ავტორი:

90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

90-იანების ყველაზე ცნობილი წყვილის ტრაგიკული ისტორია - ჯონ კენედის ვაჟის და მისი ულამაზესი მეუღლის სიყვარულის ამბავი

აშშ-ს პრეზიდენტის ვაჟი, ჯონ კენედი უმცროსი და კეროლინ ბისეტი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ცნობილ წყვილად მიიჩნეოდა, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა...

1999 წლის 16 ივლისს წყვილი ოჯახური შეკრებისთვის ბიძაშვილის ქორწილში მიემგზავრებოდა, თუმცა ზეიმისთვის მზადება ტრაგიკული ამბით დასრულდა. თვითმფრინავს ჯონი თავად მართავდა, რომელიც არც ისე გამოცდილი მფრინავი იყო. მასთან ერთად ბორტზე მისი მეუღლე კეროლინი და ცოლის და ისხდნენ. ჯონმა მართვისას კონტროლი დაკარგა... ავიაკატასტროფას სამივე მათგანი ემსხვერპლა.

უმცროსი კენედი დაბადებიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო. მამის პრეზიდენტობის პერიოდში მისი მაგიდა პატარა ჯონისთვის შესანიშნავი სათამაშო ადგილი იყო.

მართალია, თეთრ სახლში სულ სამი წელი გაატარა, თუმცა საზოგადოების ინტერესი მის მიმართ არასოდეს განელებულა - ჯონის ყველა წარმატება, წარუმატებლობა თუ პირადი ურთიერთობა, მთელი ცხოვრების მანძილზე საჯარო განხილვის საგანი იყო.

კენედი ნამდვილი პრინცივით იზრდებოდა. მოგვიანებით მას რომანი არაერთ ცნობილ ქალთან ჰქონდა, მათ შორის პოპის დედოფალ მადონასთან, მსახიობ დერილ ჰანასთან, ტოპ-მოდელ სინდი კროუფორდთან...

ბესეტის ცხოვრება კი ისეთი „ბრჭყვიალა“ არ ყოფილა, როგორც მისი მომავალი ქმრის. კეროლინი „კელვინ კლაინში“ მუშაობდა. კაცმა, რომელსაც შეეძლო მსოფლიოში ნებისმიერ ქალზე დაქორწინებულიყო, არჩევანი შეაჩერა კეროლინზე, რომელიც არც მდიდარი ყოფილა და არც ცნობილი. ბესეტს ჰქონდა ყველაფერი, რაც პრეზიდენტის შვილისთვის თავბრუდამხვევი იყო - გამორჩეული სილამაზე, განსაკუთრებული ჩაცმის სტილი და საოცრად გამჭრიახი გონება.

წყვილის ქორწინების ცერემონიალი სრულებით გასაიდუმლოებული იყო, ისინი ერთ-ერთ კუნძულზე 1996 წელს დაქორწინდნენ.

დაოჯახების შემდეგ კეროლინსა და ჯონს ფოტორეპორტიორები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დასდევდნენ. ბესეტი უარს ამბობდა ინტერვიუებზე და ცდილობდა, პირადი ცხოვრება ყველასთვის დაფარული ჰქონოდა.

90-იანი წლების ყველაზე ცნობილმა წყვილმა ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა ერთად - 1999 წლის 16 ივლისი მათთვის ბოლო დღე აღმოჩნდა. წყვილი კეროლინის დასთან, ლორენთან ერთად ჯონის ბიძაშვილის ქორწილში მიემგზავრებოდა, როდესაც თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. გამოძიების დასკვნის მიხედვით, კენედიმ მართვისას კონტროლი დაკარგა.

კენედისა და მისი ცოლის გარდაცვალებას მსოფლიოში უამრავი ადამიანი გლოვობდა. ერთი წლის შემდეგ კი მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი - როგორც ჩანს, ყველაფერი არც ისე მშვიდად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მედიასთან სხვადასხვა წყარო საუბრობდა დეპრესიაზე, ნარკოტიკის მოხმარებაზე, ძალადობაზე... თუმცა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს, დღემდე არავინ იცის...