ავტორი:

საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება

საიდუმლო მასალები, რომლებიც აშშ-ს საარქივო ფონდებში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ინახება

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ტრაგიკული ღამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში, წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა დოკუმენტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) გაასაჯაროვა. აღნიშნული დოკუმენტები IDFI-ის ამერიკულმა პარტნიომა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ მიაწოდა.

დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების სხვადასხვა სამსახურების მიერ, მათ შორის: დაზვერვის დირექტორატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს და სხვათა მიერ, 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს.

1989 წლის აპრილი. ფოტო: მზია ჯაფარიძე

შინაარსობრივად ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო დოკუმენტებში არსებული მასალები შეეხება „პოლიტიკურ არეულობას საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით“, „აფხაზეთის პირველი მდივნის გადაყენებას და თბილისში დაწყებულ დემონსტრაციებს“ და სხვა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს.

1989 წლის 7 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, ანალიზის ავტორი წერს, რომ დემონსტრაციის ქართველ ლიდერებს შორის სოხუმში დაპირისპირება გასაპროტესტებელ საკითხზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. კერძოდ, „რადიკალური“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ მთელი ყურადღება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნაზე გადატანილიყო.

მაგალითად, 1989 წლის 8 აპრილს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საიდუმლო სამსახურების სახელზე იგზავნება დაშიფრული ცნობა, რომელშიც საქართველოში არსებული პოლიტიკური მღელვარება ეთნიკური კონფლიქტის დასაწყისადაა შეფასებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში შევიდა ჯარის დამატებითი ნაწილები, რათა აკონტროლოს დაახლოებით 100 000 ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დოკუმენტიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აცნობიერებდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის დაწყების საფრთხეს.

1989 წლის 10 აპრილის დოკუმენტი დასათაურებულია ასე - „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“. წყაროს მიხედვით, 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს 8,000 მომიტინგეზე. მოხსენების შემდგენლის აზრით, ეს დაპირისპირება გამოირჩევა იმით, რომ დემონსტრანტებსა და ჯარს შორის შეტაკების შედეგად ერთ დღეში დაშავებულთა რაოდენობა ყველაზე მაღალია საბჭოთა კავშირის მასშტაბით ბოლო ორი წლის მანძილზე.

ანალიტიკური მოხსენების ავტორი კომენტარის სახით აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამხედრო ძალის გამოყენებისა, ეს ტრაგედია დიდ გავლენას იქონიებს ქართველთა ნაციონალისტურ მისწრაფებებზე. ზეწოლა უფრო რადიკალურს გახდის ეროვნულ მოძრაობებს, რომლებიც სწრაფად იკრებენ მხარდამჭერებს გარშემო. სავარაუდოდ, საქართველოს ხელმძღვანელობა, განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის პოზიციას აფხაზეთის გამოყოფის წინააღმდეგ".

11 აპრილის ჩანაწერებში ავტორი ვარაუდობს, რომ ოფიციალურად გამოცხადებულის ნაცვლად, 9აპრილის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია: „დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ სულ დაითვალეს 22 გარდაცვლილი, ხოლო თბილისში გამოკრულ სიაში 30 ადამიანის ვინაობაწერია. სამი ძირითადი ნაციონალისტური დაჯგუფებიდან ორის ლიდერიდაპატიმრებულია, ბევრი საწარმო გაფიცულია. 9 აპრილის ტრაგედიამდე ნაციონალისტებმა განაცხადეს და დაადასტურეს, რომ საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა პარასკევამდე, რათა სიმბოლურად დამთხვეოდა 1978 წლის დემონსტრაციების თარიღს, რომელიც ენის საკითხთან დაკავშირებითგაიმართა საქართველოში“ - ვკითხულობთ აშშ-ს არქივში დაცულ მასალებში.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი მასალებში, რომელიც კარგად მეტყველებს იმ დაინტერესებაზე, რაც არსებობდა საქართველოს მიმართ შეერთებული შტატებში, არის, ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენება. დოკუმენტი, რომელიც ფინეთში შეერთებული შტატების საელჩომ გააგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტში, დასათაურებულია როგორც: "საუბარი ქართველ დისიდენტთან".

დოკუმენტში გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი. საუბრის ჩანაწერის მიხედვით, გამსახურდიამ ღიად გააკრიტიკა იმ დროინდელი საბჭოთა მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი გორბაჩოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე და ორივე მათგანი მოიხსენია, როგორც "საქართველოს მტრები". მან საუბარი დაიწყო იმით, რომ აღნიშნა:

ქართველებს საფრთხე ემუქრებათ ამ ბოროტების იმპერიისგან, რომელიც ცდილობს მისი გენოციდი მოაწყოს

გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ მთელი თბილისი მოწამლული იყო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც 9 აპრილის აქციის დასაშლელად გამოიყენეს. ის ირწმუნებოდა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხედროების მიერ ხალხის დიდი მასის სამხედრო ნიჩბებით დარბევის დროს. მისივე თქმით, აქამდე იმიტომ არ მოხდა დანარჩენი გმირულად დაღუპული დემონსტრანტების იდენტიფიცირება, რომ მათ ოჯახის წევრებს აშინებდნენ.

აპრილის გლოვის დღეები თბილისში. ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი AMBEBI.GE-ს აღნიშნული დოკუმენტების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

"ეს ისტორიული მნიშნელობის დოკუმენტებია იმ კუთხით, რომ ამით ჩვენ ვხედავთ, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ს, როგორ აღიქმებოდა ეროვნული მოძრაობა დასავლეთში და ამ არასწორმა აღქმამ განაპირობა შემდეგში სუსტი დასავლური მხარდაჭერა ეროვნული მოძრაობის მიმართ, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში. ამან კი თავის მხრივ გამოიწვია ის რომ, რუსეთმა გაცილებით მეტი შეძლო საქართველოში, ვიდრე ბალტიისპირეთში.

დოკუმენტები ბევრი ანალიზის საშუალებას იძლევა ისტორიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის და უბრალოდ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობაა, მოსკოვსა და ლენინგრადში არსებული აშშ-ს საელჩოს ანალიტიკური მოხსენებებია, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში.

ეს მასალა ძირითადად დაფუძნებულია სხვადასხვა ადამიანებთან საუბარზე, საბჭოთა მედიაზე და ა.შ. ირკვევა, რომ ამერიკას არ ჰქონდა რეალური წარმოდგენა საქართველო რა ვითარებაში იყო, რა იყო საერთოდ ეროვნული მოძრაობა, რას ითხოვდნენ და ა.შ. საბჭოთა კავშირი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არასასურველი ინფორმაცია არ გასულიყო დანარჩენ მსოფლიოში".

ფოტოები: IDFI; ეროვნული ფოტომატიანე - მფლობელები: მზია ჯაფარიძე, ელეფთერ ლაფაჩი

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება