ავტორი:

"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში

"ჩემი ნამუშევრები ჰქონდათ ჯორჯს ბუშს, ჰეიდარ ალიევს და სხვებს" - იხდიან თუ არა მილიონებს ქართველი ჩინოვნიკები რუსუდან ფეტვიაშვლის ნახატებში

რუსუდან ფეტვიაშვილმა ხატვა 2 წლის ასაკში დაიწყო, პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა. პარიზის მერმა კონფერენციაც კი მოაწყო ქართველი გოგონას თემაზე, სადაც ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად განიხილავდნენ, ეკუთვნოდა თუ არა ის ნახატები მართლა ბავშვს. რუსუდან ფეტვიაშვილს "ამოუცნობი ფენომენი" უწოდეს და წერდნენ, რომ მისი მისტიური ტილოები ყოველგვარ კანონებს არღვევს და იმისთვის, რომ ნახატები აღიქვა უბრალო ადამიანზე სულ ცოტათი მეტი უნდა იყო. ამის შემდეგ მხატვარს კიდევ არაერთი მსოფლიო აღიარება ხვდა წილად, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბოლო დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ საყოველთაოდ აღიარებული მხატვრის შემოქმედებით ქართველი პოლიტიკოსები არიან გატაცებული და რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებში მილიონებს იხდიან.

- თქვენს შემოქმედებას მსოფლიო მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ჩინოვნიკებიც არ ჩამორჩნენ მათ და თქვენს ნახატებში მილიონებს იხდიან...

- მილიონებთან დაკავშირებით ინფორმაცია ღიმილისმომგვრელია და რასაკვირველია, სიმართლეს არ შეესაბამება! რაც შეეხება იმას, რომელი ქართველი პოლიტიკოსი იძენს ნახატებს, გეტყვით, რომ გალერეა აღარ მაქვს, სახელოსნოში ვმუშაობ და გალერეებიდან თუ რამეს იძენენ, ეს უკვე მათ უნდა კითხოთ. ჩემი გალერეა რომ მქონდეს, მეცოდინებოდა ვინ რა შეიძინა...საერთოდ კი ბევრ ცნობილ ადამიანს რომ აქვს ჩემი ნამუშევრები, ეს ვიცი, კონკრეტულად ვის, ამას ვერ გეტყვით.

- ნახატების უნიკალური კოლექცია აქვს ბიძინა ივანიშვილს... მას თუ აქვს თქვენი ნახატი შეძენილი?

- სიმართლე გითხრათ, არც ეგ ვიცი... ჩემგან არასოდეს უყიდია, არც არავინ გამოუგზავნია!

- თქვენს გამოფენებზეც თუ ყოფილა?

- არც ჩემი ნახატების გამოფენაზე ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია გამოფენა არ მქონია და ასე ალბათ, იმიტომ მოხდა. რომ გამეხსნა გამოფენა და საგანგებოდ მოსაწვევი გამეგზავნა, შეიძლება მოსულიყო კიდეც... ძალიან ადრინდელ გამოფენებზე არ ყოფილა.

- რატომ არ გქონდათ გამოფენა ამდენი წლების განმავლობაში?

- ამჯერად სხვა საქმეზე ვარ გადართული და ვეღარ მოვიცალე... ვხატავ, სიახლეები არის, მაგრამ გამოფენებს სხვა განწყობა და ენერგია სჭირდება. ცოტა ხნის წინ ჩემი ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში და გერმანიაში გაიმართა, მაგრამ უჩემოდ... ვერ ჩავდივარ, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს.

- როგორც ვიცი, მსოფლიოში ცნობილ პიროვნებებს ჰქონდათ თქვენი ნამუშევრები...

- დიახ... მარგარეტ ტეტჩერს, ჯორჯ ბუშს, ტონინო გუერას, ჰეიდარ ალიევს და სხვა ბევრს...

- ხელოვნების მოყვარულებს ენატრებათ თქვენი ახალი ნამუშევრების ნახვა... ახლო მომავალში არ აპირებთ გამოფენის გამართვას საქართველოში?

- ბათუმში გალერეა დავხურე და ვაპირებ თბილისში გავხსნა... მერე ალბათ გამოფენაზეც ვიფიქრებ, რასაც ძალების მობილიზაცია და ორგანიზება ჭირდება!