ავტორი:

"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე

"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე

გიგა ლორთქიფანიძე და ქეთევან კიკნაძე - ამ არაჩვეულებრივმა წყვილმა ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინოს წარმატებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში. სამწუხაროდ, ბატონი გიგა მეექვსე წელია გარდაიცვალა. ქალბატონი ქეთევანი მისი ცხოვრების თანამგზავრს და საკუთარი ბიოგრაფიიდან ეპიზოდებს იხსენებს.

56 წელი ერთად

- გიგა ნიჭიერი და ენამოსწრებული კაცი იყო, მეგობრებს ძალიან უყვარდათ. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, არც ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, რა მშვენივრად უკრავდა და მღეროდა. ამ დროს ყველა ძალიან ბედნიერი იყო მის გვერდით. მისი ავადმყოფობის პერიოდში, მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა, - სულ მენატრები, სულ მენატრები...ლექსების წერა 68 წლის ასაკში დავიწყე. ერთხელ, გიგამ გვერდზე ჩამიარა და მომაძახა: წერე, წერე, ჩემო ნესტორ, მტერს დაასვი ნესტარიო, თუ პოეტი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო... უჩემოდ არსად წავიდოდა. სახლში დაღლილი მოვიდოდა, ხუთ წუთს დაისვენებდა და მერე მეტყოდა, - ახლა, აქა და აქ მივდივართო. მე კი სახლში საქმიანობით ვიღლებოდი და ვეუბნებოდი, - არ შემიძლია, დაღლილი ვარ, შენ წადი-მეთქი. როგორ შეეძლო ამდენი? ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა.

ქართულად გინება

- გიგა და საოცრად კარგი მწერალი, ასევე დრამატურგი ოთარ მამფორია მეგობრობდნენ. მისი პიესა "მეტეხის ჩრდილში" გიგამ რუსთაველის თეატრში დადგა და სერგო ზაქარიაძე ძია შაქროს თამაშობდა. რეპეტიციის დროს, გიგამ ერთ მსახიობს შენიშვნა მისცა. ამ დროს გაისმა ოთარ მამფორიას ხმა, - არა, არა, იქნებ ასე გაკეთდეს... გიგა მიტრიალდა და ოთარი პარტერიდან გააძევა. ისიც გაბუსხული გავიდა. რუსთაველზე ვიღაც ნაცნობი შეხვდა და ჰკითხა: გიგა რეპეტიციებს მართლა რუსულად ატარებსო? - კი, რეპეტიციებს რუსულად ატარებს, მაგრამ დედას ქართულად იგინებაო.

გაცოცხლდა...

- გიგამ სპექტაკლი დადგა ბათუმში. პრემიერამ არნახული წარმატებით ჩაიარა. თუმცა, სპექტაკლის გამოსვლამდე ინციდენტი მოხდა, სცენის მემანქანე ომარ ანდრონიკაშვილი სადღაც დაიკარგა. ყველა ძალიან ღელავდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, გიგას მდგომარეობა, რა დღეში იქნებოდა. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თან ომარს ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი, თვალი ხომ არსად მოგიკრავთ-მეთქი? მეოთხე დღეს, სასტუმროდან რომ გამოვედი, კარში შემეჩეხა, - ომარ, სადა ხარ, სად დაიკარგე? პრემიერა კარზეა მომდგარი-მეთქი. მიამბო უცნაური რამ: - მამიდა გარდამეცვალა და საცოდავი, სოფელში წავიყვანეთ. ის იყო, ტახტზე დავასვენეთ, რომ ყბაახვეულმა უცებ დაილაპარაკა, - ვინ იყო, აი შეჩვენებული მძღოლი, ამ გზაზე რომ მიმადრიგინებდაო? სასწრაფოდ ლოგინში ჩავაწვინეთ, მერე მითხრა, - ომარა, ბიჭო! კანფეტი არა გაქვსო? გავიქეცი და მოვუტანე. ერთი სიტყვით, ასე გაცოცხლდაო... ეს ყველაფერი გიგას ვუამბე. იქ მსახიობებიც იყვნენ. გიგა ჩაფიქრებული ისმენდა. - იცი, ახლა რაზე ვფიქრობ? იქნებ იმ გზაზე ლენინი გაგვეტარებინა, ეგება გაცოცხლებულიყოო...

ახსნა-განმარტებები

- ჩემი ნინო სულ პატარა იყო, როდესაც გიგამ ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" დადგა, სადაც ხატიას ვთამაშობდი. დილის წარმოდგენა გვქონდა და თეატრში წავედი. ბავშვმა რომ დამინახა სცენაზე ბრმა ვიყავი, ტირილი დაიწყო, რატომ ვერ ხედავს დედაჩემიო? ძლივს დავაწყნარე, დედიკო, ეს ვითომ-ვითომ არის-მეთქი. მიყურებდა და მიხუტებდა გულამოვარდნილი. მეორე შემთხვევა მქონდა სპექტაკლში "უფსკრულთან", იქ ჩემს ძმას ვეხვეოდი. სპექტაკლზე ნანა, ჩემი შუათანა შვილი წავიყვანე, 5 წლის იყო მაშინ. სახლში რომ დავბრუნდით, შევატყვე, ბავშვი გუნებაზე არ იყო. ოთახში ნათურა გადაგვეწვა, მაგიდაზე სკამი დავდგი, ზედ შევდექი და ნათურა მოვხსენი. ნანას გავძახე, ეგ ახალი ნათურა მომაწოდე-მეთქი. ბავშვმა ნათურა უხასიათოდ გამომიწოდა. ძირს რომ ჩამოვედი, ვეკითხები, ხომ არაფერი გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა: - შენ დედიკო ხარ და უნდა იცოდე, სხვისი კაბების ჩაცმას თავი დაანებე და სხვა კაცს ნუ ეხუტებიო. ახლა, მასთან დამჭირდა ახსნა-განმარტებები. გიგას ვუამბე და მითხრა, მამასავით ეჭვიანი იქნებაო.

ინკასატორი

- კომუნისტების დროა. გამათბობელი ჩავრთე და მრიცხველმა დაიწყო უსაშველოდ ბრუნვა. მეგობარს შევჩივლე, რომელმაც მასწავლა, მრიცხველს კინოფირი უნდა გაუყაროო. სტუდიიდან მოვიტანე ფირი. როდესაც გიგამ დაიძინა, ჩუმად მივხურე დერეფნის კარი, დავიდგი სკამი და დავიწყე "ჩალიჩი". მრიცხველი არ გაჩერდა, სანამ თითქმის ორი მეტრი არ შევაძვრინე, მერე ფირი გადავჭერი და მისი ბოლო დამეკარგა. რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი გავაფრთხილე: კარი არ გაუღო ინკასატორს, ვითომ პატარა ბავშვი ხარ, წვრილი ხმით უთხარი, კარს ვერ გაგიღებ-თქო. მართლაც ასე მოხდა.ერთ დღესაც სახლში არავინ იყო. გიგა ადრე მისულა და გამოჩნდა ინკასატორიც. რასაკვირველია, გიგამ კარი გააღო. ინკასატორს შეუხედავს, რომ მრიცხველი არ ტრიალებს და სკამი მოუთხოვია. გიგა გაკვირვებული იყო, ისიც კი არ იცოდა მრიცხველს საით უნდა ეტრიალა. ინკასატორმა ფირის გამოღება დაიწყო: ბატონო გიგა, რა ამბავია, მთელი "დათა თუთაშხია" აქ მოგითავსებიათო. გიგამ ვერაფერი გაიგო: არ ვიცი, გენაცვალე, ჩემი მეუღლე რომ იქნება, მაშინ მოდითო. საშინლად შევწუხდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ერთ დღესაც ინკასატორს კარი გავუღე, მას გაეცინა და მითხრა, ერთხელ გაპატიებთო. გადავრჩი და ასეთი საქციელი აღარ ჩამიდენია. წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება