ავტორი:

ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ

ISIS-ის “ნარჩენები” რუსეთში - რას ყვებიან ტერორისტების ცოლები და შვილები სირიიდან დაბრუნების შემდეგ

"ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ, რუსეთში ტერორისტთა ოჯახები ეტაპობრივად ბრუნდებიან. რუსული მედია წერს, რომ ამ მხრივ ჩრდოლოეთ კავკასიის რეგიონი - დაღესტანი უმძიმეს მდგომარეობაშია და იქ სიტუაციის აფეთქების საფრთხე ყოველდღიურად არსებობს.

სირიასა და ერაყში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებს, რუსეთიდან 4 000 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ბევრი მათგანის დაღუპვის ან დაპატიმრების შემდეგ, მათი ოჯახის წევრები, ძირითადად, ქალები და ბავშვები ქვეყანაში დაბრუნებას ცდილობენ. ათეულობით მათგანი დაბრუნდა კიდეც, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ბევრი ქალი რუსეთში დააკავეს. დანარჩენებთან ФСБ-ს თანამშრომლები მუშაობენ, ქალები დადიან მუდმივ დაკითხვაზე, აძლევენ ჩვენებებს, აღრიცხვაზე არიან და შესაბამისი უწყებებისგან კონტროლდებიან, თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს.

Кавказский Узел-თან საუბარში, პოლიტოლოგი ედუარდ ურაზაევი აცხადებს, რომ ამის მიზეზია ტერორისტთა ცოლები და მათი ოჯახები, რომლებიც ახლა რეგიონში ბრუნდებიან და რომლებთანაც ISIS-ს იდეოლოგიის ქვეშ მყოფები კავშირს მაინც ინარჩუნებენ. მისივე თქმით, გასულ წელს დაღესტნელებსა და სამართალდამცავებს შორის 11 შეტაკება მოხდა.

BBC-ის რუსული საინფორმაციო სამსახურის კორესპოდენტი, სარა რაისფორდი დაღესტანში ერთ-ერთ ასეთ ოჯახს ესტუმრა. "ისლამურ სახელმწიფოში" დაბადებული გოგონა, სამირა იხსენებს, რომ მათ ეუბნებოდნენ, როგორც კი დაბომბვა დაიწყებოდა, მაშინვე სახლებში შესულიყვნენ. მისივე თქმით, ეს იყო საშინელი სიზმარი, რომელიც დიდხანს არ დამთავრდა და რომელსაც ვერ ივიწყებს. ის და მისი ძმა აბუ ბაქრი დაღესტანში დეიდასთან 2018 წელს დაბრუნდნენ.

ბავშვების მეურვის თქმით, ბავშვების დედა ერაყში, ბაღდათის ციხეში იხდის სასჯელს, მამა კი - 2017 წელს ავიაიერიშების დროს მოკლეს. ბავშვების ბებია იხსენებს, რომ როდესაც მისმა ქალიშვილმა იმ ბიჭზე გათხოვება გადაწყვიტა, არ შეწინააღმდეგებია:

"ვიფიქრე, ნარკომანი არ არის, ჭკვიანი ბიჭია, ოჯახს მიხედავს-მეთქი, რას ვიფიქრებდი, თუ იქ წავიდოდნენ... ეს ყველაფერი საშინელ სიზმარს ჰგავს... ჩემი შვილიშვილი, ბიჭი, ყოველ ღამე მეკითხებოდა - დედა როდის მოვაო... ვეუბნები, რომ მალე მოვა-მეთქი... ხანდახან იმედი არც აქვს, მას ალბათ არასდროს ჩამოიყვანენო... რატომ, შენ ხომ ჩამოგიყვანეს-მეთქი, ვეუბნები. ძალიან განიცდის", - ამბობს ბავშვების ბებია.

გოგონას “ისლამურ სახელმწიფოში” ყოფნისას, მხოლოდ რელიგიურ სკოლაში სიარულის უფლება ჰქონდა, ამიტომ წერა-კითხვას მას ახლა დეიდა ასწავლის.

კიდევ ერთი დაღესტნელი ახალგაზრდა ქალი, ვიქტორია BBC-ისთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან დაიღალა იქ ყოფნით, მუდმივი სტრესით და შიშით: “მეშინოდა, რომ მე თუ რამე დამემართებოდა, ჩემი 5 წლის შვილი უპატრონოდ დარჩებოდა...” თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მაინცდამაინც არ ნანობს, რომ “ისლამურ სახელმწიფოში" წავიდა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რას ფიქრობს იმაზე, რასაც ISIS სჩადიოდა, ის პასუხობს: "არავინ მომიკლავს, ღმერთისა და სახელმწიფოს წინაშე სუფთა ვარ. რაც შეეხება იმათ, მე მათ ნაცვლად არ ვაგებ პასუხს, ყველა თავის ცოდვაზეა პასუხისმგებელი...” - ამბობს ვიქტორია, რომლის თქმითაც, იქ მიღებული სტრესის შემდეგ, მის გოგონას მშვიდობიან გარემოში ცხოვრება უჭირს.

სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სრულად განადგურებულია. ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე 4-წლიანი ინტენსიური ბრძოლა დასრულდა. ერთ დროს მათ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მესამედი ეკავათ. სირიაში დაეშის სრულად განადგურების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მქონე სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა "ტვიტერის" მეშვეობით რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

"არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას" - ერაყში რომის პაპის ისტორიული ვიზიტის დეტალები

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება