ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) აკუსტიკური სენსორების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შექმნაზეც უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობდნენ. აკუსტიკური სენსორები ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც გარემოდან მიღებული ინფორმაციის, ხმის გაანალიზებით აფიქსირებს სხვადასხვა მოვლენას და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ახდენს მოვლენის იდენტიფიცირებას მიმდინარე რეჟიმში.
აღნიშნული მოწყობილობის შექმნაზე კომპანია “ბეტაში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან გაგზავნილი პირველი და მეორეკურსელი სტუდენტები მუშაობდნენ. პრეზენტაციაზე სტუდენტთა ჯგუფმა წარმოადგინა ინფორმაცია პროდუქტის შექმნისას გადაჭრილი ამოცანების, ფუნქციური გამართვის, დაგეგმილი სამომავლო განვითარების და რეალიზების ეტაპების შესახებ.
AMBEBI.GE ესაუბრა პროექტში მონაწილე სტუდენტს, ვატო ღუდუშაურს, რომელმაც აკუსტიკური სენსორების მუშაობის თავისებურება ახსნა:
„მე და რამდენიმე სხვა სტუდენტი კომპანია „ბეტაში“ უნივერსიტეტიდან მოვხვდით. დავიწყეთ რამდენიმე პროდუქტზე მუშაობა, რომელთაგან ერთ-ერთის პრეზენტაციაც გვაქვს. წარვადგინეთ აკუსტიკური სენსორი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და კონკრეტულ ხმებს, რასაც ჩვენ „ვასწავლით“ ინტელექტს, სენსორის მეშვეობით ამოიცნობს. შესაძლებელია, დაცულ ტერიტორიებზე დავდგათ სენსორები, რაც რელიეფის მიხედვით, დისტანციებით განლაგდება. ნებისმიერი იარაღიდან გასროლის, ან ელექტროხერხით, თუ ნაჯახით ხის მოჭრის ხმებს მიკროფონი ხელოვნურ ინტელექტს გადასცემს, რომელიც ხმას ამოიცნობს და თავის მხრივ, გადასცემს ოპერატორს, ის კი ადგილზე ადგილობრივ რეინჯერს გააგზავნის და კანონდარღვევას აღკვეთს“, - აღნიშნა სტუდენტმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის, ანდრო რურუას თქმით, სტუდენტების მიერ დაცული ტერიტორიებისთვის შექმნილი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი სიახლეა.
„კომპანია „ბეტასთან“ მემორანდუმს ვაფორმებთ. ჩვენ მრავალ კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობები, თუმცა ეს კონტრაქტი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დაცულ ტერიტორიებზე, რათა აღმოფხვრილი იქნას სხვადასხვა ტიპის ინციდენტები. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის, არამედ საერთოდ საქართველოსთვის, რადგან ასეთი ტიპის პრობლემებისთვის ტექნოლოგიური გადაწყვეტა ძალიან კარგი და მისაღებია. ამ პროექტში ასევე ჩართულია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მათთან ახლო თანამშრომლობა გვაქვს და მათი ინტერესიც არის, რომ ეს განხორციელდეს“, - განაცხადა BTU-ს რექტორმა.
კომპანია „ბეტას“წარმომადგენელმა, კახა იმერლიშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ პროდუქტის არა მარტო საქართველოში, არამედ, უცხოეთში გატანაც იქნას განხილული.
„BTU-ს დიდი დამსახურება მიუძღვის ამ პროექტის დაწყებაში და შემდეგ მიმდინარე პროცესში. შარშან, ნოემბერში დავიწყეთ თანამშრომლობა და მათგან საკმაოდ კარგი და საინტერესო სტუდენტები მივიღეთ. თავდაპირველად, მათთან ერთად ცოტა სხვა მიმართულებით რამდენიმე პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, თუმცა პროცესში აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია აკუსტიკური სენსორების პროექტის განხორციელებაც. ეს არის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელიც დააინტერესებს დაცულ ტერიტორიებს არა მარტო საქართველოში, არამედ შესაძლოა, შემდეგ ეს გავიტანოთ საზღვარგარეთაც. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ეტაპზე გვაქვს დიდი წინსვლა, ბავშვები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში მთლიანად არიან ჩართულები, ახლა კი გავაკეთეთ უკვე შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. ეს მიდგომა საინტერესო უნდა იყოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, რადგან შეიძლება, გაცილებით ეფექტიანი გახადოს მათი მუშაობა, დაზოგოს დროითი და ფინანსური რესურსები. ეტაპი, რაზეც ჩვენ ვართ, კვლავ საჭიროებს დამატებით ტესტირებებსა და სამუშაოებს, აგრეთვე,უკვე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების ჩართულობას“, - განაცხადა კომპანია „ბეტას“ წარმომადგენელმა, კახა იმერლიშვილმა.
BTU-ში აღნიშნავენ, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომელიც აღნიშნული ინიციატივით დაინტერესებულია და სამომავლოდ შესაძლოა, განიხილოს აკუსტიკური სენსორების დანერგვა.