ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომერი #4(100), რომელშიც წაიკითხავთ:

  • თამარ მეფის ორდენი და საქართველოს დამოუკიდებლობა

სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ორდენი თამარ მეფის სახელს ატარებს. ქართული სახელმწიფო ჯილდოების დაწესების პირველი პროექტი ჯერ კიდევ 1799 წელს შეადგინა იოანე ბატონიშვილმა, რასაც ალექსანდრე ორბელიანის მიერ 1832 წელს შექმნილი პროექტი მოჰყვა. თუმცა, პირველი ქართული ორდენი მხოლოდ I მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, რაც მჭიდროდ უკავშირდება ამ ომში გერმანიის მხარეს მებრძოლ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტსა და ქართულ ლეგიონს.

1914 წელს პეტრე სურგულაძის მესვეურობით ჟენევაში ჩამოყალიბდა “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი” (შემდგომში - დამკომი), რომელშიც გაერთიანდნენ ლეო და გიორგი კერესელიძეები, გიორგი მაჩაბელი, მიხეილ წერეთელი, ნესტორ მაღალაშვილი, შალვა ვარდიძე, მელიტონ ქარცივაძე და სხვები. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დამკომი ბერლინში გადავიდა. მისი დელეგაცია მიიღო კაიზერმა ვილჰელმ II-მ. არსებობს ცნობა, რომ ქართული ლეგიონის მებრძოლთა წასახალისებლად, ლეგიონში მომსახურე ოფიცერმა, ლეიტენანტმა ჰორსტ შლიფაკმა შეადგინა «თამარ დედოფლის ნიშნის» პროექტი. მან ლეგიონის მეთაურ კურტ ფონ გალენის მეშვეობით შესთავაზა დამკომის წევრებს, ეს ნიშანი ქართულ ორდენად ექციათ. სავარაუდოდ, შლიფაკის კონსულტანტები და თამარის ორდენის დაწესების იდეის ავტორები ქართველები იყვნენ.

ცნობილია თამარის I, II და III ხარისხის ორდენები. სამივეზე, რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტრში, მოთავსებულია მედალიონი, რომლის ცისფერი ან ლურჯი მინანქრის ფონზეც გამოსახულია თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის რელიეფური პორტრეტი, გადმოღებული ბეთანიის მონასტრის ფრესკიდან. მედალიონის ირგვლივ ოქროთი მოვარაყებული ზედწერილია: «ქართული ლეგიონი 1915».

  • უცნობი ინგლისური მასალები სამეგრელოს უფლისწულის შესახებ

რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის, ნიკო დადიანის სახელი მთელ ევროპაში გახმიანდა. მიზეზი ის იყო, რომ რუსეთის საიმპერიო კარმა ბულგარეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტად სწორედ სამეგრელოს უგვირგვინო უფლისწული წარადგინა. უგვირგვინო იმიტომაც, რომ ნიკომ 20 წლის ასაკში საკუთარი ნებით უარი თქვა სამეგრელოს სამთავრო ტახტზე. უარის სანაცვლოდ მას რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ «უბრწყინვალესი თავადი მინგრელსკის» ტიტული უბოძა და დიდი პენსიაც დაუნიშნა.

ნიკო დადიანის მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა. ევროპელი ჟურნალისტები მის შესახებ ნებისმიერი წვრილმანის გამოკვლევას ცდილობდნენ. დღეისთვის ეს მასალა ფასდაუდებელი წყაროა, რადგან ბევრ ისეთ დეტალს ან კულუარულ ინფორმაციას შეიცავს, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდით, ან ყურადღებას არ ვამახვილებდით. ამ მხრივ გამორჩეული პუბლიკაციაა 1886 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში, გაზეთ თჰე თიმეს-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით «სამეგრელოს მთავარი ნიკოლოზი (ნიკო)».

პუბლიკაცია გამორჩეულია რამდენიმე გარემოების გამო: პირველი, ის შეიცავს სამეგრელოს სამთავრო კარსა და რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებას შორის არსებული კულუარული დაპირისპირების იმ დეტალებს, რომელთა შესახებ აქამდე ასე გახსნილად არაფერი ვიცოდით და მეორე, და უმთავრესი, პუბლიკაციაში ბრწყინვალედაა გაანალიზებული რუსეთის ის დამღუპველი იმპერიული პოლიტიკა, რომელსაც ცარისტული ხელისუფლება თავისი «მოკავშირეების» მისამართით წარმართავდა.

  • იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამქრალი სოფლების კვალდაკვალ

ერთობ მწირია ცნობები წმინდა მიწაზე ქართველთა კუთვნილი სოფლების შესახებ. ბიზანტიური პერიოდის სამონასტრო კერების უმრავლესობა სამუდამოდ განადგურდა, იგივე ბედი ეწია ქართველთა ნაშენებ ეკლესია-მონასტრებსაც. დღეს ზოგიერთი მათგანი უკვე გამოვლენილია, ზოგი კვლავ მიწის სიღრმეშია ჩამარხული ნანგრევების სახით.

წმინდა მიწაზე ქართული ეკლესია-მონასტრებისა და იქ მყოფი ბერ-მონაზვნების შენახვა დიდ ხარჯებს ითხოვდა. ქართველ მეფე-დიდებულთა მატერიალური შემოწირულობები და საქართველოს არსებული სამონასტრო ქონების განკარგვით მიღებული შემოსავლები ყოველთვის არ ჰყოფნიდა წმინდა მიწის ქართული კოლონიის სასიცოცხლოდ აუცილებელ მოთხოვნილებებს. აქაური ეკლესია-მონასტრები ქმნიდნენ საკუთარ მეურნეობებსაც. მიწის ნაკვეთები და სოფლები ქართველებმა, თუ გვიანდელი ხანის გადმოცემებს ვენდობით, წმინდა მიწაზე უკვე IV-V საუკუნეებში გაიჩინეს...

  • ბრძოლა არტაქსატასთან (ახ.წ. 36 წ.) - იბერიის ომი სომხეთის ტახტისთვის

იბერიის (ქართლის) სამეფო I საუკუნეში კავკასიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რომის იმპერიასა და პართიის სამეფოს ურთიერთობებში. იბერიის მეფეები ზოგჯერ თავის სასარგებლოდ იყენებდნენ ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირებას - პოზიციების განსამტკიცებლად და გავლენის მოსაპოვებლად. ამის საუკეთესო დასტურია იბერიის ომი სომხეთის ტახტისთვის. ეს ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო რომისა და პართიისთვის. იგი იკავებდა ფართო ტერიტორიას და ორ მძლავრ ქვეყანას შორის ერთგვარ ბუფერს ქმნიდა. ორივე მხარე ცდილობდა, აქ თავისი მომხრე მმართველი დაესვა, რომელიც ამ მხარეში მათ ინტერესებს დაიცავდა.

როცა პართიის მეფე არტაბან III-მ სომხეთის ტახტზე თავისი ვაჟის, ოროდის დასმა გადაწყვიტა, რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ის რომისთვის მიუღებელ პრეტენდენტად მიიჩნია და იბერიის მეფე ფარსმან I და მისი ძმა მითრიდატე სომხეთში შეჭრისა და ტახტზე მითრიდატეს დასმისკენ წააქეზა.

იბერიელები შეიჭრნენ სომხეთში, რომელიც ამ დროისთვის დიდ ტერიტორიებს მოიცავდა და ქვემო ქართლიც ეჭირა. განდევნეს პართიელები და დაიპყრეს სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა (არტაშატი). ამას პართია არ შეეგუა და, ოროდის სარდლობით, სომხეთში ლაშქარი გამოგზავნა, რათა მითრიდატე ჩამოეგდოთ და იბერიელები არტაქსატადან განედევნათ.

ფარსმან I-ის სამხედრო კამპანია სომხეთში 35-36 წლებში წარმატებით დასრულდა, თუმცა, პართიელები ამ მარცხის მერე არ შეჩერებულა. სომხეთისთვის ბრძოლა პართიასა და რომს შორის შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და I საუკუნის განმავლობაში, იბერია მასში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. გიგანტური სამხედრო ნაგებობა პორტუგალიაში
  • ახალი ამბები. იაგუარის ღვთაების მღვიმე
  • ახალი ამბები. გეოგრაფიული ფაქტორი - საზოგადოების არსებობა-განვითარების აუცილებელი პირობა
  • საგანძური. დავით აღმაშენებლის მონეტები / ჩვენამდე მოღწეულ კოლექციას ახალი ეგზემპლარი დაემატა - აქამდე უცნობი მონეტა ნიჩბისის განძში აღმოჩნდა
  • რელიგიის ისტორიიდან. ქრისტე და პირველი ქრისტიანები ბერძნულ-რომაულ წყაროებში - ანტიკური ავტორები იესოს ისტორიულ პიროვნებად იხსენიებენ
  • კვალი ნათელი. უორდროპები და საქართველო
  • სახალისო მითოლოგია. ორი მაგალითი უახლესი ხანის ქართული საისტორიო მითოლოგიიდან
  • პერსონა. ოთარ ჯაფარიძე - შტრიხები პორტრეტისთვის
  • საჯაშუშო ისტორიები. ვინ მოკლა იაროსლავ გალანი?! - დეტექტივი რეალურ ამბავზე დაყრდნობით (დასასრული)
  • ქართული ძეგლები. ზარათი
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს