ავტორი:

ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინა

ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინა

ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის სემინარი „რატომ არის ქართული ღვინო მნიშვნელოვანი“ გამართა.

ჯეფორდმა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ ჯიშებზე ისაუბრა. ინგლისელმა მწერალმა ყურადღება ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ საქართველომ მსოფლიო ბაზარზე შემოიტანა ახალი კატეგორია, როგორიცაა ქვევრის ღვინო.

სემინარზე, რომელსაც იაპონელი ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინოები: „წინანდალი 2016“ (წინანდლის ძველი მამული), „ხიხვი, ქვევრი 2017“ (შალვინო), „მწვანე, ქვევრი, იბერიული 2016“ (შუმი), „კრახუნა, ქვევრი 2015“ (მეღვინეობა ხარება), „თავკვერი 2016“ (შატო მუხრანი), „ქვევრი, საფერავი 2017“ (თელედა/ორგო), „თამადა, დიდებული რეზერვი, წითელი საფერავი 2014“ (GWS).

ენდრიუ ჯეფორდი საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. საკუთარ შეფასებებში ის ქართულ ღვინოს „მაღალი ხარისხის ღვინოდ“ მოიხსენიებს. იგი თვლის, რომ ღვინო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. „ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს,” - აღნიშნავს ენდრიუ ჯეფორდი.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

15 მარტს, გამოფენის ოფიციალურ გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს და იაპონიის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო გაამყარებს მეგობრულ კავშირებს ქართველ და იაპონელ ერებს შორის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი ქართული დღეების მოწყობა ტოკიოში.

"ქართული დღისადმი" მიძღვნილი მიღება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაციასთან ერთად, მოიცავდა კულტურულ პროგრამას, "სუხიშვილებისა" და ანსამბლ "ბასიანის" შესრულებით.

პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი იაპონელი ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის დეგუსტაცია-სემინარი თემაზე „საქართველო-ღვინის სამშობლო“, „ქართული სუფრის“ რამდენიმე მასტერკლასი, რომელსაც იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი და მწერალი ზურაბ ქარუმიძე სხვადასხვა დროს წარუძღვებიან. ასევე, ქართული ღვინის კომპანიების ჩართულობით გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის უნიკალურობას გაუსვამს ხაზს.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი