ავტორი:

რატომ იწყებს „გირჩის“ წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე

რატომ იწყებს „გირჩის“ წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე

„ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ, თანამოაზრეებთან ერთად „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის - „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა. შეიქმნა ალტერნატიული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს „ბიბლიური თავისუფლებიდან“ მათ რიგებში გადასვლას სთავაზობს, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების მიზნით.

ანდრიაძის განმარტებით, იმისთვის რომ ოპონენტებს გადაეფარათ მისი კამპანიის დროს გამოთქმული დაპირებები, რომელიც საბანკო სისტემის რეორგანიზაციას და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხებოდა, აქცენტები გადაიტანეს „გირჩის“ საწინააღმდეგოდ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რაც მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ოპონენტების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური ფანდი იყო.

კონკრეტულად, რას გულისხმობს გიორგი ანდრიაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ შექმნილი ორგანიზაცია და როგორ აპირებს "გირჩის" წინააღმდეგ ბრძოლას - ამ საკითხზე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი AMBEBI.GE-ს დეტალურად ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში დაეხმარებოდა?

- ეს თემა ჩემმა ოპონენტებმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ააგორეს. ამ ეთერში ჩვენი ამომრჩევლებისათვის ძირითადი წინასაარჩევნო გზავნილები გავახმოვანეთ. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და პროექტი - „შეიძინე ქართული ნაწარმი“. ეს გულისხმობს ქართული საზოგადოების ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას და მთლიანად, ქვეყნის გაძლიერებას. „შეიძინე ქართული ნაწარმი“ ნიშნავს ქართული ბიზნესის, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებასა და ლობირებას; ასევე იმ დიდი ქართული ბიზნესებისა და საქმიანობების ლობირებას, რომელსაც უცხოელი კონკურენტები ავიწროებენ.

შეხვედრები მქონდა იმ პირებთან, ვისაც „გირჩის“ წინააღმდეგ შექმნილი კატაკომური ეკლესიის შესახებ კითხვები გაუჩნდათ. რა თქმა უნდა, მთავარი შეხვედრა შედგა საპატრიარქოსთან. ყველა მათგანს ავუხსენით და მათ გადავეცით ყველანაირი ინფორმაცია. ჩემთვის უპირველესი, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს პოზიციაა. რა რეაგირებაც ექნებათ მათ, მეც სწორედ ისევე მოვიქცევი.

ჩვენი მიზანია, გავაუქმოთ "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ წარმონაქმნს წარმოადგენს და ხელისუფლებამ რეგისტრაციაში კანონდარღვევით გაატარა. საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ შეგვიძლია, რეგისტრაციაში გავატაროთ რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ბუნებაში სადღაც არსებობს. მაგალითად, ლუთერანული ეკლესია, იეჰოვას მოწმეები და სხვა მიმართულებების მქონეები, მაგრამ ამ სახელწოდების ორგანიზაცია არის სინკრეტული ანუ ისეთი რამ, რაც არსად არ არსებობს.

როდესაც სახელმწიფომ ასეთი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარა, მან კანონდარღვევა ჩაიდინა. ამით "ბიბლიურ თავისუფლებას“ საშუალება მიეცა, ქართული ჯარი განეადგურებინა და მეორე - ქართველ ახალგაზრდებში დაენერგა ნიჰილიზმი, პაციფიზმი და ჩაეკლა საბრძოლო უნარი.

მე მაქვს უფლებამოსილება, პრეტენზიით გამოვიდე, რადგან 3 წლის განმავლობაში შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ჰქონდათ უფლება, ეს ორგანიზაცია გაეუქმებინათ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ვინაიდან გასული 3 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია არ გაუქმდა, მასში დაუზუსტებელი მონაცემებით, უკვე ჩათრეულია 7 000-დან 25 000-მდე ახალგაზრდა. რადგან „გირჩი“ თამაშობს, რაღაც „ფარატინა“ ქაღალდებს არიგებს და ვიღაც-ვიღაცებს ჯარიდან ათავისუფლებს, მეც შევთავაზე ალტერნატიული პოლიტიკური თამაში. ჩვენც „დავტოვოთ“ ჯარიდან, ოღონდ ისინი არ წავლენ იმ ორგანიზაციაში, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიმართლმადიდებლურია.

ეს ტრაგიკული პროცესი 3 წელია გრძელდება და ქართულ ჯარში არ მიდიან ახალგაზრდები, სამაგიეროდ იზრდება „გირჩის“ წევრების რიცხვი. ასეთი, ახალგაზრდების მხრივ მრავალრიცხოვანი სექტა, დღეს საქართველოში არ არსებობს.

ჩვენ ადვოკატებთან გავიარეთ კონსულტაციები და „ბიბლიური თავისუფლების“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს! მე ამოვწურე ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს უკანონო წარმონაქმნი გაეუქმებინა და შემდეგ მივმართე იმ პოლიტიკურ ფანდსა და ხერხს, რომელსაც დღეს საზოგადოება ხედავს. ასე რომ, ჩვენი მიზანია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმება.

- მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თქვენი ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად რა მეთოდებს მიმართავთ?

- ხელისუფლების ნაწილი მე ვერანაირად ვერ გავხდები, ჩემთვის სრულიად მიუღებელია როგორც ახლანდელი, ისე წინა ხელისუფლება. მაჟორიტარი დეპუტატობა ჩვენთვის არის ეტაპი, რომ წელიწადნახევარში სხვა პოლიტიკური რეალობა გვქონდეს. თუ ქართველი ერი ამ გზას აირჩევს, გადარჩება. თუ ის ამ გზას არ აირჩევს, თუ გააგრძელებს „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და რაც ყველაზე სახიფათოა, მათ მიერ „გამოჩეკილი“ ე.წ მესამე ძალის გზით სიარულს, მიიღებს სხვადასხვა რელიგიური მიმართულებით დანაწევრებულ, დასნეულებულ ქართულ საზოგადოებას.

ჩემი აზრით, ეს ქართული საზოგადოების დაღუპვაა და თუ პოლიტიკურ რეალობას შევცვლით, ძალიან ძლიერი ჯარიც გვეყოლება, სადაც საქართველოს ყოველი მამაკაცი მოქალაქე (მათ შორის, სტუდენტი) ვალდებული იქნება იმსახუროს, როგორც ეს შვეიცარიის სისტემაში ხდება. ასევე, გვექნება განვითარებული, წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.

- მიიღეს თუ არა ახალგაზრდებმა თქვენი შეთავაზება და რამდენი ხანია მათ ეხმარებით, სურვილის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაიარონ?

- მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ჩვენი მიზანი არის არა ახალგაზრდების სამხედრო სამსახურიდან დახსნა, არამედ „გირჩის“ სექტანტური ორგანიზაციის საქმიანობის განეიტრალება. ამ თემას მივყვები ბოლომდე, იმიტომ რომ ის პასიურობა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ „გირჩის“ ქმედებებთან მიმართებაში გამოიჩინა, დამღუპველია. რაც შეეხება ჩვენ მიერ შექმნილ ორგანიზაციას, ის არ არის „გირჩის“ საპირწონედ შექმნილი. ის შეიქმნა ძალიან ადრე და წარმოადგენს თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მქონე ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლობას ინარჩუნებენ.

- „გირჩის“ წინააღმდეგ შემნილი ორგანიზაციის შესახებ გქონდათ თუ არა კომუნიკაცია საქართველოს საპატრიარქოსთან? სასულიერო პირები როგორ შეხვდნენ ინიციატივას?

- ველოდებით საპატრიარქოს განცხადებას, რადგან მათაც გაუჩნდათ კითხვები. თუ საპატრიარქო ჩემს მოქმედებას სხვაგვარად შეხვდება, რა თქმა უნდა, პოზიციას შევცვლი. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩემი მოქმედება განპირობებული იყო ქართველი ახალგაზრდების გადასარჩენად. მე, როგორც თეოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ შეიძლება, გვყავდეს პროტესტანტულ-ბაპტისტურ ეკლესიაში ჩაწერილი ახალგაზრდები და ჩვენ ამას გულგრილად ვუყუროთ.

მგონია, ძალიან ოპტიმალური გზა მოვიფიქრე, რადგან ახალგაზრდები „გირჩის“ მიერ შექმნილი ორგანიზაციიდან ჩვენთან გადმოდიან. მათი რაოდენობა უკვე რამდენიმე ასეულია. ამან ძალოვანი სტრუქტურები შეაშფოთა, მაშინ, როცა „გირჩის“ შექმნით არ შეშფოთებულან და თითი არ გაუნძრევიათ. მე მაქვს კონკრეტული მიზანი - „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის განეიტრალება, რომლისკენაც გეგმაზომიერად მივდივარ.

- თქვენთვის რამდენად მისაღებია ახლანდელი შეიარაღებული ძალები და მასში მსახურების ფორმა და თუ ამის საშუალება მოგეცათ, რა ფორმით შეცვლით მას?

- 2002 წლიდან სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი კომისიის წევრი ვარ, რომელიც ჯარში სასულიერო პირის - კაპელანის სტატუსს სწავლობს. ვარ შვეიცარიის სამხედრო სისტემის მომხრე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარი პროფესიონალურ დონეზეა გაწვრთნილი და ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა, ჯანმრთელია და პაციფისტი არ არის, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის.

გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამაკაცს პაციფისტური შეხედულებები აქვს და ბრძოლა არ შეუძლია, რასაც ფსიქოლოგებისგან შემდგარი ჯგუფი დაადგენს. ამ შემთხვევაში, მას სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება არ ექნება.

ჩემ მიერ შეთავაზებული მოდელის თანახმად, ყველა მამაკაცი ყოველ წელს ერთთვიან სავალდებულო წვრთნას გაივლის. წვრთნის ხარჯებს აღნიშნული მამაკაცების სამსახურები დააფინანსებს, უმუშევარის სტატუსის შემთხვევაში კი სახელმწიფო. შედეგად, მივიღებთ მილიონიან არმიას, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული.

შვეიცარული მოდელის დანერგვის შემთხვევაში, ჯარში ისეთი მონური შრომა აღარ იქნება, როგორიც ახლაა. ახლანდელი სისტემა ჩემთვის სრულიად მიუღებელია!

- „გირჩის“ მიერ დაარსებული „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებამაც სცადა. უფრო კონკრეტულად, საუბარია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, უნდა გაუქმდეს საკანონდებმლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს ინიციატივა პასუხობს თუ არა თქვენ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს?

- ეს პრობლემას არ მოაგვარებს. ჩვენ გვჭირდება „გირჩის“, როგორც უკანონო რელიგიური ორგანიზაციის გაუქმება. ამ პრობლემის მოგვარება ასევე შეიძლება თუ სამხედრო სამსახურის სისტემას შევცვლით.

მიხეილ სააკაშვილმა რელიგიურ ორგანიზაციებს სწორედ ის იურიდიული სტატუსი მიანიჭა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა, ეს მდგომარეობაც შესცვლელია. უნდა მიიღონ რელიგიის შესახებ კანონი, რომელშიც რელიგიური ორგანიზაციის შესახებ განმარტება გაკეთდება.

მე „გირჩის“ წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი და ყველას თანადგომის იმედი მაქვს, ვისაც გული შესტკივა.

მთავარი ფოტო: "რადიო თავისუფლება"

"გირჩი" არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლისთვის "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - ნინო ბურჯანაძე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია; ექსპერტიზის მძიმე დასკვნა