ავტორი:

რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში უკანონო ნარკოტრანზიტსა და საბანკო თაღლითობებზე

რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში უკანონო ნარკოტრანზიტსა და საბანკო თაღლითობებზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის მეორე ნაწილში, რომელიც ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულებს ეხება, ნათქვამია, რომ „საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას“.

„არსებობს არალეგალური ნარკოტიკების ადგილობრივი ბაზარი და ასევე ხდება ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის გარეთ არის და მონიტორინგს არ ექვემდებარება. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებასთან კავშირების დადგენაზე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ უკანონო შემოსავალი ძირითადად თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშულებისგან და კიბერდანაშაულებისგან წარმოიშობა.

„საქართველოს საბანკო ინსტიტუტები ერთი იურისდიქციიდან მეორეში თანხების გადარიცხვისთვის გამოიყენება, ხშირად ეს ყალბი დოკუმენტების ან სავაჭრო ინფორმაციის გამოყენებით ხდება. საქართველოს ბანკები არარეზიდენტი მეანაბრეებისა და ბევრი ოფშორული კომპანიების გულის მოგებას ცდილობენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც ქვეყანას ოპიუმის, ჰეროინის და მისი წარმოებისთვის საჭირო მთავარი ქიმიკატის – ძმარმჟავას ანჰიდრიდის ტრანსპორტირებაში ჩართული ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინაშე დაუცველს ხდის“.

„2018 წლის აპრილში საქართველოს ფოთის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავას ანჰიდრიდი ამოიღეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიაა. ქიმიური ნივთიერებები ჩინეთიდან იყო და ავღანეთში ჰეროინის წარმოებისთვის იყო დანიშნული“, – ნათქვამია ანგარიშში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულად, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

„2018 წლის აპრილში ორ პოპულარულ ღამის კლუბში პოლიციის მიერ ჩატარებულმა რეიდებმა თბილისში არეულობა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადამეტება და ხელისუფლებას მოუწოდა ნაკლებად მკაცრი ნარკოპოლიტიკა გაატარონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობისა და ნარკომომხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ზომების შესამუშავებლად.

„აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დანაშაულისა და არალეგალური ნარკოტიკის მოხმარებისა და არალეგალური ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "ნიუსრუმი"

როგორია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წამოწყებას, თუ წინასწარ იცი, რომ ის უშედეგო იქნება?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"