ავტორი:

"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე

"ჩემს ოჯახს სხვებზე მეტად უჭირდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია" - ცნობილი იურისტის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და პირადზე

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია პროფესიულ საქმიანობაში. ბავშვობიდან იბრძვის თავის დამკვიდრებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. როგორც თავად ამბობს, გაიზარდა ოჯახში, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის დეფიციტი. იცხოვრა კასპში, თბილისში, ვარშავაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ყველაზე ტკბილად სოფელში, ბებიასთან გატარებული პერიოდი ახსენდება.

როგორც თავად ამბობს, პოლონეთსა და ამერიკაში მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში უწევდა ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილისში დამკვიდრება არჩია. ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი დათო გამისონია და ორი შვილი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრისტინა. არ უყვარს სიურპრიზები, რასთან შეგუებაც მის მეუღლეს ძალიან უჭირს. ყველაზე დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი მისთვის ის წუთებია, როდესაც შვილები პირველად დაინახა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პირად საკითხებთან დაკავშირებით პირველად ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ქალბატონო ნაზი, როგორც მითხარით, თქვენს ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა. როგორ მოახერხეთ გესწავლათ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში და ასეთი წარმატებული გამხდარიყავით?

- თბილისში დავიბადე და გარკვეული პერიოდი აქ ვიცხოვრე, მაგრამ შემდეგ ბებიას ავადმყოფობის გამო მთელი ოჯახი სოფელ დოესში (კასპის რაიონში) გადავედით. სკოლაშიც იქ შევედი. ეს ულამაზესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცრად თბილ და კეთილგანწყობილ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა. თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდით და აქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე კიდევ უფრო მეტად უჭირდა. დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ავტომანქანების ხელოსანია. დღეს ის ოთხი შვილის მამაა. იძულებული ვიყავი, არცთუ ე.წ. პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიმეღო იურიდიული განათლება. თუმცა ამას ნამდვილად არ დავჯერდი, უდიდესი ძალისხმევა მოვიკრიბე და ძალები არ დავზოგე, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. ჩემი ოჯახის ყოფითმა პრობლემებმა მეტი მოტივაცია მომცა, რომ მებრძოლა. თავდაპირველად დავიწყე სტაჟირება იურიდიულ ფირმაში, ხოლო შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლში".

სხვათა შორის, პირველ ცდაზე ვერ მოვხვდი, მეორე წელს წარმატებით გავიარე კონკურსი და მიმიღეს. მართალია, ხელფასი არ მქონდა, მაგრამ იდეალური სამსახური იყო დამწყები იურისტისთვის. შემდეგ ადმინისტრატორის ვაკანსია გამოჩნდა, ისევ გავიარე კონკურსი და ისევ ხელფასის გარეშე გავაგრძელე მუშაობა. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე. ნახევარ განაკვეთზე ადმინისტრატორად, პარალელურად სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობდი. წლების შემდეგ ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად ამირჩიეს, შემდეგ გავხდი ასოციაცია "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ვმუშაობდი ციხის საერთაშორისო რეფორმაზე. ეს უკანასკნელი კი იყო შესაძლებლობა, რომ პატიმართა უფლებების მიმართულებით გამოცდილება მიმეღო და თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგი ჩაგვეტარებინა.

მუშაობის პარალელურად არ მეზარებოდა, დაუსრულებლად ვავსებდი უცხოური სასწავლებლების აპლიკაციებს. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მეორე წელს დაფინანსება მოვიპოვე და ვარშავის უნივერსიტეტში მოვხვდი. ზუსტად აგვისტოს ომის შემდეგ მომიწია ვარშავაში წასვლამ. მაშინ რუსული ოკუპაციის თემა ძალზე აქტუალური იყო. საშუალება მომეცა, რამდენიმე პრეზენტაცია მომეწყო რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე. ვარშავის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებისთანავე გავიგე, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი და გადავწყვიტე, არც ამჯერად გამეშვა შანსი ხელიდან... ამ პერიოდში ანუ ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. სწორედ მისი გასვენების დღეს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 აპლიკანტი აირჩიეს და მათ შორის მეც. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამერიკა კიდევ სხვა, რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა.

- ამის შემდეგ ისევ დაბრუნდით საქართველოში და შექმენით ოჯახი. რას გვეტყვით თქვენი მეუღლის შესახებ?

- დათო არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვუგებ. საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი ჩვენი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ეს ჩვენი, ორის საიდუმლოა. შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საქმიანობისას არ შევხვედრივართ ერთმანეთს. როდესაც დათო გავიცანი, საჯარო პირი არ ვიყავი, ის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ახლა ცნობილი გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია. ეს არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც ბევრ რამეს მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, დაქორწინებულები ვართ, თითქმის ყოველ საღამოს (თუ უცხოეთში არ ვარ) ერთად ვატარებთ, ოჯახში, ბავშვებთან იქნება ეს თუ სხვაგან.

- ასეთი ჯიუტი და პრინციპული ქალბატონის გულის მოგება არ გაუჭირდა?

- გაცნობის დღიდან მივხვდით, რომ დანარჩენი ცხოვრება ერთად უნდა გაგვეტარებინა. ჩვენ მხოლოდ ღირებულებები და შეხედულებები კი არ გვაქვს ერთნაირი, ერთმანეთის წარსულს, ოჯახს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, თანავუგრძნობთ. დათოს ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს, ის აფხაზეთიდან დევნილია. მისმა ბაბუა-ბებიებმა ოჯახები არ დატოვეს და გალში დარჩნენ. ერთ-ერთი ბაბუა ზუსტად ერთი წლის წინ, მარტში გარდაიცვალა. ჩემი მეუღლე და მაზლი ძალიან დიდი რისკის ფასად გადავიდნენ გალში და მხოლოდ ერთი დღე მოახერხეს იქ დარჩენა.

დათოს ბაბუა ხუთი წლის უნახავი ჰყავდა და ძალიან განიცადა ეს ამბავი. სხვათა შორის, მე მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მეტი ვერ მოვასწარით, მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლებოდით. დღეს ერთი ბებია დაგვრჩა გალში. ჩემი დედამთილი ხანდახან ახერხებს მასთან წასვლას, მაგრამ სულ სტრესულ მდგომარეობაშია, არ იცის, მოახერხებს თუ არა იქიდან უვნებლად დაბრუნებას. წელიწადში ერთხელ ბებია აქეთ გადმოგვყავს. სამეგრელოში, აბაშის რაიონში, სოფელ მარანში ერთი მიტოვებული სახლი შევიძინეთ, გავარემონტეთ და ზაფხულს იქ ერთად ვატარებთ. როდესაც ბებიას დასახვედრად ენგურის ხიდთან მივდივართ, ჩემი ხუთი წლის შვილი ყოველთვის მიგვყავს. მან უკვე იცის, რა ხდება იქ, რატომ ვერ მივდივართ ჩვენს მამაპაპისეულ სახლში...წაიკითხეთ სრულად

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

2020 წლის ბოლოს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩახვალთ