ავტორი:

გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია

გაიცანით ბათუმელი ექიმი, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს 11-გზის ჩემპიონია

ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი უკვე მეთერთმეტედ გახდა. ბათუმელმა გოგონამ AMBEBI.GE-ის საკუთარი წარმატებების შესახებ უამბო და ისიც გაგვიმხილა, როგორ ახერხებს სამედიცინო სფეროსა და სპორტში ერთდროულად მოღვაწეობას.

დარინა ცეცხლაძე გვეუბნება, რომ მკლავჭიდით 2009 წელს, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. გვიყვება, რომ მისი სპორტული ცხოვრების შესახებ საავადმყოფოში მისმა კოლეგებმა მედიასაშუალებებით შეიტყვეს, რაც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

- როგორ და როდის დაინტერესდით მკლავჭიდით?

- 2009 წელს უნივერსიტეტში ღია ტურნირი ჩატარდა, სადაც პირველად ვიასპარეზე. ტურნირს ჩემი მწვრთნელი ესწრებოდა, რომელმაც შემომთავაზა, რომ ვარჯიშის გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატზე წამიყვანდა. თავდაპირველად მკვლავჭიდში შეჯიბრებებზე 4 ოქრო მოვიპოვე. 2009 წლიდან საქართველოს ჩემპიონი ვარ.

ამის პარალელურად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ექიმი-ტრავმატოლოგის პოზიციაზე ვმუშაობ. აღსანიშნავია, რომ ტრავმატოლოგის პოზიციაზე საქართველოში ქალები იშვიათად არიან. ორი წელია სამედიცინო სფეროში ვარ და მომწონს რასაც ვაკეთებ.

როცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, 2014 წელს უკრაინაში სწავლის გასაგრძელებლად წავედი. იქ სწავლის პარალელურად მკლავჭიდის შეჯიბრებებზე გამოვდიოდი და წარმატებებიც მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არაერთი შემოთავაზება მქონდა უკრაინის სახელით მეასპარეზა, მე არ დავთანხმდი. უკრაინაში საერთაშორისო ტურნირებზე ხუთი ოქროს მედალი მოვიპოვე, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით.

- როგორ ახერხებთ შეუთავსოთ ერთმანეთს ექიმობა და სპორტის ეს სახეობა?

- დილა ვარჯიშით იწყება. 09:00 საათზე სამსახურში მივდივარ და შესვენების დროსაც ვარჯიშს ვუთმობ. ბოლო ოთხი თვეა დატვირთული გრაფიკი მაქვს სამსახურში და იძულებული ვარ სახლში ვივარჯიშო... როცა სახლშიც და სპორტ-დარბაზშიც ვერ ვახერხებ მისვლას, სავარჯიშო ინვენტარს კლინიკაში ვატარებ და აქ ვვარჯიშობ, რადგან მინდა, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. არაერთი ოქროს მედალი, სწორედ ამ შრომის ფასად მაქვს მოპოვებული.

- რას ნიშნავს სპორტის ეს სახეობა შენთვის?

- სპორტში წარმატება რომ არ მქონოდა, ვერ ვიქნებოდი წარმატებული სამედიცინო სფეროში. ეს ჩემთვის ყველაფერია და ვაპირებ, რომ აქტიურად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ორივე სფეროში, მკლავჭიდი ჩემი მეორე პროფესიაა.

მე ვარ ექიმი და პირველ რიგში უნდა ვემსახურო პაციენტებს, ასევე ნებისმიერ დროს მზად ვარ, მივიღო მკლავჭიდის შეჯიბრში მონაწილეობა. უკვე 11 წელია დარბაზის მტვერს ვყლაპავ და არ ვაპირებ ვარჯიშის შეწყვეტას - ეს სტიმულს მაძლევს, რომ ორივეგან წარმატებული ვიყო.

- სპორტის ამ სახეობით რამდენად დიდია დაინტერესება საქართველოში ქალების მხრიდან?

- 2009 წელს ასპარეზობა რომ დავიწყე, მაშინ ქალები სპორტის ამ სახეობით თითქმის არ იყვნენ დაინტერესებული. გასულ წელთან შედარებით, წელს შეჯიბრზე ქალბატონების მაღალი ინტერესი გამოიკვეთა. იყვნენ საზღვარგარეთიდან ქალები, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ, თუმცა გამარჯვება მე მოვიპოვე...

თუ იქნება შესაძლებლობა და დაფინანსება, აუცილებლად წავალ ევროპის ჩემპიონატზეც, ისე საკუთარი ხარჯებით შეუძლებელია წავიდე და ვიასპარეზო.

- კოლეგა ექიმები და პაციენტები როგორ ხვდებიან თქვენს მეორე პროფესიას?

- თანამშრომლებმა მედიასაშუალებებით შეიტყვეს, რომ მე მკვლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი ვარ. მათ არც კი იცოდნენ, რომ სპორტით ვარ დაკავებული. რაც შეეხება პაციენტებს, ნაწილი მეუბნება რომ ჩემი წარმატების შესახებ სმენიათ და გაოცებულან ჩემი ექიმობით.

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ