მე და ჩემმა ქმარმა სახლში რემონტის გაკეთება გადავწყვიტეთ. გაინტერესებთ, რითი დავიწყეთ? - ჩხუბით! მე აბაზანა-ტუალეტში ფირუზისფერი კაფელ-მეტლახი მინდა, ჩემს ქმარს შავ-თეთრი. რა ენაღვლება, თვითონ კი არ მოუწევს მათი წმენა. ხომ იცით, შავი და თეთრი კაფელი რა ძნელი მოსავლელია. ესეც რომ არ იყოს, სახლის დიზაინში ლამაზი და ნათელი ფერები მინდა შევიტანო. განწყობაზე გადასარევად მოქმედებს.
დიდი ძებნისა და კითხვა-კითხვის მერე, როგორც იქნა, ხელმარჯვე და პატიოსანი ხელოსანი გამოვძებნეთ, რომელიც დაგვპირდა, ყველაფერს მაქსიმუმ ერთ თვეში მოვრჩებიო. ჩემ მტერს აუხდეს ისე ყველაფერი, პროცესი იმდენ ხანს გაიწელა, რომ გუშინ, ჩემმა ექვსი წლის შვილმა მკითხა: - დედიკო, რემონტი რომ მორჩება, მე რამდენი წლის ვიქნებიო?..
მე კიდევ, აშკარად ნევროზი ავიკიდე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ქმარი მუშაობს და სახლში გვიან შემოდის, ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა. ხელოსანს ვუხდი ფულს, ის კი მეუბნება, რა უნდა გავაკეთო. თითქმის ყოველ მეორე დღეს ელიავაზე მიწევს წასვლა. ვინც იქ არ ყოფილხართ, დამიჯერეთ, ნამდვილი კოშმარია. ლაბირინთივით დაქსაქული გასასვლელ-გამოსასვლელები, ტალახი, სრული ქაოსი. ჯიპიეს ნავიგაციაც კი ვერ გიშველის, ისე დაიკარგები. ხელში გრძელი სია გიჭირავს, რომელზეც გაუგებარი და წარმოუდგენელი სახელწოდებებია ჩამოწერილი. მათ მოსაძებნად ცხენივით დარბიხარ და ბოლოს ისე იღლები, ცხოვრების ხალისი გეკარგება. შინ მისული კი აღმოაჩენ, რომ რაღაცის ყიდვა გამოგრჩა, ან რაღაც არასწორად იყიდე.
და რას აკეთებს ამ დროს ხელოსანი? - შენს დასამშვიდებლად იუმორს იშველიებს: „- ვახტანგ პავლოვიჩი გინესის რეკორდების წიგნში, ყველაზე ხანგრძლივი რემონტისთვის ვერ მოხვდა. მეთორმეტე წელს, მეზობლებმა მოკლეს!“ - და თავის მოყოლილ უკბილო ანეკდოტზე თავადვე ბჟირდება. აბა ახლა მე მკითხეთ, სასაცილოდ მაქვს საქმე? ერთი თვეა, ყოველდღე ხინკლებს და შემწვარ-მოხრაკულებს ვუმზადებ. მგონი საკუთარი ქმარი არ გამომიკვებავს ისე, როგორც არტიომა. ჩემი შვილი კი, თამაშის დროს, მანქანების ნაცვლად უკვე დრელის ხმებს გამოსცემს...
ერთი თვეა, ელიავას გარდა არსად ვყოფილვარ. არც მეგობრები მინახავს. სახლში ყველგან მტვერია, დრელის და ჩაქუჩის კაკუნის ხმას, რომელიც თავიდან ძალიან მოქმედებდა ნერვებზე, ისე შევეჩვიე, სიჩუმე რომ დგება, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. მთელს სახლში არტიომას სამუშაო იარაღებია მიმობნეული. იმ დღეს, კატლეტებს ვწვავდი და კინაღამ შპატელით გადმოვაბრუნე.
სისულელეა, სტატიებში რომ წერენ, რისი მოსმენა გაუხარდება ყველაზე მეტად ცოლს ქმრისგან და სასიყვარულო ფრაზებს ჩამოწერენ-ხოლმე. ახლა, ყველაზე მეტად ქმრისგან ამ ფრაზის მოსმენა გამიხარდებოდა: „ - ძვირფასო, სანამ შენ კრუიზიდან დაბრუნდები, მე რემონტს გავაკეთებ!“ - აი, ესაა ნამდვილი რომანტიკა და არა ბანალური სიტყვების რახარუხი: - „ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასი ხარ“, „უკიდეგანოდ მიყვარხარ“ და მსგავსი უწუ-პუწუები.
ყველაფერს აქვს დასასრული, როგორც იქნა, არტიომამაც თითქმის დაასრულა აბაზანა-ტუალეტის რემონტი და ახლა სამზარეულოს ჯერი დადგა. ყველაზე გრძელი, რაც ცხოვრებაში მინახავს, სამზარეულოს რემონტისთვის საჭირო „ფინტიკლუშკების“ სია აღმოჩნდა. მეც, ბედს შეგუებული ყველაზე არაქალურად და არამიმზიდველად, ელიავასთან შესაფერისად გამოვეწყვე და ახალი სიით ხელში დიდუბისკენ მიმავალ „მარშრუტკაში“ ავედი.
ბედის ირონია ხომ იცით? როცა ყველაზე ცუდად გამოიყურები, სწორედ მაშინ უნდა შეგხვდეს ყოფილიც, პირველი სიყვარულიც, საოცნებო მამაკაციც, ეშტონ კატჩერიც და ბრედ პიტიც. ჩემმა ყოფილმა კურსელმა, რომელზეც სტუდენტობის პერიოდში ჭკუა მეკეტებოდა, ჩემდა გასაკვირად, შარშანწინდელ ჰუდშიც მიცნო და მოკითხვის მერე დაინტერესდა, სად მივდიოდი.
- შენ რა გითხარი, „გორგიას“ არსებობის შესახებ არაფერი გსმენია? - მკითხა ჩემი ამბის მოსმენით შეწუხებულმა.
- არა, ეგ რა არის?
- ყველაზე დიდი სამშენებლო ჰიპერმარკეტია თბილისში. ერთ სივრცეშია ყველაფერი. სარემონტო მასალებიც და ათასი წვრილმანიც. ახლა მანდ მივდივარ, თუ გინდა წამოდი, ყველაფერს გაპოვნინებ!
რა თქმა უნდა, გავყევი. ელიტურ რესტორანში რომანტიკულ ვახშამი არ მომგვრიდა იმხელა სიამოვნებას, როგორც „გორგიას“ შენობაში შესვლამ მომგვარა. იქ არის ყველაფერი, რაც გჭირდება და რაც შეიძლება არც არასდროს დაგჭირდეს. სამშენებლო და სარემონტო მასალები, დეტალები, კარის სახელურები, აბაზანის დეკორი, ფარდები, ლამაზი საკიდები, ტექსტილი, ავეჯი, ჯამ-ჭურჭელ-ქვაბები და კიდევ უთვალავი რამ. თქვენ წარმოიდგინეთ, მოუთმენლობამ შემიპყრო. იმ ლამაზი ნივთების შემხედვარეს ძალიან მომინდა სამზარეულოს განახლება. ყველაზე დიდი კომფორტი კი სახლში მიტანის სერვისი იყო. ერთი ცალი ჭანჭიკიც კი არ ამიწევია, ყველაფერი კოხტად შემიფუთეს და სახლამდე მომიტანეს.
***
ახლა ივლისი იწურება. საღამოა. გარეთ ძალიან ცხელა, მაგრამ მე კონდიციონერი მაგრილებს. გარემონტებულ სახლში, დივანზე ფეხებაკეცილი ვზივარ, ნაყინს მივირთმევ და ოჯახური იდილიით ვტკბები. ჩემი ქმარი სამზარეულოშია, ბანანის ფრეშს მიმზადებს. რემონტი და ჩემი ნერვიულობა დასრულდა. ახლა ჩემი დროა! როცა მინდა, მაშინ წამოვაძახებ ქმარს, რომ ყველაფერი მე გავაკეთე და არც მისი კომპლიმენტების მოსმენით დავიღლები. ხოდა, თუ არ გინდათ, ელიავაზე გაუთავებელი სიარულით თქვენც დაიღალოთ, „გორგიაში“ წადით.