ავტორი:

პატიმრის დედა ციხის ადმინისტრაციას შვილის ცემაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

პატიმრის დედა ციხის ადმინისტრაციას შვილის ცემაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

46 წლის დავით გუჯეჯიანი 2016 წლის თებერვლიდან ყაჩაღობის ბრალდებით იხდის სასჯელს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მას ბრალად ედება მობილური ტელეფონების გამყიდველზე თავდასხმა და დაყაჩაღება.

მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობასა და მუქარას განიცდის. მათივე თქმით, მძიმედ დაავადებულ გუჯეჯიანს არ უტარდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ოჯახი აპროტესტებს იმასაც, რომ პატიმარი 2016 წლის 29 მარტს N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს მაღალი რისკის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც მსჯავრდებულის დედამ სვეტა გუჯეჯიანმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, მძიმე დაავადებების უმრავლესობა მისმა შვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიძინა, ვინაიდან იგი წლების განმავლობაში მსჯავრდებულისთვის არასათანადო პირობებში იხდიდა სასჯელს.

მსჯავრდებულ დავით გუჯეჯიანის სამედიცინო შემოწმების ფორმა ნომერი 100-ის მიხედვით, მსჯავრდებულს დადგენილი აქვს შემდეგი დიაგნოზები: ცხვირის დეფორმაცია (ძგიდის ხრტილოვანი ნაწილის გამრუდება), ქრონიკული B და C ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა.

"არ იყო იმის საჭიროება, რომ ჩემი შვილი ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მას საშინლად ეპყრობიან. არის უმძიმესი ავადმყოფი. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ პენიტენციური სამსახურისგან, რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში და ემკურნალათ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მივმართეთ სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით, მოსამრთლემ გამოიტანა დროებითი განჩინება მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჩივრა და პროცესები მიმდინარეობს.

სახალხო დამცველს გადავეცი ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს როგორ ჩაჰყავთ ზამთარში, დეკემბერში ჩემი შვილი კარცერში სრულიად შიშველი. ის ციხეში იყო სასტიკად ნაცემი, სცემეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. ამაზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის წარმომადგენელები იყვნენ შესული ციხეში და თავად ნახეს, თუ როგორი დალურჯებები ჰქონდა ჩემს შვილს ცემის გამო. ციხის უფროსი დაემუქრა - "მკვდარს გაგიყვან აქედანო და ალბათ ასრულებენ დანაპირებს" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბრისას პატიმრის დედამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ერთ-ერთია, ვისაც მსჯავრდებულის ოჯახმა დახმარებისთვის მიმართა. ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ გუჯეჯიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

"რამდენჯერმე შევხვდი ამ ადამიანს, როგორც თავად აცხადებს, რაც დაავადებები აქვს, ყველაფერი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს აქვს შეძენილი. ჩივის ხშირად იმაზე, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ზეწოლა.

ზოგადად, ეს არ არის გამონაკლისი ციხეებში, ხშირია ასეთი პრობლემები და ჩვენს ორგანიზაციას ხშირად მომართავენ პატიმრები სხვადასხვა პრობლემებით, ძირითადად უჩივიან ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას და უფლებების გადამეტებას მათი მხრიდან. ამბობენ, რომ უსაფუძვლოდ ხდება მათ მიმართ სხვადასხვა სანქციების გატარება, მათ შორის ოჯახთან დარეკვის შეზღუდვა" - აღნიშნა დიმიტრი ნოზაძემ.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, AMBEBI.GE დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ გუჯეჯიანი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და მისი მოთხოვნები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით არარეალურია.

"გუჯეჯიანი რამდენჯერმე არის ნასამართლევი; სასჯელის მოხდის სხვადასხვა პერიოდში გამოირჩეოდა აგრესიულობით დაწესებულების თანამშრომლების მიმართ; ამჟამადაც, N6 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლებს, არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს, ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენს სამედიცინო პერსონალის, რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა მიმართ.

N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს, მან ცეცხლი წაუკიდა საკანს, რითაც დაწესებულებას მიაყენა 1 267 ლარის ზარალი, ასევე თანასაკნელს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ დავით გუჯეჯიანს მუდმივად მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება; რეგულარულად გადის ოჯახის ექიმის, საჭიროების შემთხვევაში კი სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს, უტარდება შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა.

მსჯავრდებულმა სასამართლოს მიმართა სარჩელით და პენიტენციური სამსახურისაგან ითხოვს სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის: თმის გადანერგვას, ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ფრჩხილების კორექციას და სხვადასხვა სახის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო პროცედურებს" - განგვიმარტეს პენიტენციურ სამსახურში.

სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ, რომ უწყება დავით გუჯეჯიანის საქმეს სწავლობს, თუმცა რა მიზეზით დაიწყო მსჯავრდებულის საქმის შესწავლა ომბუდსმენის აპარატმა და იკვეთება თუ არა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ამ შეკითხვებზე პასუხისგან თავს იკავებენ.