდი ხელოვნების ინსტიტუტში, მაგრამ როცა ქვეყანაში რთული პერიოდი დადგა სამსახურიდან წამოვედი და სხვადასხვა მხატვრების გამოფენებს ვაწყობდი. რაც შეეხება სამკაულებს, ყოველთვის მაინტერესებდა და ვაკეთებდი ამ საქმეს. ერთი წელია, რაც ფართო აუდიტორიისთვის ვქმნი სამკაულებს. ეს ჩემი მეგობრების დამსახურებაა, სწორედ მათ გადამაწყვეტინეს გამოფენის გაკეთება და დღეს სწორედ ესაა ჩემი შემოსავალი.

- პირველი გამოფენა 2018 წელს, მაისში გამართეთ და მახსოვს კარგი გამოხმაურება გქონდათ...

- რადგან ჩემს ნამუშევრებს ისეთი ადამიანები იძენენ, ვინც წამყვანი ბრენდების სამკაულებს ატარებს, შემიძლია ვთქვა, წარმატებული გამოდგა ჩემი გამოფენა. უცხო ადამიანების შეფასებებიც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო მუშაობა და ვაკეთო სამკაულები.

- რა მასალისგან ამზადებთ სამკაულებს?

- ყველანაირ ქვას ვიყენებ, ნახევრად ძვირფასს, ძვირფასს. სხვადასხვა ადგილას ვიძენ, მათ შორის საქართველოშიც. თავდაპირველად ვერცხლზე ვმუშაობდი, ახლა ოქროზეც ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ოქრო იქნება თუ ვერცხლი, მთავარია ქვა და არა მეტალი, რადგან ჩემს სამკაულებში ქვა არის დომინანტი.

- დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამზადებს სამკაულებს, როგორ უწევთ კონკურენციას?

- ძალიან ბევრი მუშაობს, ლამაზ რაღაცეებს აკეთებენ, მაგრამ მე ჩემსას ვაკეთებ და არ ვფიქრობ კონკურენციაზე.

- პირველად რომელი სამკაული შექმენით?

- არ მახსოვს პირველი სამკაული. რაც მიკეთია, ეს საყურე ჩემი დიზაინით არის შექმნილი, თითქმის არც ვიხსნი ამ საყურეს. ასევე ეს ჯვარი, რომელიც ბრილიანტით არის გაკეთებული.

IRMA JEWELRY იყიდება "სასტუმრო მერიოტში", გუდიაშვილის მუზეუმში, ასევე შესაძლებელია ონლაინ შეძენა. თელ-ავივში მოეწყო ჩემი კოლექციის გამოფენა-გაყიდვა. მე არ წავსულვარ, სამკაულები გავგზავნე. პარიზის მოდის კვირეულზე მიმიწვიეს, ახლა იქ უნდა ვიყო, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო სექტემბერში გადაიდო გამგზავრება.

- თქვენთან ინტერვიუს დროს გვერდს ვერ ავუვლით ცნობილ მომღერალს ქრისტინე იმედაძეს, რომელიც თქვენი ქალიშვილია, როგორი ბავშვი იყო?

- მომკლავს მასზე რომ ვლაპარაკობ. ბავშვი იყო არაჩვეულებრივი. ყველა დედისთვის თავისი შვილი არაჩვეულებრივია, ალბათ. ქრისტინე იყო ლამაზი, ჭკვიანი, დამჯერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, 18 წლამდე ბალეტს ცეკვავდა, სხვანაირი ბავშვობა ჰქონდა... თავისი მიკროსამყარო, სკოლა, სახლი, დიდხანს თამაშობდა სათამაშოებით, თოვლის ბაბუას ელოდებოდა დიდი ხანი... მგონი, რაც ბავშვი გააჩინა მას შემდეგ აღარ ელოდება, მაგრამ ბოლო დროს აღარ ხვდება საჩუქრები თოვლის ბაბუასგან.

ქრისტინე იმედაძის მშობლები და ქალიშვილი

ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო მასთან ურთიერთობა, მერე მეორე ბავშვი გამიჩნდა, ქრისტინეს ქალიშვილის ტაისიას სახით. ადრე აქტიურად ვიყავი ჩართული მის აღზრდაში. ქრისტინე უფრო დაკავებული იყო ვიდრე მე, ამიტომ ვეხმარებოდი მაქსიმალურად. ძიძაც გვყავდა, მაგრამ უფრო მე მქონდა აღებული ყველაფერი საკუთარ თავზე.

- თქვენმა საქმიანობამ განაპირობა ქრისტინეს ხელოვნებით დაინტერესება?

- ჩემი ხელოვნების მსახურება და ქრისტინესი სხვადასხვაა. მე თეორეტიკოსი ვარ, მერე დავიწყე პრაქტიკოსობა და სამკაულების გაკეთება. ქრისტინე ჩემს მეგობართან, ლიკა გუნცაძესთან მივიყვანე ბალეტზე, რომელსაც არაჩვეულებრივი საბალეტო სკოლა აქვს. ტაისიაც იქ დადის. იქ რომ მივიყვანე ლიკას ძალიან მოსწონდა, ამბობდა არაჩვეულებრივი მონაცემები აქვსო.

ია ფარულავა, ქრისტინე იმედაძე, ირმა გოგლიძე

შემდეგ სუხიშვილებმა გახსნეს სტუდია და პირველი წელი ქრისტინე იქაც მივიყვანე. იქ ყავდათ ბალეტის მასწავლებელი ოლია მილანენკა, რომელიც მერე ქორეოგრაფიულშიც ასწავლიდა ქრისტინეს. დასდევდა ოლია და ეძახდა "ჩემი ანა პავლოვა"... ასეთი კომპეტენტური ხალხისგან რომ მესმოდა, რომ მას საოცარი მონაცემები მისცა ღმერთმა, 10 წლის ასაკში უკვე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავიყვანე.

ძალიან ბევრი იშრომა, მერე მონაკოს საბალეტო სკოლაში წავიდა, ურთულესი პერიოდი იყო. 13 წლის იყო როცა აქედან წავიდა... მაშინ არც მობილური იყო, არც ინტერნეტი, იშვიათად ვახერხებდი მასთან დალაპარაკებას, სულ რეპეტიციები ჰქონდა და ზოგჯერ დირექტორს ვესაუბრებოდი.

შემდეგ ფეხი იტკინა და ცეკვას თავი დაანება, დაიწყო სიმღერა. სულ უნდოდა სიმღერა, მაგრამ მე არასერიოზულად ვუყურებდი ამას. დიდი გულისტკივილია ჩემთვისაც და ქრისტინესთვისაც, რომ ბალეტი ვეღარ გააგრძელა. უფრო სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია ისეთ საქმეს აკეთებს, რაც მოსწონს... სხვაგან უნდა ესწავლა, უფრო სერიოზული ჟანრის მუსიკა მინდოდა აერჩია, მაგრამ ასე გამოვიდა.

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე