ავტორი:

"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

"დუტას ჩემი გაკეთებული ბეჭედი სულ უკეთია, ვეუბნები დაგნიშნე-მეთქი" - როგორ ქმნის მარინა ნაცვლიშვილი საოცარ სამკაულებს

უკვე 6 წელია, გამორჩეულ სამკაულებს საკუთარი ხელით ქმნის. თუ მანამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ საოცარი სამკაულების ავტორი იქნებოდა, ახლა ამ საქმიანობის გარეშე აღარ შეუძლია ყოფნა...

მარინა ნაცვლიშვილს სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ჰქონდა გოგენის თემაზე ბატიკაში შესრულებული კოლექცია, საიდანაც 7 კოსტიუმი დიპლომის დაცვის შემდეგ მონაწილეობდა ჩვენებებში. 2 წელი მოდის ფესტივალებზე აქტიურად გამოდიოდა. შემდეგ ამ სფეროს ჩამოშორდა, რადგან მიხვდა, მისი არ იყო და თეატრში გადაინაცვლა - ლევან წულაძის მიწვევით, თეატრალურ სარდაფში კოსტიუმების მხატვარი გახდა.

"ვმუშაობდი სოხუმის თეატრშიც, იმ პერიოდში საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი, შეიძლება იქვას, თავი ვიპოვე, რადგან თეატრი სხვა ფანტაზიის საშუალებას იძლევა. მერე კინოშიც ვიმუშავე, იქაც კოსტიუმების და დამდგმელ მხატვრად. კაფე „თან წაიღე“ მქონდა, სადაც სულ მხატვრების ნამუშევრები იყო, ხელით გაკეთებული.

„თან წაიღე“ იმიტომ ერქვა, რომ ნებისმიერი ნივთის ყიდვა და თან წაღება შეეძლოთ. მოგვიანებით, სტაბილური სამსახური აღარ მქონდა და ჩემი შვილების ძიძამ მიბიძგა, იუველირობა შემესწავლა", - გვიყვება მარინა ნაცვლიშვილი, რომელმაც რჩევა გაითვალისწინა და ერთ დღესაც საიუველირო სალონში მივიდა.

„საქმეს რომ შევხედე, ვიფიქრე, ვერასდროს ვისწავლიდი და იქიდან ცუდ ხასიათზე წამოვედი, თუმცა 10 დღე მაინც ვიარე. მერე მითხრეს - ახლა თვითონ გააკეთეო. ჯვრების კეთებით დავიწყე, გამომივიდა. მითხრეს, ვერ დავიჯერებთ, თუ ეს მხოლოდ ახლანდელი ნასწავლია და აქამდე სხვაგან არ დადიოდიო. არასდროს მქონია შეხება-მეთქი. მოკლედ, ცოტა ხანს ჯვრები და რგოლები ვაკეთე.

მერე მივხვდი, რომ ძალიან მბეზრდებოდა, ერთფეროვნება არ შემიძლია და ჩემი წარმოდგენით. იმ სამკაულების ესკიზები დავხატე, რომელსაც ახლა ვაკეთებ და სალონში მივუტანე. შოკში იყვნენ, ეს გინდა გააკეთოო? რეალურად იმისთვის მივედი, რომ მინდოდა, მეკეთებინა ის, რაც მომწონდა.

საუბარია იმ საიუველირო სალონის ოსტატებზე, სადაც ათამდე საუკეთესო სპეციალისტი მუშაობს და ბრწყინვალედ აკეთებენ საქმეს. ერთადერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მათ შორის მე ვარ. მოკლედ, თავზე მედგნენ, მასწავლიდნენ და პირველი ნამუშევარი იყო ჩიტი, რომელიც ახლაც მაქვს და მას არასდროს გავყიდი“, - გვეუბნება მარინა.

ხელოვანს ასეთი თვისება აქვს: სამკაულს რომ დაამზადებს და რაც უნდა იყოს: საყურე, სამაჯური, ბეჭედი, ყელსაბამი, ბროში, ქამარი თუ ბალთა - ერთი დღე მაინც უნდა ეკეთოს, ვერ ელევა, შვილებივით უყვარს...

უმეტესად ქალის სამკაულებს ამზადებს, მამაკაცის მხოლოდ ერთი აქვს შექმნილი - ბეჭედი და ისიც მეუღლისთვის, მსახიობ დუტა სხირტლაძისთვის, რომელსაც ბეჭედი ძალიან მოსწონს და თითიდან არ იხსნის - "სულ უკეთია დუტას, რაც გავუკეთე და ვუთხარი, დაგნიშნე-მეთქი" - ხუმრობს მარინა ნაცვლიშვილი.

6 წლის განმავლობაში მას 500-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი. მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ისევე როგორც ყველა ვერ იქნება მისი მომხმარებელი. თუმცა ისეთი მომხმარებლებიც ჰყავს, რომლებიც ამ სამკაულებს ყოველდღე ირგებენ და ნებისმიერ სამოსზე იხდენენ.

- რა სტილია ეს ნამუშევრები?

- არ ვიცი, ჩემი ფანტაზიით იქმნება ყველაფერი. ჩემი იუველირები მეუბნებიან, ამ სფეროში გადატრიალება მოახდინეო. ადამიანებს, კლიენტებს, თავიდან ცოტა შოკი ჰქონდათ, ყველას ხომ არ შეუძლია, ამხელა სამკაულის ტარება, მე თავიდანვე მიყვარდა და ძალიან მომწონდა... ისე, წელს დიდი, მასიური სამკაულებია მოდაში და ნელ-ნელა ხალხი გადადის დიდი ზომის სამკაულზე.

თუმცა, ამ ყველაფერს მასებისთვის არ ვაკეთებ, მართლაც თითო-თითოა, ექსკლუზიური. ამ სამკაულების ტარებას რაღაც სხვა რამ სჭირდება - გამბედაობა, თავისუფალი ადამიანი უნდა იყო, ეს რომ გაიკეთო... მასალა ძვირი ღირს, მერე შესრულება, დახარჯული დრო, ენერგია, ხელობა, ჯანმრთელობა - ისედაც მინიმალურ ფასებში ვუკეთებ რეალიზაციას.

რაც შეეხება მუშაობის პროცესს - ძვირფას ქვებს ვყიდულობ, მას ფორმას არ ვუცვლი და ვცდილობ, მათ მოვარგო და მათზე ავეწყო. კარკასი არის ვერცხლი, თუმცა ოქროზეც ვმუშაობ. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა. აზარტულიცაა, მაინტერესებს, რა შედეგი ექნება, რა გამოვა. როცა ვმუშაობ, თან სულ იმაზე ვფიქრობ, არ დამეშალოს. გახსნილი ცეცხლია და რამე არასწორად არ გავაკეთო, ან არ დამეწვას. ჯანმრთელობისთვის ეს საქმიანობა მავნეა, ბევრ მჟავასთან მაქვს ურთიერთობა, გაზთან, მართლა შიშველი ხელებით და ნიღბის გარეშე ვმუშაობ, ზიანს ვაყენებ თვალებს, ფილტვებს.

თითო ნივთს ერთი კვირა მაინც სჭირდება, სულ კი ვნერვიულობ, მაგრამ მუშაობის პროცესი დიდად მსიამოვნებს - კეთება ადრენალინია.

- რა როლი აქვს დუტას ამ საქმეში?

- თავიდან ჩემს ახალ საქმეს სკეპტიკურად უყურებდა. მერე პირველი ნამუშევარი, რგოლი როგორც გითხარით, რომ მოვიტანე და მას ვაჩუქე, „დაგნიშნე-მეთქი“, გაგიჟდა. მერე და მერე საქმეში რომ გავაქტიურდი, სულ გადაირია, მეხმარება ხოლმე, რამდენჯერმე ჩემი კურიერიც იყო. სკუტერით და ჩაფხუტით კლიენტთან წასულა და ხალხი დაუბნევია. მუშაობაშიც რაღაც დოზით მომხმარებია, საერთოდ, ხეზე ჭრა და ასეთი რაღაცები ეხერხება და საქმეში მონაწილეობა მიუღია. ისე, მასაც უნდოდა, საიუველირო საქმიანობის სწავლა, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა, თუ შეძლებს, მხოლოდ მოხარული ვიქნები. მეტად დამეხმარება...

დედაჩემს ჰქონდა ძალიან კარგი ხელი, ბევრ კარგ რაღაცას აკეთებდა, მათ შორის, საოცარ ჩარჩოებს. ეტყობა, ეს ყველაფერი მისგან მომყვება.

ჩემი სურვილია, ეს საქმე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდეს. ცოტა ხნის წინ შემომთავაზეს, ვენეციაში გამოფენაში მივიღო მონაწილეობა. ჩვენი მხატვრების ერთთვიანი გამოფენა-გაყიდვა კეთდება, ნატო დუმბაძე აკეთებს. შარშან ვენაშიც მქონდა გამოფენა.

შეიძლება მომბერზდეს და ხვალ სხვა რამ დავიწყო, მაგრამ დღეს ამის კეთება ძალიან მსიამოვნებს. დიდი შესაძლებლობა აქვს, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება. მთავარია, ფანტაზიამ არ გიღალატოს. ამ საქმეში ფერიც გადამწყვეტია, მაგრამ ყველა ფერს არ ვიყენებ. უფრო „მსუყე“ ფერების მიმდევარი ვარ.

- შვილები დაინტერესებულები არიან ამ ყველაფრით?

- ორივე ფანტასტიკურად ძერწავს. ლუკა ერთი წლიდან საოცრებებს აკეთებს, მაგრამ მსახიობობა უნდა. მე კი მგონია, კინოს კარგი მხატვარი იქნება, აქ რომ იყოს მულტიპლიკაცია განვითარებული, უმაგრეს რაღაცებს შექმნიდა.

ნინი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და რეჟისურის განხრით სწავლობს. რეჟისორობა უნდა, ოღონდ, კინოც რომ თვითონ გადაიღოს, მხატვარიც თვითონ იყოს და მუსიკაც თვითონ დაწეროს. ვნახოთ, მთავარია, ყველამ ვიპოვოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს.

ყველას, ვინც სამსახური დაკარგა ან ხელფასი შეუმცირდა, მომდევნო სამი თვე სესხის მომსახურება გადაუვადდებათ

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება