ავტორი:

რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე

რუსული ტელეშოუს "წყევლა" - "უკანასკნელი გმირის" 9 მონაწილე გარდაიცვალა, მათ შორის დეცლი და ჟანა ფრისკე

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონმა მარია ბუტირსკაიამ რუსულ მედიასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მომღერალი იულია ნაჩალოვა, რომელიც 2019 წლის მარტში გარდაიცვალა, ტელეპროექტში „უკანასკნელი გმირი“ მომღერალ ჟანა ფრისკესთან ერთად მონაწილეობდა. ფრისკე სიმსივნის დიაგნოზით დაიღუპა რამდენიმე წლის წინ.

38 წლის იულია ნაჩალოვა კი გარდაცვალებმადე რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის 2007 წელს პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო, როცა მას ინფექცია განუვითარდა და სისხლი მოეწამლა.

იულია ნაჩალოვა

რაც შეეხება „უკანასკნელი გმირს“, შოუს მონაწილეები კარიბის ზღვაში, კუნძულზე ცხოვრობდნენ. Gazeta.ru წერს, რომ გადაღებების დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობა აფრთხილებდა ორგანიზატორებს, რომ ადრე ტერიტორია მაიას ტომს ეკუთვნოდა. მათი თქმით, კუნძულზე გადაღებები და კოსტიუმირებული თამაშები სულებს განარისხებდა.

პირველი გარდაცვლილი მათ შორის, ვინც ტელეშოუს გადაღებაში მონაწილეობდა, პროდიუსერი და ტელეწამყვანი სერგეი სუპონევი იყო, რომელიც ახალი პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო. 2001 წელს „უკანასკნელი გმირის“ ეთერში გასვლიდან 1 თვეში ის მდინარე ვოლგაზე დაიღუპა.

სერგეი სუპონევი

მის შემდეგ, ასევე, გარდაიცვალა პირველი სეზონის წამყვანი, მსახიობი სერგეი ბოდროვი, ამავე სეზონის მონაწილე სერგეი საკინი კი 2017 წელს სრულიად გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ის 24 ნოემბერს ქალაქ მიშკინიდან მოსკოვისკენ მიემგზავრებოდა, რა დროსაც გაუჩინარდა. ცხედარი თოვლის გადნობის შემდეგ, მომდევნო წლის მაისში იპოვეს, იმ ადგილიდან 50 მეტრის მოშორებით, სადაც მამაკაცი ბოლოს ნახეს. საკინის ნივთები ხელუხლებელი იყო, სხეულს კი ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა.

სერგეი საკინი

მომღერალმა ჟანა ფრისკემ, რომელიც ნაჩალოვასთან ერთად „უკანასკნელი გმირის“ მეოთხე სეზონში მონაწილეობდა, თავის ტვინის სიმსივნის შესახებ ორსულობის დროს შეიტყო. მომღერალმა მკურნალობის კურსი აშშ-სა და რუსეთში გაიარა, თუმცა უშედეგოდ - ის 2015 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა.

ჟანა ფრისკე

2018 წლის იანვარში ასევე მეოთხე სეზონის გამარჯვებულის, იანა ვოლკოვას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი, ის 55 წლის იყო. ახლობლებმა გარდაცვალების მიზეზი არ დაასახელეს.

ნაჩალოვასთან, ფრისკესა და ვოლკოვასთან ერთად ამავე სეზონში იღებდა მონაწილეობას რეპერი კირილ ტოლმაცკი, რომელსაც საზოგადოება დეცლის ფსევდონიმით იცნობდა. მისი გარდაცვალების შესახებ 2019 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. კერძო კლუბში გამართული წარმოდგენის შემდეგ ტოლმაცკი საგრიმიოროში შევიდა, მოულოდნელად გაფითრდა, ჩაჯდა სავარძელში და სუნთქვა შეწყვიტა.

რეპერის მამის თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტროფიკული კარდიომიოპათია გახდა, რასაც ექიმები გაკვეთის შემდეგ ადგენენ ხოლმე.

დეცლი

ასევე გარდაიცვალნენ მესამე სეზონის მონაწილეები, მსახიობი ვერა გლაგოლევა და მუსიკოსი კრის კელმი. გლაგოლევა 2017 წელს გარდაიცვალა სიმსივნით, ბადენ-ბადენში. კრის კელმის ცხედარი კი მოსკოვის ოლქში, მისსავე სახლში 2019 წლის 1 იანვარს იპოვეს.