ავტორი:

"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა

"არასდროს ვყოფილვარ მოღალატე, არც ერთი ცოლისთვის მიღალატია" - ვისთან შექმნა მეოთხე ოჯახი მალხაზ ქვრივიშვილმა

იშვიათად მინახავს ისეთი შეყვარებული და რომანტიკული წყვილი, როგორიც მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი და ჟურნალისტი ხათუნა ფეიქრიშვილია. მალხაზისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, ხათუნასთვის კი - მესამე. მიაჩნიათ, რომ სიყვარულის უხილავი ძაფები იდუმალად გაება მათ შორის და დღეს სიმშვიდითა და იდილიით ტკბებიან. მალხაზს თავისი ბიზნესი აქვს, თუმცა თვლის, რომ მსახიობობა მისი ცხოვრებაა. ხათუნა კი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მუშაობს. მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, წყვილს რომანტიკული საღამოებისთვის სულ სცალია.

- ამბობენ, გაუმართლებელი სიყვარული ადამიანს დეპრესიაში აგდებს, ოჯახის შექმნის მიმართ შიშს უნერგავს, გაურბის მორიგი ცოლქმრული უღლის პასუხისმგებლობასო. თუმცა, შენ სამი ოჯახი დაგენგრა და ისევ გადაწყვიტე ოჯახის შექმნა.

მალხაზ ქვრივიშვილი:

- ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მყვარებოდა და ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამიმართლა. შეიძლება, ეს ჩემი ბრალიცაა, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მინდოდა. ალბათ, ეს გზაც უნდა გამევლო. დიახ, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ იდგა რთული, დეპრესიული პერიოდები, მაგრამ გადავლახე და დღემდე მოვედი.

იყო ოჯახის დანგრევები, სამი წარუმატებელი ოჯახური თანაცხოვრება, მაგრამ დღეს საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით და მშვიდად ვარ. რასაკვირველია, გაუმართლებელი სიყვარულების გამო იყო დეპრესიები. ჩემი თავი სასოწარკვეთილიც მახსოვს, უბედურიც, ჩაძირულიც, მაგრამ არა - დაცემული. იმედი ყოველთვის მქონდა და ეს მაძლევდა ძალას. ასე რომ, სამი წარუმატებელი ოჯახის მერე მეოთხე შევქმენი და დღეს ბედნიერი ვარ, ანგელოზივით შვილები მყავს, ყველა ჩემი შვილის დედას უდიდეს პატივს ვცემ და მათთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ხათუნა კი ის ქალია, რომელიც ბედისწერამ მაჩუქა. მის გამო სხვანაირად მიცემს გული და სახლში მისვლა მიხარია.

სიყვარულში ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, გამოცდილებასაც და გარემო სიტუაციასაც. ხათუნას წყალობით, ამ ლამაზ ატმოსფეროსა და სამყაროში მოვხვდი, რასაც ვერც ვინატრებდი. ზაფხულში გაიბა სიყვარულის უხილავი ძაფები ჩვენ შორის, თუმცა, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს. ისე უცბად დაგვატყდა თავს სიყვარული, რომ არ ველოდი. ხუთწლიანი პაუზის მერე ოჯახის შექმნას არც კი ვფიქრობდი.

- ხათუნა, მართალია, რომ არა შენი აქტიურობა, მალხაზი დაოჯახებას არ ფიქრობდა და შენი დამსახურებაა, რომ დღეს ის ბედნიერია? მალხაზს, მექალთანის იმიჯი აქვს, სამი ოჯახი ჰქონდა და შენი მხრიდან, მის გვერდით ყოფნა ერთგვარი რისკი არ იყო?

ხათუნა ფეიქრიშვილი:

- ჩვენი სიყვარული მეგობრობით დაიწყო. სიყვარული უცებ დაგვატყდა თავს, მართლა რომ არ ველოდით, მაშინ. გეთანხმებით, მალხაზი რომ დღეს ბედნიერია, ვფიქრობ, ჩემი დამსახურებაა. რომ შევამჩნიე გრძნობა ჰქონდა და რაღაც აბრკოლებდა, არ მინდოდა ამ ადამიანის დაკარგვა და ვიაქტიურე. ზოგადად, ამ მხრივ, არ ვარ აქტიური ქალი. კაცისკენ პირველი ნაბიჯი მე არასოდეს გადამიდგამს. მალხაზი კი გამონაკლისი აღმოჩნდა. ძალიან მომწონდა, თუმცა შორიდან სულ სხვა იმიჯით ვიცნობდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ სიყვარულს ასე სერიოზულად უდგებოდა. მეც იმ ასაკში ვარ და ორჯერ არ გამიმართლა. აღარც მეგონა და მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ჰოდა, რომ დავინახე, გავიცანი და მისგან გრძნობა ვიგრძენი, ვთქვი, რატომაც არა. თუ არ გამიმართლა, ამასაც გადავიტან, თუ არა და მალხაზი, მესამე და სამართალი იქნება-მეთქი (იცინის).

მალხაზი:

- ადრე, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, მექალთანე ხართო? არ ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, დავიბენი და ვუთხარი: რას ნიშნავს ეს-მეთქი. მიპასუხა: ქალის სიყვარულსო. ჰოდა, მეც ვუთხარი: ღმერთო ჩემო, ღმერთმა კაცად იმიტომ გამაჩინა, რომ ქალი მიყვარდეს-მეთქი (იცინის). მექალთანეობაში თუ ღალატს გულისხმობენ, არასდროს ვყოფილვარ მოღალატე კაცი და არც ერთი ცოლისთვის არ მიღალატია. ქალის მოყვარული, დამცველი და პატივისმცემელი კი სულ ვიყავი და ვარ. მეზიზღება სიტყვა - მექალთანე და ღალატი. ხათუნა ძალიან თბილი ადამიანია და მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ხათუნა:

- საოცარი ადამიანია მალხაზი. დილით ყავას მახვედრებს, მანებივრებს. ცდილობს, ყოველი დღე გამილამაზოს. ისეთი სიურპრიზი მომიწყო დაბადების დღეზე, შოკში ჩამაგდო, ისე მშვიდად იქცეოდა, ცხვირი ჩამოვუშვი, "დავირგუზე". ვიფიქრე, არ ახსოვს ჩემი დაბადების დღე-მეთქი და ასე მოხერხებულად შეკრიბა ჩემი მეგობრები, შვილი, სიძე, შვილიშვილი, ისე მოტყუებით მიმიყვანა საოცრად გალამაზებულ გარემოში და ისე გამაოცა, რომ ვიხსენებ, დღემდე გული ცუდად მიხდება, შოკი მემართება (იცინის). ამაში მისი ქალიშვილი დაეხმარა - ლიკა, თავის სამსახიობო ნიჭიც გამოიყენა, დამიდგა სპექტაკლი და სიურპრიზი ნამდვილად გამოუვიდა.

მალხაზი:

- არც შენ გამიკეთე ნაკლები სიურპრიზი დაბადების დღეზე, შენც დამიდგი სპექტაკლი და დამშოკე (იცინის). ხათუნასაც ჩემი შვილი, ლიკუნა დაეხმარა. ორი გოგო "შეიკრა" და ისეთი დაბადების დღე მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ჩემს ოფისში შემიკრიბა მეგობრები, მოტყუებით მიმიყვანა მეც და ბუშტები, ანთებული სანთლები, ტორტი რომ დამხვდა, კინაღამ გადავირიე. მოკლედ, მეგონა, ოფისში პრობლემა იყო, გიჟივით გავვარდი… და ხათუნას წყალობით, ნათელში მოვხვდი (იცინის).

- როდის გეგმავთ ამ სიყვარულის დაკანონებას? თუ თვლით, რომ გრძნობასა და სიყვარულს ფურცელზე ხელმოწერა არ სჭირდება?

- ძალიან მინდა მახოსთან ჯვრისწერა, მინდა, კურთხეული ოჯახი მქონდეს, მაგრამ მესამე ჯვრისწერა არ გამოდის. სამოქალაქო ქორწინებას კი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მალხაზი:

- აუცილებლად მოვაწერთ ხელს, რომ მავანნი დამშვიდდნენ. ჯერ არ გვეჩქარება და ამაზე არც მიფიქრია.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსით ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ვირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "დონას კლასტერთან“ 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული