ავტორი:

არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა სასმელი წყლის პრობლემა თითქმის აღმოფხვრეს, მაინც რჩება მსოფლიოში ადგილები, სადაც ონკანის წყლის სასმელად გამოყენება არცთუ ისე უსაფრთხოა.

ერთ-ერთ კვლევის თანახმად, ასეთი 187 ქვეყნის ჩამონათვალში, საქართველოც მოხვდა.

ტურისტულმა კომპანიამ Globehunters-მა მოგზაურობის მოყვარულთათვის მოამზადა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ონკანის წყლის სასმელად მოხმარებას მოგზაურებს არ ურჩევს. აღნიშნული კვლევის შედეგები ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგები კიდევ უფრო შემაშფოთებლად მოგეჩვენებათ მაშინ, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემებს შეიტყობთ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 842 000 ადამიანი საფრთხისშემცველი წყლის მოხმარებით, ხელების ჰიგიენის დაუცველობითა და ანტისანიტარული პირობებით გამოწვეული მწვავე დიარეით იღუპება.

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დაბინძურებული წყალი და სუსტად დაცული სანიტარული ნორმები, ისეთი დაავადებების გავრცელებასთანაა დაკავშირებული, როგორიც არის ქოლერა, A ჰეპატიტი, დიზენტერია, ტიფი და პოლიომიელიტი.

  • იხილეთ კვლევის შედეგები: ქვეყნები, სადაც ონკანის წყალი არ უნდა დალიოთ (ჩამონათვალში არის საქართველოც)

იმის გასარკვევად, არიან თუ არა ინფორმირებულნი მსგავსი კვლევის არსებობის შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და რა ინფორმაციას ფლობენ წყლის ხარისხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და GGU ჯგუფს (აერთიანებს gwp-ს, მცხეთის და რუსთავის წყალს) დაუკავშირდა. ონკანის წყალთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ AMBEBI.GE-სთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მარიან ივანუშამაც ისაუბრა.

იმას, რომ საქართველოში ონკანის წყლის სასმელად გამოყენება უსაფრთხო არ არის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. უფრო კონკრეტულად, 2010-2018 წლებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ ფარგლებში, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის 3 469 ნიმუში/სინჯი აიღო. შეუსაბამობა კი 1 457 ნიმუშში/სინჯში გამოვლინდა, რაც საერთო რაოდენობის 42%-ს შეადგენს.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი გორდი

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, წლების განმავლობაში „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან“ შეუსაბამობის შემთხვევების სრული უმრავლესობა ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული. ასევე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო რეაგირებას მყისიერად ახდენს.

შეკითხვაზე - არის თუ არა საქართველოში, წყალში აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვპასუხობენ: აღნიშნული დარღვევები სიცოცხლისთვის საშიში არ არის!

"წლების განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად სასმელი წყლის შეუსაბამობების მაღალი მაჩვენებლისა, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული ტურისტულ რეგიონებსა და დიდ ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ბორჯომში. ბოლო წლებში რეგისტრირებული წყლისმიერი დაავადებების ანალიზის შეფასებით, აღინიშნება დადებითი ტენდენციები“, - აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

რაც შეეხება კერძო სექტორის პასუხს, GGU ჯგუფში, რომელიც სამ კომპანიას „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერს“, „რუსთავის წყალსა“ და „მცხეთის წყალს“ აერთიანებს, აცხადებენ, რომ თბილისი, მცხეთა და რუსთავი ის ქალაქებია, სადაც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი პირდაპირ ონკანიდან მიეწოდება და მისი ხარისხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

"აღნიშნულ ქალაქებში სასმელი წყლის ხარისხი ისეთივე ნორმებს აკმაყოფილებს, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში (მაგ. ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, კანადა, ახალი ზელანდია). თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის მაღალ ხარისხს განაპირობებს სწორი დამუშავება და კონტროლი. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, - განმარტავენ კომპანიაში.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის წარმომადგენლის მოსაზრება და რეკომენდაციები წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით

AMBEBI.GE-სთან საუბარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარიან ივანუშა განმარტავს, რომ გარდა დიარეის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისა, დაბინძურებული წყლის მოხმარებას პარაზიტული დაავადების - ამებიაზის გამოწვევაც შეუძლია.

შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ონკანის წყლის სასმელად მოხმარება უსაფრთხო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი პასუხობს, რომ წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემები საქართველოში კარგად არის გამართული.

„შეზღუდული რესურსების გამო, ხარისხის კონტროლი წყლის კერძო ჭაბურღილების შემთხვევაში შეიძლება რთული იყოს. წყლის დაბინძურება შესაძლებელია, ამიტომ ხარისხის მონიტორინგის კონტროლისა და მასზე ჩატარებული კვლევების გაცნობა მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს. ჩვენ საქართველოს მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც 2019-2022 წლებში ხორციელდება. მისი ერთ-ერთი კომპონენტი კი სწორედ უსაფრთხო სასმელი წყალია. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და UNICEF-მა საქართველოს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარება გაუწიეს“, - აღნიშნა მარიან ივანუშამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი.

მარიან ივანუშამ Ambebi.ge-ს მკითხველს ჩვენს ქვეყანაში წყლის მოხმარების საკუთარი კულტურაც გაუზიარა.

„საქართველოში მესამე წელია ვცხოვრობ და რაც ჩამოვედი, მას შემდეგ ონკანის წყალს ვსვამ. შეუსაბამოდ წარმოებულ ბოთლის წყალსაც იმავე პრობლემების შექმნა შეუძლია, რაც ონკანის წყალს, რომ აღარაფერი ვთქვათ პლასტმასის ცარიელი ბოთლებით გამოწვეულ დაბინძურებაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

  • რამდენიმე რჩევა, როგორ გამოიყენოთ უსაფრთხოდ წყალი:

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით