ავტორი:

იწვევს თუ არა ბავშვებში სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება, ცეკვა, არასწორი ჯდომა, ფიზიკური დატვირთვა- ორთოპედის რჩევები

იწვევს თუ არა ბავშვებში სქოლიოზს მძიმე ჩანთის ტარება, ცეკვა, არასწორი ჯდომა, ფიზიკური დატვირთვა- ორთოპედის რჩევები

სქოლიოზი უამრავ ადამიანს, მათ შორის, მოზარდს აწუხებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში დაავადების დროული დიაგნოსტიკა არ ხდება, რადგან საწყის ეტაპზე მისი სიმპტომების შემჩნევა მარტივი ნამდვილად არაა. ხერხემლის ტკივილის ან თუნდაც უმნიშვნელო დეფორმაციის აღმოჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება იწვევს არა მხოლოდ სხეულის დამახინჯებას, არამედ სხვა უამრავ დაავადებასაც.

დაავადების გახშირებას ხელი შეუწყო თანამედროვე ცხოვრების სტილმაც. ადრე თუ ბავშვები ეზოში დიდხანს თამაშობდნენ, დღეს პირიქით, ბავშვი უმეტეს დროს სახლში, შედარებით პასიურად, ეკრანის წინ ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სქოლიოზი ძირითადად გოგოებს ემართებათ. სტატისტიკურად დაახლოებით 7 გოგოზე მოდის ერთი ბიჭი.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრის ხელმძღვანელის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ვერტებროლოგის ირაკლი ვარძუკაშივილის განმარტებით, სქოლიოზი არის ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება პირდაპირ პროექციაში, როდესაც გამრუდების კუთხე გადასცდება 10 გრადუსს. სქოლიოზი მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ხერხემალი უკვე გადაიხრება ვერტიკალური ღერძიდან.

როგორ ამოვიცნოთ სქოლიოზი?

აუცილებელია, რომ ბავშვის ხერხემალის სისტემატიური დათვალიერება მოხდეს. თუ აღმოაჩენთ, რომ თავი არაა ტორსის ცენტრში, განსხვავებულია მხრის დონეები, ახასიათებს ნეკნოვანი კუზი ან მენჯის ასიმეტრია, ტორსი წაქცეულია, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. ამ დროს დაყოვნებაც არ არის რეკომენდებული, რადგან დაავადების პროგრესირება არ მოხდეს. ძირითადად გვხვდება „S“ ან „C“ ფორმის გამრუდება.

ამ ნიშნების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ სპეციალისტს. გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორებიც სიარულის მანერა, გენეტიკური ფაქტორი, თმიანობა ტანზე, ლაქების არსებობა სხეულზე, ტორსის ფორმა, ტერფების დეფორმაცია. სქოლიოზის დადგენა ხდება ხერხემლის სვეტის რენტგენოლოგიური კვლევით პირდაპირ პროექციაში.

ზოგადად, ხერხემლის გამრუდება იწყება ტანდეგობის დარღვევით. ეს არის დაავადება, რომელიც ტორსის კუნთების სუსტად განვითარების შედეგია. თუ მისი ადეკვატური მკურნალობა არ მოხდა და დაავადება პროგრესირდა, მაშინ უკვე ყალიბდება სქოლიოზი. საჭირო, თავიდანვე განისაზღვროს, ეს სქოლიოზია თუ ტანდეგობის დარღვევა, რათა თავიდანვე სწორად წარიმართოს მკურნალობის კურსი.

რა ასაკის ბავშვებში გვხვდება ყველაზე ხშირად სქოლიოზი?

სქოლიოზის „განვითარებისთვის“ ყველაზე საშიში ასაკი გოგონებში არის 8-9-10 წელი და პირველი მენსტრუაციიდან ორი წელი. რაც შეეხება ბიჭებს, ეს არის 8-9-10 წლის ასაკი და გარდატეხის პერიოდი 12-13-14 წლის ასაკიდან.

რა იწვევს სქოლიოზს?

სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი, ასე ცალსახად, დადგენილი არ არის. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა გენეტიკური ფაქტორი, მიახლოებით 40 პროცენტში. ძირითადად სქოლიოზის 80% არის იდიოპათიური ეტიოლოგიის, რაც იმას ნიშნავს, რომ გამომწვევი მიზეზი უცნობია. ის, რომ მძიმე ჩანთის ტარება, ცეკვა ან ბრტყელი ტერფი იწვევს სქოლიოზს, მითია.

როგორ მკურნალობენ სქოლიოზს?

სქოლიოზის უმეტესად ოპერაციული ჩარევის გარეშე მკურნალობენ. სქოლიოზის მხოლოდ 0.5-5 პროცენტი საჭიროებს ქირურგიული გზით ხერხემლის კორექციას. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ცურვას, სწორ კვებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ორგანიზებას. ეს ხანგრძლივი პროცესია და ის ცხოვრების წესად უნდა ჩამოყალიბდეს. ბავშვს აღარ უნდა სჭირდებოდეს იმის შეხსენება, რომ სწორად იჯდეს, იდგეს. საწოლი მაგარი და სწორზედაპირიანი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სამეცადინოდ სწორად შერჩეული მაგიდა და სკამი ედგას.

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გრადაციაზე.

· 10-25 გრადუსამდე საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში და სამკურნალო ფიზკულტურას დღეში 1 საათის განმავლობაში, ასევე ცურვას.

· 25-40 გრადუსამდე საჭიროებს სპეციალურ ხერხემლის კორსეტს, რომელიც ინდივიდუალურად იკერება პაციენტისთვის. კორსეტის ტარება აუცილებელია დღეში 18-20 საათის მანძილზე, ასევე საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა.

· 40-45 გრადუსზე და ზევით აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.

ოპერაციები საქართველოში დაახლოებით 20 წელია კეთდება. ოპერაციული მკურნალობიდან ყველაზე ხშირია – ხერხემლის სტაბილიზაცია, დეროტაცია, კომპრესია, დისტრაქცია მეტალოკონსტრუქციის (ტრანსპედიკული ჭანჭიკების) გამოყენებით, ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგის გამოყენებით. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი არის 6 თვიდან 1 წლამდე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრში სქოლიოზის მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ არის ერთადერთი კლინიკა, სადაც ბავშვთა ჯანმრთელობის სრული მომსახურების მიღება არის შესაძლებელი. სქოლიოზის სამკურნალოდ, აქ გამოიყენება მკურნალობის ორივე მეთოდი გამოიყენება - როგორც კონსერვატული, ასევე ოპერაციული.

რა სახის ტექნოლოგიას იყენებთ ქირურგიული ჩარევისთვის მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრში?

დღესდღეობით „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამოიყენება მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე პრინციპები, რაც გულისხმობს ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიას (ზურგის ტვინის დაზიანებისგან დაცულია 98%) და თანამედროვე იმპლანტების გამოყენებას. ზემოაღნიშნულის შედეგად შესაძლებელია ყველა ტიპის ხერხემლის გამრუდების კორექცია. გამოსავალი გაუმჯობესების მხრივ - 95%.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან სქოლიოზი?

რაც უფრო მაღალია ბავშვის ფიზიკური აქტიურობა, მით ნაკლებია სქოლიოზის განვითარების რისკი. პირველ რიგში აუცილებელია, რომ პრობლემის აღმოჩენისთანავე მიმართოთ სპეციალისტს. ექიმი სწორად განსაზღვრავს, საქმე გვაქვს სქოლიოზთან, თუ ტანდეგობის დარღვევასთან. მკურნალობის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის შემთხვევაში, გაუმჯობესების მაჩვენებელი მაღალია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი